"კი არ წავედი - გავიქეცი" - კვირის პალიტრა

"კი არ წავედი - გავიქეცი"

რუსი რეჟისორი ანდრეი მიხალკოვ-კონჩალოვსკი დღემდე თავისუფალი სამყაროს იდეალების ერთგულია, თავისი უმცროსი ძმის - ნიკიტა მიხალკოვისაგან განსხვავებით, რომელიც ვლადიმირ პუტინის აპოლოგეტი გახდა და ისეთ პროექტებს აკეთებს, საბჭოთა იდეოლოგები შურით რომ გასკდებოდნენ.ანდრეი კონჩალოვსკიმ მსოფლიოში სახელი გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დატოვების შემდეგ გაითქვა.

ცნობილი პუტჩის დროს, როდესაც ძველმა კომუნისტურმა ნომენკლატურამ საბჭოთა კავშირის აღსადგენად მოსკოვის ქუჩებში ტანკები გამოიყვანა, კონჩალოვსკი მოსკოვში იყო. მაშინ ხმა დაირხა, რომ რეჟისორი სასწრაფოდ უცხოეთში გაბრუნდა. რუსმა ჟურნალისტებმა ეს ხელზე დაიხვიეს და რეჟისორს, თავიანთი აზრით, "მძიმე” კითხვა"  დაუსვეს: მართალია, რომ უმძიმეს წუთებში სამშობლო მიატოვეთო. ალბათ, რეჟისორისაგან თავის მართლებას ელოდნენ და იმედგაცრუებული დარჩნენ, როდესაც ასეთი პასუხი მიიღეს:"დიახ, მართალია. ახალგაზრდობიდანვე ჩემთვის ყველაზე დამთრგუნველი ის ჩაკეტილი სივრცე იყო, რომელშიც მიწევდა ცხოვრება. როგორც იქნა, თავი დავაღწიე და უცებ კვლავ შეიქმნა საშიშროება, რომ ისევ ჩაკეტილ საზღვრებში მომიწევდა ცხოვრება. წავედი კი არა - გავიქეცი, რომ ჩემს ცხოვრებაში კომუნისტური წყობის მსგავსი კოშმარი აღარ განმეორებულიყო".

მოამზადა ლადო გოგუაძემ