"მგალობელი სტალინი" - კვირის პალიტრა

"მგალობელი სტალინი"

ბერიამ ერთი ხელის მოსმით დაუშალა გუნდი იმის გამო, რომ მეჩონგურე ქალების გარეგნობა არ მოეწონა

"სტალინი დაინტერესებულა დაჭერილ მომღერალთა ვინაობით და ბერიასთვის მათი გათავისუფლება დაუვალებია"

"სამწუხაროდ, ქართულმა საგალობელმა მაინც ვერ შეძლო მისი გაკეთილშობილება"

გსმენიათ რამე მგალობელი სტალინის შესახებ, რომელმაც გადაწყვიტა, ქართული სიმღერა იდეოლოგიური მტრების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღად გამოეყენებინა? ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელმა დავით ცინცაძემ გადაიღო დოკუმენტური ფილმი "მგალობელი სტალინი". ეს არის ქართული ხალხური სიმღერის შესახებ შექმნილი 16-სერიიანი ფილმების კრებულიდან ერთ-ერთი, რომელშიც იშვიათი, დღემდე გამოუმზეურებელი საარქივო მასალებია გამოყენებული.

დავით ცინცაძე: - ”მე და "შავნაბადელ" მიხეილ ჯავახიშვილს ამ ფილმების გადაღების იდეა  ოქსფორდში, ნიუკასლიში, ”ფოლკ ჰაუსში” და  სხვა უნივერსიტეტებსა და  ორგანიზაციებში  ფოლკლორის თემაზე მასტერკლასების ჩატარების დროს გაგვიჩნდა. გარდა იმისა, რომ უცხოელებს მოვუთხრობ ქართული ფოლკლორული ხელოვნების შესახებ, ასევე ვუხსნი, სად მდებარეობს და რა თავისებურებებით გამოირჩევა ჩვენი ქვეყანა. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ "მრავალჟამიერი" ვაზის და ღვინის კულტურას უკავშირდება. საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ვაზი არ ხარობს, არც "მრავალჟამიერი" აქვთ.  გსმენიათ რამე სვანური, ან ხევსურული "მრავალჟამიერის" შესახებ? წარმოგიდგენიათ, რა დანიშნულება ექნებოდა ქართულ სიმღერას ომში ან ომის წინ? ამ და სხვა უამრავი თავისებურების შესახებ დამიგროვდა  მასალა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის საქართველოშიც უცნობია. ყოველთვის მინდოდა ამ მასალების ფილმად ქცევა, თუმცა, ფინანსების უქონლობის გამო, იდეას ხორცს ვერ ვასხამდი. ერთ დღესაც ჩემი სატკივარი  ბანკ "კონსტანტას" გავანდე და...  ეს არის არაკომერციული პროექტი, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - ქართული ფოლკლორის შესახებ მეტი იცოდეს როგორც ქართველმა, ისე - უცხოელმა მსმენელმა. სერიალის სრული კომპლექტები გადაეცემა ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტებს, ასევე ყველა დაინტერესებულ უცხოურ ორგანიზაციას.

საარქივო მასალების მიხედვით დგინდება, რომ პატარა სოსო შესანიშნავად გალობდა. რუსულ საეკლესიო გალობაში შეფასება "ფრიადი" ჰქონია, ქართულში კი -  "ძალიან კარგი". ის მოგვიანებით თბილისის საოპერო გუნდშიც მღეროდა და გალობაში გასამრჯელოს - 15 მანეთს - იღებდა. მამას, ლოთ მეწაღეს არ ხიბლავდა შვილის მისწრაფებები და გამუდმებით სცემდა, რადგან ეშინოდა, რომ სოსოს, როგორც თავისი საქმის გამგრძელებელს, დაკარგავდა.

პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ასეთი მამის შვილს და დიდი ამბიციების მქონე ახალგაზრდას რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი სჭირდებოდა, რომ თავისი წარმოშობით ეამაყა.

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: "საბჭოთა კავშირის ბელადი რომ გახდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობა დაიწყო, მის შესახებ ევროპული გაზეთები ალაპარაკდნენ. ამბობდნენ, რომ ის არის ველური კავკასიელი ხალხის შვილი. სტალინმა, რომელმაც შესანიშნავად იცოდა  თავისი ქვეყნის ფასი, გადაწყვიტა, ბოლო მოეღო დამამცირებელი მითქმა-მოთქმისთვის. სხვადასხვა ღონისძიებით გამუდმებით ამტკიცებდა, რომ საქართველო უდიდესი კულტურის ქვეყანა იყო. სწორედ ამ მიზნით გამართა 1937 წელს კულტურული დეკადა".

გადმოცემების თანახმად, "რკინის კაცი" ძალიან კარგად გალობდა და შეეძლო, საქართველოს ყველა კუთხის სიმღერები შეესრულებინა. ასეც მოქცეულა დეკადის დროს - ყველასთან მიდიოდა და  მღეროდაო. სამწუხაროდ, არ არსებობს ამ მოვლენის ამსახველი აუდიო ან ვიდეოჩანაწერები, მაგრამ არსებობს საარქივო მასალები, სადაც იმის შესახებაც ბევრია ნათქვამი, რომ როდესაც სტალინი მღეროდა,  სახე   უნათდებოდა და სრულიად განსხვავებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სამწუხაროდ, ქართულმა საგალობელმა მაინც ვერ შეძლო მისი ისე გაკეთილშობილება, რომ ვის გვერდითაც მღეროდა, ის ხალხი მაინც არ გაეწირა.

დეკადისთვის მზადება ლავრენტი ბერიას დაავალა. მან კი, თავის მხრივ, ლოტბარებს უხმო. კირილე პაჭკორიამ დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდი შეკრიბა. ამ გუნდში ცალკე იყო მეჩონგურე ქალთა ანსამბლი, რომელსაც ავქსენტი მეგრელაძე ხელმძღვანელობდა. აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ გუნდს სტალინის სიყრმის მეგობარი და ხშირად მეტოქეც - სანდრო კავსაძე  ჩაუდგა სათავეში. სტალინმა და ბერიამ იზრუნეს იმაზეც, რომ საქართველოდან არა მხოლოდ ფოლკლორული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები წაეყვანათ, არამედ გარეგნულადაც მომხიბვლელები ყოფილიყვნენ. ავქსენტი მეგრელაძეს რომ ეგონა, აი, უმოკლეს დროში საოცარი რეპერტუარი მოვამზადე და დიდებული ანსამბლი შევქმენიო, ბერიამ ერთი ხელის მოსმით დაუშალა გუნდი იმის გამო, რომ მეჩონგურე ქალების გარეგნობა არ მოეწონა -  ზოგი დაიჭირა, ზოგიც დაათხოვინა გუნდიდან და ლამაზი მანდილოსნები მიუყვანა ”ჩონგურზე  დაკვრის შესასწავლად. ლოტბარს ისღა დარჩენოდა, უმოკლეს დროში მშვენიერი ქალებისათვის ხელის ისეთი მოძრაობა ესწავლებინა, ვერავინ მიმხვდარიყო, რომ ჩონგურზე არ უკრავდნენ...

დეკადამ გაამართლა. ქართული კულტურის სიდიადე საყოველთაოდ ცნობილი გახდა. სტალინმა სიმღერა სტრატეგიული მიზნით გამოიყენა და საბოლოოდ დაამარცხა ისინი, ვინც საქართველოს კავკასიის ველურ ქვეყნად, მას კი - ველურების შვილად მოიხსენიებდა.

ილია თავბერიძე, ქართული ფოლკლორის მკვლევარი: - დეკადაზე ბელადს განსაკუთრებით მოსწონებია დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდი. სანდრო კავსაძის აღმოსავლური გუნდისთვის კი შენიშვნასავით უთქვამს, აი, პაჭკორიამ გაჯობათო. კავსაძეს უპასუხია, აბა, რა იქნებოდა, საუკეთესო მომღერლები დამიჭირესო. სტალინი დაინტერესებულა დაჭერილთა ვინაობით და ბერიასთვის მათი გათავისუფლება დაუვალებია.  ამ სიკეთესთან ერთად არც  სანდრო კავსაძესთან სიყმაწვილის დროინდელი პაექრობა დავიწყებია. დეკადის დასაწყისში პირველი ის  მოუკითხავს და როდესაც ლოტბარი მის წინაშე წარმდგარა, უთქვამს, აი, აქამდე შენ მჯობდი, ახლა მე გჯობივარო. მოგვიანებით სანდრო ავად რომ  გამხდარა და მოსკოვის საავადმყოფოში მკურნალობდა, წერილი გაუგზავნია სიყრმის მეგობრისთვის, დამეხმარეო, მაგრამ... სტალინმა მოგვიანებით სანდროს ვაჟი - დათეშკა კავსაძეც დაიჭირა.

როგორც ჩანს, მხოლოდ მაშინ იქცეოდა ადამიანად, როცა მღეროდა.