ამოჩხაპნილი და გადარჩენილი ისტორია - კვირის პალიტრა

ამოჩხაპნილი და გადარჩენილი ისტორია

1914 წლის ერთ მშვენიერ დღეს, ქუთაისში, ქართველ ხელოვანთ აკაკი წერეთელთან შეხვედრა განუზრახავთ და ეს შეხვედრა იროდიონ ევდოშვილის გადასახლებიდან დაბრუნების მეორე წლისთავისთვის მიუძღვნიათ. მწერლებსა და პოეტებს იმ დროს დიდებული ფოტოგრაფი ნიკოლოზ საღარაძე მოუხმიათ და ისტორიული ფოტო გადაუღიათ ერთ-ერთ ბაღში, ექიმ გოკიელის სახლის პირდაპირ, სასტუმრო "სევერნაიას" უკან (დღევანდელ წერეთლის ქუჩაზე).

ფოტოზე სულ ახალგაზრდები არიან გალაკტიონი და ტიციანი. მას შემდეგ, რაც ტიციანი და ცნობილი გამომცემელი ისიდორე კვიცარიძე ბოლშევიკების რეპრესიებს ემსხვერპლნენ, ისტორიულმა ფოტომ“სახე იცვალა - კადრიდან "გაქრნენ" ტიციანი ("ცისფერი ყანწების" ლიტერატურული დაჯგუფების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამავე სახელწოდების ჟურნალის KvirisPalitra.Geერთ-ერთი გამომცემელი ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. არსებობს ვერსია, რომ გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და ქარბუქში მიატოვეს) და ისიდორე (სამწუხაროდ, ისიდორე კვიცარიძის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ქუთაისში წიგნის მაღაზია ჰქონდა, ეხმარებოდა წიგნის გამომცემლებს და, რაც მთავარია, მეგობრობდა აკაკი წერეთელსა და ცისფერყანწელთა ორდენთან). გადმოცემის თანახმად, ისიდორეც ბოლშევიკთა რეპრესიებს ემსხვერპლა. ამ ამბის დეტალები ისევე უცნობია, როგორც იმ დროს არაერთი რეპრესირებულისა. ფოტოზე მათი ადგილი ლაქამ დაიკავა. როგორც ცნობილია, კომუნისტები ფოტოზე შლიდნენ "ხალხის მტრებს" ან პოზიტივს აზიანებდნენ. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, პოზიტივი უნდა იყოს დაზიანებული. როგორც ჩანს, კა-გე-ბემ არ იცოდა, რომ ფოტოორიგინალი ავტორთან, ნიკოლოზ საღარაძესთან ინახებოდა. მოგვიანებით ფოტოგრაფმა უნიკალური არქივიდან 7000 ფოტო და 150 ნეგატივი უფასოდ გადასცა საქართველოს სსრ ცენტრალურ სახელმწიფო არქივს. სავარაუდოდ, გალაკტიონს სწორედ ამის შემდეგ დაუწერია მოგონება ამ ფოტოზე, რომელზეც აღბეჭდილთაგან იმ დროისთვის ოთხი კაციღა ყოფილა ცოცხალი.

"...ეტყობა, ზაფხულია: ან არა, გაზაფხული, ზაფხულობით მოწაფეები დათხოვნილნი არიან და გადიან ქალაქიდან, აქ კი ლელიკო ჯაფარიძე და დათიკო მებუკე თეთრ ბლუზებში არიან სამოსწავლო ქამრებით, ფოლაქებით. ჰმ! ყველას ერთნაირი საყელოები აქვთ, გარდა ორი კაცისა. ილია ბახტაძეს და ვარლამ რუხაძეს... გახამებული, მაღლა დაყენებული საყელოები აქვთ.

საზაფხულო პიჯაკებითაა მხოლოდ ორი კაცი: თეოფილე ხუსკივაძე და ილია ბახტაძე (ია ეკალაძეს მხოლოდ ჟილეტი აქვს თეთრი).

ტიციანს ახლად შეკერილი კოსტიუმი აცვია. გიმნაზია ეს-ესაა დაამთავრა. ...ლელიკო ჯაფარიძეს ჯერ ისევ სამოსწავლო ბლუზა აცვია. ია ეკალაძეს და ევდოშვილს ერთნაირად აქვთ შუბლზე ხელი შემოდებული (ეს, ალბათ, ფოტოგრაფის რჩევით). აკაკი ჯოხზეა დაყრდნობილი. სახე დიდებულად აქვს, გამოირჩევა ყველასაგან. ნემოს არტისტული პოზა დაუჭერია. ყველაზე უბრალოდ აქ მე ვარ მხოლოდ. გამსახურდიასაც მოუსწრია კოსტიუმის შეკერვა. აკაკი წერეთლის გარდა, ღრმა მოხუცებულობა აქ არავის ეტყობა. აკაკი წერეთელს იუბილე გადაუხადეს 50 წლის მოღვაწეობისა 1908 წელს, ე. ი. სამწერლო ასპარეზზე გამოსულა 1858 წელს. მომავალ წელს სრულდება 100 წელი აკაკის სამწერლო ასპარეზზე გამოსვლიდან და 50 წელი - ჩემი სამწერლო ასპარეზზე გამოსვლიდან. აკაკის ლექსი იყო "საიდუმლო ბარათო", ჩემი ლექსი -”"სქელი ღრუბელი". რამდენი წლისა იყო ნეტა მაშინ აკაკი?

ია ეკალაძეს კი, მგონი, ის კოსტიუმი აცვია, რომლის ყიდვაშიც მე დავეხმარე სასტუმრო "გურიი"-ს ქვეშ. მან შეკერილი კოსტიუმი შეიძინა, მახსოვს, სადა მცალიაო ეხლა მკერავს ვეღმანჯო, ეს ასე გამიკეთე, ეს - ისე, არა, მამა, არაო...

ილია ბახტაძე ტანზეც კარგად იცვამდა და ფულებიც ყოველთვის საკმარისი ჰქონდა. ყველაზე მეტად უფულოები მთელ ამ წრეში მაინც მე და ევდოშვილი ვიყავით".

ეროვნული არქივის თანამშრომლების თქმით, გალაკტიონის მოგონებებმა მკვლევრებს საშუალება მისცა, დაეზუსტებინათ ფოტოზე აღბეჭდილ პირთა ვინაობა. სანამ პოზიტივს ნახავდნენ, თავსატეხად ყოფილა ქცეული კადრიდან წაშლილთა ვინაობა. საბედნიეროდ, ბოლშევიკებმა ვერ შეძლეს ბოროტი განზრახვის შესრულება - გადარჩენილი და ამოჩხაპნილი ფოტოები აგრძელებს არსებობას.

ნიკოლოზ საღარაძე

ნიკოლოზ საღარაძე ცნობილი ფოტოგრაფის - ალექსანდრე მიხაილოვის ნათესავი და მოწაფე იყო, მოგვიანებით კი მისი მემკვიდრეობა და ფოტოატელიეც გადაიბარა. 1934 წელს გადმოსახლდა თბილისში და 1936-1944 წლებში მუშაობდა ფოტოგრაფად გაერთიანება“"საქფოტოში". მომდევნო ათი წლის განმავლობაში ნიკოლოზ საღარაძე თავის მდიდარ გამოცდილებას უზიარებდა ბავშვებს პიონერთა სასახლის ფოტოწრეში.