,,უსაფრთხო ლიფტის" მამაცი გამომგონებელი - კვირის პალიტრა

,,უსაფრთხო ლიფტის" მამაცი გამომგონებელი

1743 წელს ვერსალის სასახლეში დაამონტაჟეს პირველი ლიფტი, რომელსაც მეფე ლუდოვიკო XV პირველი სართულიდან მეორეზე თავის ფავორიტთან უნდა აეყვანა.

XIX საუკუნეში შიგაწვის ძრავით აღჭურვილი პლატფორმებით 10-15 მ სიმაღლეზე აჰქონდათ მძიმე ტვირთი, ადამიანები კი ვერ ბედავდნენ მასზე შედგომას. მხოლოდ ამერიკელი ელიშა ოტისის შექმნილმა ავარიულმა დამჭერმა მექანიზმმა გააბედვინა მათ ლიფტის კაბინაში შესვლა. ოტისმა თავის გამოგონებას ასეც დაარქვა: ,"უსაფრთხო ლიფტი".

ხალხი თავიდან ეჭვით უყურებდა ტექნიკურ სიახლეს. საჭირო იყო ეფექტური რეკლამა, რომელიც ადამიანებს დაარწმუნებდა, რომ ,,უსაფრთხო ლიფტი" მართლაც უსაფრთხო იყო.

ოტისმა ამ საქმეშიც გამჭრიახობა გამოიჩინა და ბრწყინვალე სარეკლამო ტრიუკი მოიფიქრა: 1854 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში ასობით მაყურებლის თანდასწრებით ლიფტის პლატფორმა მძიმე სეიფებითა და კასრებით დატვირთა, შემდეგ თავადაც ზედ შედგა და  დაიძრა.

ლიფტი წამში 20 სმ სიჩქარით მიდიოდა. 12 მეტრ სიმაღლეზე ასულმა ოტისმა პლატფორმა გააჩერა და თანაშემწეს გვარლის გადაჭრა უბრძანა. გაისმა საშინელი ღრჭიალი - დამჭერმა მექანიზმმა ძირს დაშვებული პლატფორმა ჰაერში გააჩერა. ოტისმა ცილინდრი მოიხადა, შეშფოთებულ საზოგადოებას თავი დაუკრა და გადმოსძახა: "ეს სრულიად უსაფრთხოა, ბატონებო!"

მოამზადა ლადო გოგუაძემ