ჩე-ლე, ჩე-ლე! - კვირის პალიტრა

ჩე-ლე, ჩე-ლე!

ქართული სპორტის ისტორიაში ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელიც ისე ახალისებდა გულშემატკივარს, როგორც რევაზ ჩელებაძე. ის, პირველ რიგში, შესანიშნავი ფეხბურთელი იყო. მისი სახელის უკვდავსაყოფად” მხოლოდ მისი პენალტებიც კმარა - გაგორებული ბურთი კარამდე ძლივს აღწევდა, თუმცა, საპირისპირო მხარეს გაწოლილი მეკარე მაინც ვერ ასწრებდა მის აღებას.

ერთი სიტყვით, ჩელებაძეს მინდორზე სიცილი და მხიარულება შემოჰქონდა. მისი  ორიგინალური თამაშით აღტაცებული სტადიონი ერთხმად სკანდირებდა: "ჩე-ლე! ჩე-ლე!.." სამწუხაროდ, ასევე ერთხმად ლანძღავდნენ, როცა მიუტევებელ შეცდომებს უშვებდა. ერთი უდავოა - როდესაც რევაზ ჩელებაძე მინდორზე გამოდიოდა,  თამაში საინტერესო და სახალისო ხდებოდა, ამის მიზეზი კი  ფეხბურთელის ხასიათი იყო.

მასზე უამრავი ანეკდოტი იქმნებოდა. მათ შორის საუკეთესოებს თავად თხზავდა და თუ სთხოვდნენ, ხალისითაც ჰყვებოდა. მაგალითად, ერთი ასეთი იყო: გულშემატკივართა ლანძღვა-გინებით თავგაბეზრებულმა ჩელებაძემ კავკასიის ქედზე მიჯაჭვულ ამირანს მიაკითხა: მიშველე, მეტის ატანა აღარ შემიძლია, ერევნის "არარატთან" გაფუჭებული დარტყმის შემდეგ (ორი მეტრიდან კარს ააცილა) ვისაც არ ეზარება, ყველა მე მაგინებსო.

- ვინ ხარ? - შეეკითხა ამირანი.

- ფეხბურთელი ვარ, რევაზ ჩელებაძე, - უპასუხა.

- ოხ, დაბმული არ ვიყო, გიჩვენებდი სეირს, შენი!.. - უღრიალა გამწარებულმა  ამირანმა.

მოამზადა ლადო გოგუაძემ