ბაბო (ბარბალე) ბაგრატიონი-დავითაშვილი - პირველი ქართველი ფოტომოდელი - კვირის პალიტრა

ბაბო (ბარბალე) ბაგრატიონი-დავითაშვილი - პირველი ქართველი ფოტომოდელი

ეროვნულ არქივში დაცულ ამ უნიკალურ ფოტოზე XIX საუკუნის მიწურულის ერთ-ერთი პირველი ქართველი ფოტომოდელი ბაბო (ბარბალე) ბაგრატიონი-დავითაშვილია გამოსახული. სამეფო გვარის შთამომავალი რეკლამას უკეთებს იმ დროისთვის უნიკალურ ქართულ ბრენდს, სარაჯიშვილის კონიაკს. ბაბო ივანე მაჩაბლის მეუღლის, ულამაზესი ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილის უმცროსი და იყო.

სხვათა შორის, მეტად განათლებული, ქველმოქმედი, მშვენიერი ბაბო მეგობრობდა თავისი დროის ცნობილ მოღვაწეებთან, მათ შორის იყვნენ აკაკი წერეთელი (დიდ აკაკის სარძლოდაც კი უნდოდა ის), და-ძმა უორდროპები... არაერთ ვაჟკაცს მოსწონდა ბაბო, მაგრამ მას მხოლოდ ერთადერთი - მომხიბლავი დათა მიქელაძე უყვარდა. დათამ სხვა ირჩია. ბაბო ცალად დარჩა, ამ სიყვარულმა მალე სამარეშიც ჩაიყვანა...

ბაბო (ბარბალე) ბაგრატიონი-დავითაშვილი

სარაჯიშვილის დაკვეთით სარეკლამო კოლაჟი  პირველ ქართველ ფოტოგრაფს, სახელგანთქმულ ალექსანდრე როინაშვილს შეუსრულებია. გადმოცემის თანახმად, ბაბოზე შემთხვევით არ შეჩერებულა არჩევანი. იმდენად ლამაზი იყო, რომ მისი გარეგნობა და მზერა საოცარ ნდობას იწვევდაო. პორტრეტისთვის საგანგებოდ შეურჩევიათ ქართული კაბა და ჩიხტიკოპი. ეროვნულ სამოსში გამოწყობილ მშვენიერ ბაბოს ლანგარზე კონიაკით, სანდომიანი სახით უნდა მიეზიდა მომხმარებელი და პროდუქციის უმაღლეს ხარისხში დაერწმუნებინა. XIX საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც როინაშვილი ქართულ რეკლამაზე მუშაობდა, ევროპასა და ამერიკაში "კოკა-კოლას" სარეკლამო კამპანიის ხანა იდგა. ქართველებისთვის კარგად იყო ცნობილი დასავლური რეკლამის მოთხოვნები, რომელსაც უთუოდ ითვალისწინებდნენ, თუმცა, ბრენდის წარდგენისას მთავარი მნიშვნელობა მაინც ეროვნულ ფაქტორს ენიჭებოდა. ქართული რეკლამის უმთავრესი სახე იყო მშვენიერი ქალი, როგორც სანდოობის სიმბოლო.

სხედან: მარცხნივ ივანე მაჩაბლის მეუღლე, ულამაზესი ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილი, მარჯვნივ კი მისი უმცროსი და ბაბო.

კონიაკის სამშობლო, საფრანგეთი, აქტიურად ცდილობდა, ბრენდის სახელწოდებაზე შეზღუდვა დაეწესებინა არა მხოლოდ საზღვარგარეთის ქვეყნებში, საფრანგეთის რეგიონებშიც კი. დავით სარაჯიშვილი, რომელიც 1978 წელს საგანგებოდ გაემგზავრა საფრანგეთში ღვინის და სპირტიანი სასმელების წარმოების შესასწავლად, კარგად აცნობიერებდა ამ სირთულეებს, ამიტომაც დიპლომატიური მანევრი შეასრულა, 1885 წელს თბილისში ააგო კავკასიაში უმსხვილესი საწყობი და ფრანგული ინტერესების დაცვით, საგანგებოდ დასამწიფებლად ჩამოიტანა ფრანგული საკონიაკე სპირტი.

1900 წლისათვის სარაჯიშვილის ფირმამ 218 200 ბოთლი კონიაკი ჩამოასხა (1904 წლისათვის - უკვე მილიონი!). ბრენდი უმაღლესი ხარისხის იყო და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა რუსეთის იმპერიაში. ასევე ძალიან პოპულარული იყო პარიზში, ლონდონში, ბერლინში, ვენაში, ჟენევაში, თავრიზში, კონსტანტინოპოლში...

დავით სარაჯიშვილის საწარმომ მის სიცოცხლეშივე მიიღო 13 უმაღლესი ჯილდო საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე. ეს იყო მსოფლიო მასშტაბით ქართული პროდუქციის უდიდესი დაფასება. ამ წარმატებაში ქართველი მეწარმის გამჭრიახი სამეწარმეო პოლიტიკის გარდა, დიდი როლი ითამაშა მისმა დახვეწილმა გემოვნებამაც. სარაჯიშვილმა ემბლემა - ჯიხვი კავკასიის ფრიალო კლდეებზე - საერთაშორისო სასაქონლო ნიშნად აქცია. მას გონივრულად ჰქონდა გააზრებული ოქროს საწმისის ქვეყნის ეროვნული და ევროპისათვის ეგზოტიკური თემატიკა.

დავით სარაჯიშვილი - ჩამომავლობით ვაჭარი

მრეწველი დავით სარაჯიშვილი გამორჩეულია ცნობილ ქართველთა შორის. მის გვარს ასე იცნობდნენ: ჩამომავლობით ვაჭარი (ვაჭრად რუსეთის ყოფილ იმპერიაში იხსენიებოდა ნებისმიერი ფინანსური საქმოსანი, მწარმოებელი). მამამისი ზაქარია თბილისელი სოვდაგარი იყო. მისი გვარი სამეფო კართან და საპატრიარქოსთან იყო დაახლოებული. მეფე ვახტანგ VI-ისგან სარაჯიშვილებს "წარმომავლობით ტფილისის საპატიო მოქალაქეთა" წოდება ჰქონდათ მინიჭებული.

დავითი (1848-1911 წწ.) იმ თაობის წარმომადგენელთა შორისაა, ვინც პირველმა მიიღო საზღვარგარეთ ევროპული განათლება და საკუთარ ქვეყანას დაუბრუნდა. ილიას და აკაკის მეგობარს ჰქონდა საკუთარი მოსაზრება ქვეყნის განვითარებისა და მონდომებით შეუდგა კონიაკის წარმოებას. ეროვნულ საქმეს მოჰკიდა ხელი - დაიწყო ქართული ვენახის აღორძინება და ეროვნული წარმოების კონიაკის გამოშვება.

ალექსანდრე როინაშვილი - პირველი მესურათხატე

საქართველოში პირველი ფოტოატელიე 1840-იან წლებში გახსნილა. პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა, ალექსანდრე როინაშვილი იყო.

პირველი მესურათხატე ალექსანდრე როინაშვილი დაიბადა დუშეთში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში. შთამომავლობას დაუტოვა მდიდარი ფოტოკოლექცია, სადაც აღბეჭდა იმდროინდელი საქართველოს და კავკასიის ხალხების ყოფა, კულტურა, შექმნა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ფოტოპორტრეტები.

იხილეთ ფოტოგალერეა: პირველი ქართველი ფოტომოდელი