"კეთილშობილური ექსპერიმენტით" ნაშოვნი მილიონები - კვირის პალიტრა

"კეთილშობილური ექსპერიმენტით" ნაშოვნი მილიონები

კენედების კლანის აღზევების ისტორია

ჯოზეფ კენედის, ამერიკის 35-ე პრეზიდენტის მამას, ბუტლეგერობამ მოუტანა მილიონრომლებიც მისი დინასტიის ძლიერების საფუძვლად იქცა. ცხადია, ბედმა ყველას ასე არ გაუღიმა და სპირტიანი სასმელებით მილიონების მშოვნელთაგან მრავალმა ცხოვრება სიღარიბეში ან ტყვიით დაასრულა.

ბუტლეგერი უოლ-სტრიტიდან

ჯოზეფ კენედი იმ ბუტლეგერებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც სპირტიანი სასმელებით არა მარტო მომხმარებლებს, არამედ გამავრცელებლებსაც ამარაგებდა. ჯოზეფმა დააარსა პოლიტიკური დინასტია, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს გავლენა აშშ-ში. მან ჯერ მშრალი კანონის შემოღებისას იშოვა მილიონები, შემდეგ კი მისი გაუქმებისას ნახა დიდი ხეირი და რაც მთავარია, ამ მილიონების შენარჩუნება შეძლო.

კენედები ირლანდიელი ემიგრანტები იყვნენ, ამერიკაში XIX საუკუნის შუა წლებში ჩავიდნენ და არც მშრალ კანონამდე უცხოვრიათ სიღარიბეში. ჯოზეფის მამას ბოსტონში სპირტიანი სასმელების საბითუმო მაღაზია ჰქონდა და შვილისთვის ჰარვარდის კოლეჯში სწავლის დაფინანსებაც შეძლო. ჯოზეფმა საბანკო სფეროში დაიწყო მუშაობა, მამის ბიზნესი და პოლიტიკური კავშირებიც ხელს უწყობდა სახელმწიფო ბანკში ხეირიანი ადგილი ეშოვა, თუმცა თავადაც კარგი კომერსანტის ალღო გამოავლინა.

1919 წელს, სწორედ "კეთილშობილურ ექსპერიმენტამდე", კენედი უოლ-სტრიტზე ფასიანი ქაღალდების სფეროში მომუშავე კომპანიაში გადავიდა. ურიგო შემოსავალი არ ჰქონდა, მაგრამ დიდი ბიზნესთამაშისთვის ჯოზეფს კაპიტალი სჭირდებოდა. მშრალმა კანონმა ამის შესაძლებლობა მისცა და მამა-შვილს ციდან ჩამოვარდნილ შანსზე უარის თქმა არც უფიქრია. მათ რამდენიმე მომცრო გემი შეიძინეს და უცხოეთიდან სპირტიანი სასმელების შემოზიდვა დაიწყეს, ცხადია, ქრთამის მეშვეობით.

კენედებს სასმელი დიდი ტბების რეგიონში შეჰქონდათ, აშშ-ის ჩრდილოეთში, საიდანაც ვისკის ყუთებს ეზიდებოდნენ ნიუ-იორკსა ან ჩიკაგოში, ბუტლეგერთა ფინანსურ ცენტრში. ჯოზეფ კენედი უშუალო მომხმარებლებთან კონტაქტს თავს არიდებდა, რადგან ეს სახიფათო საქმედ მიაჩნდა. მხოლოდ იშვიათად ამარაგებდა კერძო წვეულებებს.

კენედის ძირითადი კლიენტები იყვნენ ცნობილი ბუტლეგერები, მაგალითად, ფრანკ კოსტელო, რომელიც დანაშაულებრივი სინდიკატის, "კოზა ნოსტრას" ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი გახდა. კოსტელოს თქმით, ჯოზეფმა მას სთხოვა, სასმლის მუდმივი მყიდველები მოეძებნა.

კოსტელომ კენედის გააცნო დამნაშავეთა სამყაროს მეფეები - ჰოლანდიელი შულცი, მშრალი კანონის ეპოქის ლუდის ბარონი; მეიერ ლანსკი - ლას-ვეგასის, როგორც ფულის გარეცხვის საუკეთესო ადგილის ერთ-ერთი შემქმნელი; ლაკი ლუჩანო, რომელმაც აშშ-ში საფუძველი ჩაუყარა ახალი ტიპის ორგანიზებულ დანაშაულს.

თუმცა მაფიოზებისა და ჯოზეფ კენედის ურთიერთობა ყოველთვის შეხმატკბილებული არ ყოფილა. ლუჩანოსა და ლანსკის თანამზრახველი დოკ სტეიჩერი, რომელიც მათ დავალებებს ასრულებდა, იხსენებდა, რომ კენედის კომპანიასა და დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის ხშირი იყო დავა, ზოგჯერ სისხლიც კი იღვრებოდა. ჩიკაგოს მაფიის ბოსს, სემ ჯინკიანას, კენედი ერთ-ერთ ყველაზე დიდ თაღლითად მიაჩნდა, ვისაც კი ოდესმე შეხვედრია.

1920 წლისთვის კენედიმ 2 მილიონ დოლარზე მეტი იშოვა, რომელიც ფასიან ქაღალდებში დააბანდა. ჯოზეფის ქონება იზრდებოდა. მშრალი კანონის მოქმედების 13 წლის განმავლობაში მან საწყობებში სპირტიანი სასმელების უზარმაზარი მარაგი დააგროვა, რასაც ხელუხლებლად ინახავდა - კენედი კანონის გაუქმებას ელოდა. და როცა ეს მოხდა, უეცრად გახდა ვისკითა და ჯინით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოვაჭრე, რითაც სწრაფად კიდევ რამდენიმე მილიონი იშოვა. ფულის პატრონობა კი ჯოზეფს ნამდვილად ეხერხებოდა - მას უძრავ ქონებასა და კინოწარმოებაში აბანდებდა.

მშრალი კანონის გაუქმების შემდეგ კენედების ოჯახმა კარგი პოლიტიკური კავშირები დაამყარა ვაშინგტონში. ჯოზეფი აფინანსებდა ფრანკლინ დელანო რუზველტის საარჩევნო კამპანიას, მისი გამარჯვების შემდეგ კი თავად წამოიწყო პოლიტიკური საქმიანობა. 30-იან წლებში მან ადრე არსებულ ორ საოჯახო ფონდს კიდევ ორი დაუმატა და მისმა რვავე შვილმა, ამერიკის 35-ე პრეზიდენტ ჯონ კენედის ჩათვლით, თავ-თავიანთი დაბადების 45-ე წლისთავზე საჩუქრად 20-20 მილიონი დოლარი მიიღო.

მშრალი კანონი

ლოთობასთან ბრძოლის კამპანია, რომელსაც აშშ-ში XIX  საუკუნის შუა წლებიდან წარმართავდნენ ექიმები, სასულიერო პირები და მსხვილი საწარმოების დირექტორები, 1919 წელს ამერიკის ყოველ მცხოვრებს შეეხო. ოქტომბერში, პრეზიდენტ ვუდრო უილსონის ვეტოს გადალახვის შემდეგ, კონგრესმა ვოლსტედის აქტი მიიღო - მშრალი კანონი, რომელიც 0,5 გრადუსზე მაგარი სასმლის იმპორტს, წარმოებასა და გაყიდვას კრძალავდა. 1920 წლის იანვარში ამოქმედდა კონსტიტუციის შესაბამისი შესწორება და სიფხიზლის მომხრეთათვის ეს ტრიუმფის დღედ იქცა.

ამ კანონს ამერიკელი საზოგადოება უნდა გაეუმჯობესებინა. ვისაც გაუმჯობესება არ სურდა, იმისთვის სპირტიანი სასმლის გასაყიდი იატაკქვეშა წერტები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაჩნდა. ეს მომგებიანი ბიზნესი აღმოჩნდა ყველასთვის, ვინც კი ხელი მოჰკიდა ამ საქმეს - სანაპირო სოფლების მეთევზეებით დაწყებული, მაფიოზებით დამთავრებული.

რაც მართალია, მართალია, კანონის შემოღების შემდეგ ამერიკელებმა სმას მოუკლეს. 1920-დან 1933 წლამდე ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის მოხმარება საშუალოდ 2,3 ლიტრს შეადგენდა, ანუ განახევრებული იყო. თუმცა სმის სრულად აკრძალვა შეუძლებელი აღმოჩნდა. ალღოიანმა ამერიკელებმა სპირტიანი სასმელების პირადი მარაგები ამ "კეთილშობილურ ექსპერიმენტამდე" (ასე უწოდა მშრალ კანონს პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰუვერმა) შექმნეს. ალკოჰოლის დალევა და შენახვა დანაშაულად არ ითვლებოდა 1929 წლამდე, სანამ ჯოუნსის აქტი არ მიიღეს, რომელმაც ეს საკანონმდებლო ხვრელიც ამოქოლა.

1929 წლამდე ნებადართული იყო სასმელების შინ გამოხდა-დაყენებაც, ოღონდ მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. ალისა რუზველტ ლონგვორთსაც, ფრანკლინ რუზველტის ქალიშვილს, ვაშინგტონში, თავისი სახლის სარდაფში პატარა ლაბორატორია ჰქონდა, სადაც, როგორც ბოროტი ენები ამბობდნენ, ღვინოს, კარგ ლუდსა და ჯინს ამზადებდა.

მცირე საშინაო საამქროები მალევე გაერთიანდა მსხვილ ქსელებში, რომლებსაც ბუტლეგერები ხელმძღვანელობდნენ.

ბუტლეგერებისთვის კარგ წყაროდ იქცა მრეწველობაც, სადაც სპირტი ძალიან დიდი მოცულობით გამოიყენებოდა. საავტომობილო მრეწველობა, სადაც ანტიფრიზს იყენებდნენ, სპირტის ერთ-ერთ ძირითად მიმწოდებლად იქცა. ხელშესახები წვლილი შეჰქონდათ კოსმეტიკურ ფირმებს, საღებავების, ტყავის მწარმოებლებს. ხელისუფლებას ხელის შეშლა სურდა და მრეწველებს მხოლოდ მეთილის სპირტის გამოყენებას აიძულებდა, მაგრამ როცა იატაკქვეშა ბარების მრავალი კლიენტი დაბრმავდა და მოკვდა კიდეც, მეთილის ექსპერიმენტზე უარი თქვეს.

1933 წელს სასმელებთან დაკავშირებული შეზღუდვები აშშ-ში მოიხსნა, თუმცა ზოგიერთ შტატსა და ოლქში მშრალი კანონი კვლავ მოქმედებდა და ის 500 ოლქში დღესაც ძალაშია, თუმცა ამ ოლქების მოსახლეობა ადგილობრივ არჩევნებში გამუდმებით აძლევს ხმას მის გაუქმებას.

მოამზადა რამაზ გურგენიძემ