ქართველი მეცნიერი და ბერი. ზუსტად 100 წლის წინ მიხეილ თამარაშვილი დაიღუპა...
1978 წელს თბილისი მაშინდელი დროისთვისაც კი უჩვეულოდ ხალხმრავალი სამგლოვიარო პროცესიის მომსწრე გახდა. ზღვა ხალხით გარემოცული თეთრი ქსოვილით მორთული კუბო  დიდუბის პანთეონში შეაბრძანეს. კრძალავდნენ მიხეილ თამარაშვილს. ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, მოგვიანებით აკაკი ბაქრაძემ რეზო თაბუკაშვილის დასაფლავებაზე რომ თქვა, ღირსეული მიცვალებულის გლოვა ჭირისუფალსაც აკეთილშობილებსო. მიხეილ  თამარაშვილის ნეშტი გარდაცვალებიდან 67 წლის შემდეგ სწორედ რეზო თაბუკაშვილმა ჩამოასვენა იტალიიდან საქართველოში. იგი ნათესავებსა და ახლობლებს არ დაუტირებიათ. უცხოობაში გარდაცვლილ მოღვაწეს ჭირისუფლობა  ქართველმა ერმა გაუწია.

იმ
დღეებში ფართო საზოგადოებისათვის პირველად გახდა ცნობილი მიხეილ თამარაშვილის სახელი. ამ ,,მივიწყებასაც~,  ისევე როგორც სიცოცხლეში მის უცხოეთში გადახვეწას (და არა წასვლას), თავისი მიზეზები ჰქონდა.

მიხეილ თამარაშვილი (ერისკაცობაში ალექსანდრე) 1858 წელს დაიბადა ახალციხეში, ქართველი კათოლიკეების მრავალრიცხოვან ოჯახში. მის მშობლებს სულ 10 შვილი ჰყოლიათ, მიხეილი მეცხრე იყო. წერა-კითხვა
ახალციხის სამრევლო სკოლაში შეისწავლა. იქ მისი მოძღვარი ივანე გვარამაძე იყო. სიტყვა ,,მოძღვარი~ შემთხვევით არ გვიხსენებია. ივანე გვარამაძე აღმოჩნდა ის პიროვნება, რომელმაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა მოწაფის სამომავლო გეზის განსაზღვრაში. თამარაშვილების გვარი მამა-პაპიდან ღვინის რუმბების დამზადებას მისდევდა. 14 წლისა იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. დიდი ოჯახის რჩენაზე პასუხისმგებლობა უფროს ძმებთან ერთად მიხეილმაც გაიზიარა და ხარაზობა შეისწავლა. უფროს ძმასთან ერთად წუღებს კერავდა _ ჯერ ქუთაისში, შემდეგ _ ხაშურში. 20 წლისა ივანე გვარამაძის დაჟინებული მოთხოვნით კონსტანტინოპოლში გაემგზავრა პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად. შეიძლება ასეც ითქვას, ივანე გვარამაძემ თავისი მოწაფე ახალ, უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე მოძღვარს გადაულოცა.

ხარისჭირაშვილის სასწავლებელი უბრალოდ სკოლა კი არა, უცხოურ გარემოცვაში აღმოცენებული ქართული სავანე იყო (ერთხანს აქ აპირებდა დასახლებას მტრებისაგან თავგაბეზრებული აკაკი წერეთელიც), სადაც თამარაშვილმა შეისწავლა ენები, გაიღრმავა  ცოდნა და რაც მთავარია, აქ  საბოლოოდ ჩამოყალიბდა მისი ეროვნული, მოქალაქეობრივი მრწამსი. პეტრე ხარისჭირაშვილმა უნიჭიერესი მოწაფე გამოარჩია და სწავლის გასაგრძელებლად ჯერ ესპანეთში, შემდეგ კი პარიზის წმინდა ლაზარეს სემინარიაში გაგზავნა.

სამშობლოში 1888 წელს დაბრუნდა.  იგი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს.  ეს პერიოდი შეიძლება მივიჩნიოთ თამარაშვილის არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საზოგადოებრივი მოღვაწეობის დასაწყისად. ტაძრის ახალდანიშნულმა წინამძღვარმა ერთ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი: ყოველი წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას, მრევლს საქართველოს ისტორიის რომელიმე ეპიზოდს მოუთხრობდა. ბრძოლა გამოუცხადა იმხანად ფეხმოკიდებულ ერთ სიყალბესაც: 1886 წელს საქართველოში მცხოვრები სომეხი ეროვნების კათოლიკეთა ძალისხმევით საქართველოში არსებულ ქართულ კათოლიკურ ტაძრებში აიკრძალა ქართულ ენაზე მღვდელმსახურება. სომეხი კათოლიკე მოღვაწეები და მეცნიერები  ავრცელებდნენ თეორიას, რომლის მიხედვით ქართველი კათოლიკეები ბუნებაში არ არსებობდნენ,  ხოლო ვინც ამას ,,იჩემებდა“, ისინი კათოლიკე სომხების გაქართველებულ შთამომავლებად მიაჩნდათ. პრეტენზიებს ფინანსური ,,არგუმენტებითაც“ ამყარებდნენ.

ყოველივე ამის შედეგად ქართველ პადრეს, რომელიც თავის მრევლს საქართველოს ისტორიის გარდა, ქართველ კათოლიკეთა წარმომავლობაზეც  ესაუბრებოდა, მაშინდელი მთავარმართებლის დონდუკოვ-კორსაკოვის ბრძანებით ჯერ თბილისში, შემდეგ კი სრულიად საქართველოს მასშტაბით აუკრძალეს მღვდელმსახურება. მიხეილ თამარაშვილმა ისევ თავის პირველ მოძღვარს, ივანე გვარამაძეს ჩააკითხა ახალციხეში. როგორც ჩანს, მასთან საუბრებში მომწიფდა აზრი, რომ დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად უცხოეთში გამგზავრება და იქაურ არქივებში მუშაობა აჯობებდა. შინ ხომ გასაქანს არ აძლევდნენ, მთავრობისაგან შერისხულს უცხოეთში გამგზავრებაც აკრძალული ჰქონდა. მაინც გაემგზავრა და 1890 წელს რომის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. მეოთხე წლისთავზე აკადემია წარჩინებით დაასრულა, მიიღო ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი და ბერად აღიკვეცა.

ამ დროისათვის საქართველოში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. ქართველ და სომეხ კათოლიკეთა შორის დავამ კულმინაციას მიაღწია – ქართველებს ახლა უკვე ეკლესიების შენობებსაც ედავებოდნენ. საქმე სასამართლომდე მივიდა. ქართულმა კათოლიკურმა ეკლესიამ თხოვნით მიმართა თამარაშვილს, რათა ვატიკანის არქივებში მოეძებნა საქართველოში კათოლიკური მისიის მუშაობის თაობაზე დაცული დოკუმენტაცია. მიხეილი მუშაობას შეუდგა. შეისწავლა საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვის, ლონდონის არქივებში დაცული მასალები.

KvirisPalitra.Ge1902 წლისთვის ვრცელი ნაშრომი – ,,ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“, რომელიც ძლიერ სცილდებოდა ,,შეკვეთის“ ფარგლებს, მზად იყო. საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა. ,,ეს მარტო კათოლიკობის ისტორია კი არ არის, არამედ საქართველოს შინაგანი ცხოვრების და პოლიტიკური მდგომარეობის ისტორიაა. ამ მხრივ ეს შესანიშნავი წიგნი მეორე ქართლის ცხოვრებაა“, – წერდა ილია ჭავჭავაძის ,,ივერია“. ამას მოჰყვა მეორე ნაშრომი _ ,,პასუხად სომეხ მწერლებს, რომლებიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას“. წიგნის გამოცემა დიდმა ქართველმა ქველმოქმედმა სტეფანე ზუბალაშვილმა ითავა (მან პირველი წიგნის გამოცემაშიც დიდი დახმარება გაუწია).

უამრავი მასალა დაუგროვდა. ყველაფერს თავი მოუყარა, დაახარისხა, ახლით გაამდიდრა და გაამზადა ფუნდამენტური ნაშრომი ფრანგულ ენაზე. ახალ წიგნს, რომელთან შედარებითაც ,,ადრე გამოცემული წიგნები სახსენებელიც არ არიან“ (მისი სიტყვებია), ,,საქართველოს ეკლესიის ისტორია“ უწოდა. ნაშრომის დაბეჭდვა გართულდა – სტეფანე ზუბალაშვილი გარდაცვლილი იყო. დიდი შრომა დასჭირდათ აკაკი წერეთელს, ზაქარია ჭიჭინაძესა და სხვა ქართველ მოღვაწეებს, რომ დაერწმუნებინათ მისი მემკვიდრეები წიგნის გამოცემის აუცილებლობაში. ,,საქართველოს ეკლესიის ისტორია“ 1910 წელს დაიბეჭდა. ნაშრომი ერთნაირად მოიწონეს საქართველოშიც და უცხოეთშიც. მაშინ 52 წლისა იყო.

გასულ კვირაში ასი წელი გავიდა იმ დღის შემდეგ – 1911 წლის 16 სექტემბერს მიხეილ თამარაშვილი  –  ქართველი მეცნიერი და ბერი, მეგობარ პროფესორთან  ერთად  სოფელ სანტა-მარინელასთან ადრიატიკის ზღვის ნაპირს მიუყვებოდა. წყლიდან ადამიანის განწირული ძახილი მოესმათ. ორივენი საშველად გაეშურნენ. გაჭირვებულის გადარჩენა შეძლეს, თავად კი დაიღუპნენ.

მიხეილ თამარაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, ალბათ, ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად პირნათელი რჩება ერისა და ღვთის წინაშე.

ლადო გოგუაძე (სპეციალურად საიტისთვის)
sofo
27 სექტემბერი 2011 20:44
ერეკლე
რას ნიშნავს ღმერთს თქვენი ადვოკატობა და დაცვა არ სჭირდება? თვითონ რატომ ხარ აგრესიული? შენი სჭირდება? თუ არა დავით 67-ს შენ რატომღა ეჩხუბები?
nino
26 სექტემბერი 2011 18:51
"მიხეილ თამარაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, ალბათ, ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად პირნათელი რჩება ერისა და ღვთის წინაშე."
ისე,ეს ფრაზა შეიძლებოდა სულ სხვა კუთხითაც განგვეხილა.თავი გავანებოთ ყოველგვარ აღმსარებლობას. ალბათ ნებისმიერი ფილოსოფიურად მოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება,რომ რადგან უფალი აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, ადამიანი კი ცადვილი არსება, ვერც ერთი ადამიანი თუნდაც უდიდესი წმინდანი, უფლის წინაშე აბსოლუტურად პირნათელი ვერ იქნება.
თვით უდიდეს წმინდანებსაც აქვთ უფლის ცხონების იმედი არა იმიტომ რომ აბსოლუტურად პირნათელნი არიან უფლის წინაშე, არამედ იმიტომ რომ მათ, ცოდვილმა ადამიანებმა დაიმსახურეს უფლის მოწყალება. უფლის მოწყალების გარეშე სასუფეველში ვერავინ შევიდოდა.
ასე, რომ ეს ფრაზა სხვა კუთხითაც მიუღებელია. ავტორს ალბათ ცუდი ჩანაფიქრი არ ჰქონდა, მაგრამ უფალს როცა ვახსენებთ, მეტად უნდა დავუკვირდეთ, რა კონტექსტში ვახსენებთ მას.ჩემს ოპონენტებსაც ცხადია პატრიოტიზმი ალაპარაკებთ,მაგრამ, სამწუხაროდ სარწმუნოებაში გაურკვევლობის გამო, სჯულის უარყოფა გამოუვიდათ.თუ ჩემი საუბრის ფორმა მეტ-ნაკლებად აგრესიული იყო, ამისთვის ყველას ბოდიშს ვუხდი.
nino
26 სექტემბერი 2011 18:31
ერეკლე
"ბოლო სიტყვა იმაზე თუ ვინ როგორ წარსდგება ღმრთის წინაშე ეკუთვნის არა წმინდა სინოდს, არც პატრიარქს და არც რომის პაპს. კარგად ვიცით ვისაც, და მას არავისი რჩევა არ სჭირდება ამის გადასაწყვეტად".აბსოლუტურად გაუგებარია ამას მე რატომ მიხსნით? რამე მსგავსი ვთქვი?!
იქნებ უფრო ნათლად განმარტოთ, რისი თქმა გინდათ?
პატივისცემით ნინო

რუბრიკის სხვა სიახლეები