სცენაზე ატირებული ქალღმერთი
ერთი ფოტოს ისტორია

ლექსი უნდა წაიკითხოს. უცებ რაღაც მოხდა... დაავიწყდა! ჯერ გაეცინა... მერე ბავშვივით ხელები აიფარა თვალებზე და ატირდა


1923 წელს თბილისის კინოსტუდია შეუდგა გადაღებას მუნჯი მხატვრული ფილმისა "არსენა ყაჩაღი". სცენარის ავტორი და რეჟისორი იყო ვლადიმერ ბარსკი, არსენა ოძელაშვილის როლს ქუთაისელი გრიგოლ ჩეჩელაშვილი თამაშობდა; ნენოს, არსენას საცოლეს - ნატო ანდრონიკაშვილი-ვაჩნაძე.
სულ რამდენიმე თვის შემდეგ არა მხოლოდ საქართველომ, არამედ მთელმა საბჭოთა კავშირმა გაიცნო ნატო. პირველ როლს მეორე და მესამე მოჰყვა, იმათ
კიდევ სხვა როლები. სულ რამდენიმე წელში ნატო ვაჩნაძემ ითამაშა ფილმებში: "მამის მკვლელი", "სამი სიცოცხლე",  ,,ჩვენი ქვეყნის რაინდი", "ვინ არის დამნაშავე", "გიული", "ამოკი", "კრაზანა", "უკანასკნელი ჯვაროსნები"...
მუნჯი კინოს შემდეგ იყო ხმოვანი კინო. "უკანასკნელი მასკარადი", ისევ "არსენა", "ნათელა", "ნარინჯის ველი", "ქაჯანა", "სამშობლო", "ქალიშვილი ხიდობნიდან", "ის კვლავ დაბრუნდება",
"აკაკის აკვანი", "მწვერვალთა დამპყრობნი"...

შეიძლებოდა ფილმების ეს ვრცელი, მაგრამ მაინც არასრული სია არც მომეყვანა (მით უმეტეს, რომ ფოტო, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ, სულაც არ არის როლის ამსახველი), მაგრამ მაინც ჩამოვწერე... და იმიტომ, რომ ამდენი როლის განმასახიერებლის, მართლაც ქართული კინოს ჩაუქრობელი ვარსკვლავის ცხოვრების ერთი უმნიშვნელო ეპიზოდი მომეყოლა.

ნატო ვაჩნაძე რომელიღაც საღამოზე სცენაზე დგას. ლექსი უნდა წაიკითხოს. უცებ, რაღაც მოხდა... დაავიწყდა! ჯერ გაეცინა... მერე ბავშვივით ხელები აიფარა თვალებზე... სწორედ მაშინ გიორგი თოლორდავამ, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა, რომელმაც არაერთი ისტორიული ფოტო დაუტოვა შთამომავლობას, სურათი გადაუღო. მოგეხსენებათ, მაშინდელი ფოტოაპარატები დღევანდელს არ ჰგავდა... სიჩქარეში შეიძლება ფოტო არც იყოს ისეთი ხარისხისა, როგორიც პორტრეტის მშვიდად გადაღებისას ექნებოდა, მაგრამ მთავარი მაინც ჩანს: ბავშვურად ალალი და მორცხვი, უშუალო და გულწრფელი ნატო ვაჩნაძე.

მის ფოტოსურათებს გოგონები ჩანთებით დაატარებდნენ. მისი გამოხედვა "მოდური" იყო. ვინ იცის, რამდენჯერ უცდიათ პატარა ქართველ ქალბატონებს სარკის წინ ნატო განესახიერებინათ. თვითონ ნატო კი ბავშვურად სუფთა და მგრძნობიარე დარჩა. დიდ აღიარებას მისი სული არ გაუუხეშებია. თავად როგორც უნდა გასჭირვებოდა, სხვებს არ შეაწუხებდა. ფილმში არაერთი ტრაგიკული როლი ჰქონდა განსახიერებული, ცხოვრებაში საკუთარ ტრაგედიას ღრმად მალავდა, რომ არავინ გამხდარიყო თანაზიარი... შვილებიც კი. ისეთი ასაკი ჰქონდათ ბიჭებს, ასეთი ტკივილისათვის ვერ გაიმეტებდა.

გიორგი შენგელაია მიამბობდა: "ადრეული ბავშვობიდან ყველაზე თვალნათლივ მამაჩემის - ნიკოლოზ შენგელაიას გარდაცვალება ჩამრჩა მეხსიერებაში. მაშინ ოთხწლინახევრის ვიყავი... მამა სულ ახალგაზრდა იყო - 42 წლისა. ეს ტრაგედია მთელი ცხოვრება გამყვა...  მახსოვს, მამა მოვიდოდა, ნანადირევს მოიტანდა და დაყრიდა. მერე ჩვენ გვავალებდა მეზობლებში დარიგებას.  იტალიურ ეზოს რომ ეძახიან, ისეთ ეზოში ვცხოვრობდით. მე და ჩემი ძმა დავდიოდით სართულებზე და მეზობლებს ვურიგებდით ნანადირევს. ასეთი წესით ცხოვრობდნენ, უფრო გასცემდნენ, ვიდრე მოიხვეჭდნენ. სულ სხვა ხალხი იყო იმ ეპოქაში.

მაგონდება დედაჩემის გაუბედურებული სახე, ცარიელი სახლი... ყველაფერი დაიცალა ჩვენ გარშემო. მამა უდიდესი ენერგიის კაცი იყო, ვაჟკაცი, მოქეიფე, მონადირე. ვიდრე რეჟისორი გახდებოდა, ლექსებს წერდა. მასთან მეგობრობდნენ ჩვენი მწერლები: გოგლა ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი, კონსტანტინე გამსახურდია... ჩვენს სახლში იკრიბებოდნენ, იყო მხიარულება, ლხინი, მსჯელობა... ერთ დღეს კი დაიცალა ჩვენი სახლი.

მერე დედამ შეცვალა ყველაფერი. დედაჩემის სახე ხომ გახსოვთ?.. სათნო და რბილი ხასიათი ჰქონდა. მან გადაგვატანინა ეს უბედურება, თორემ დეპრესიული ბავშვობა მქონდა.
ომის დრო იყო. ფილმებს არ იღებდნენ და ნატო ვაჩნაძესაც კი ლუკმაპური უჭირდა. დადიოდნენ რაიონებში დედა, ვასო გოძიაშვილი, თამარ ჭავჭავაძე, კირა ანდრონიკაშვილი (დედაჩემის და, მსახიობი), მწერლები... კონცერტებს მართავდნენ, რომ ცოტა რამ ეშოვათ".

ვერავის წარმოედგინა ნატო ვაჩნაძის ყოფითი პირობების სირთულე... ვერც იმას იფიქრებდა ვინმე, რომ უკვე სახელოვან ნატოს შეიძლებოდა სიტყვა დავიწყებოდა და ამის გამო ბავშვივით გაწითლებულიყო, ცრემლები წამოსცვენოდა.

ნატო საკუთარი დიდებული წარმომავლობის დიდებული გამგრძელებელი, უსიტყვოდ ითმენდა ყველაფერს. მაგრამ საკუთარ თავზე - ნაკლებად, შვილებზე ფიქრობდა...
ალბათ იმ საბედისწერო დღესაც, 1953 წელს, თვითმფრინავში რომ იჯდა და ცხადი გახდა, კატასტროფა გარდაუვალი იყო, პირველად შვილების ნაცვლად ეტკინა. ზაფხულის თბილი დღე იდგა, ნატოს დაბადების დღე.
lali
24 სექტემბერი 2011 21:24
იქნებ, უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ ამ ულამაზეს,არაჩვეულებრივ ქალბატონზე, რადგან დღევანდელი თაობა თითქმის არ იცნობს.უფრო სწორად არ იცნობს მის შემოქმედებას,მის ცხოვრებას,რადგან ძალიან ასლგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან.ღმერთმა გაანათლოს მისი სული.
anna
24 სექტემბერი 2011 19:47
ულამაზესი და უმშვენიერესი ნატა ვაჩნაძე, საქარტველოს სიამაყე!

რითი დაიღუპა ნიკოლოზ შენგელაია, გტხოვტ დაწეროთ,

ბავშვობაში მაქვს ნატაზე წიგნი წაკიტხული, არა მახსოვს.
კარგი იქნება ეს ძველი წიგნები თუ ისეც გამოვა
MADLIERI
23 სექტემბერი 2011 19:11
დიდებულია!უკვე ჩვევად მეკტსა კვირაში ერტხელ ტქვენტვის მადლობის გადახდა,ამჯერადაც დიდი მადლობა ქ-ნო ლელა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები