გზა აკრძალული ტაძრებისკენ - კვირის პალიტრა

გზა აკრძალული ტაძრებისკენ

სტუმრად საკუთარ მიწაზე

აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ყველაზე ძვირფასი, რასაც იქ ვერ გავუფრთხილდით, ქართული ტაძრები იყო. მარიამობის მარხვის დღეებში გადავწყვიტე, აფხაზეთისკენ მიმავალი ჩვენთვის აღმართული ბარიერი ლოცვით გამერღვია და ჩვენგან მიტოვებული ტაძრებისათვის შენდობა მეთხოვა, - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ნინო გერგედავა.

ჩემი მოძღვრის, ბორჯომის ღვთისმშობლის შობის ტაძრის არქიმანდრიტის, ანდრია ტარიადისის კურთხევით, აფხაზეთისკენ ავიღე გეზი. ენგურზე მშვიდობიანად გადავედი, მცირე მანძილი ფეხით გავიარე და გზა აფხაზის მსუბუქი ავტომანქანით  განვაგრძე. მძღოლი გულწრფელად წუხდა გალში დაბრუნებული ქართველების გაუსაძლის ცხოვრებაზე, არაერთხელ გაიმეორა: "Противно так жить!.." მივხვდი -  ცდილობდა, ისე მომქცეოდა, მასში მტერი არ დამენახა. თუმცა საფრთხე მაინც დიდი იყო: აფხაზეთში ახალ პრეზიდენტს ირჩევდნენ და წინასაარჩევნოდ გამკაცრებული კონტროლის გამო თუ ვინმეს თვალში არ მოვუვიდოდი, "უშიშროების შეგზავნილად" გამომაცხადებდნენ და ჩემს აფხაზ მეგობარს, რომელიც მეგზურობას მიწევდა, პრობლემები შეექმნებოდა.

ჩემი ბედია

საღამო ხანი იყო, ბედიის ტაძრისაკენ მიმავალ გზას რომ დავადექი. საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმოდა. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ტაძრამდე ვერ მივაღწევდი.  ბედიაში მხოლოდ ერთხელ, ბავშვობაში, ლაშქრობაზე ვიყავი ნამყოფი, თუმცა კარგად მახსოვდა მისი სიდიადე და ამ სიდიადით გამოწვეული ჩემი აღფრთოვანება!..

აღმართი ის-ის იყო ავიარე, რომ   გუმბათმორღვეული, მაგრამ მაინც დიდებული ბედია წამოიმართა... ოდესღაც ბრწყინვალე, დღეს კი მიტოვებული და გაპარტახებული ტაძარი  სულს ღაფავს. ჩუქურთმიანი ქვის ფილები იატაკზე მიმოფანტულა და ქართველების დაბრუნებამდე მათ, ალბათ, არავინ უპატრონებს. ტაძარში ალაგ-ალაგ ვიღაცას ორმოები ამოუთხრია. ნეტავ რას ეძებდნენ, ასე საგულდაგულოდ რომ გადათხარეს ეს წმინდა ადგილი?!..

ანთებული სანთლით რამდენჯერმე შემოვუარე ტაძარს, მეტანია აღვასრულე, პატიება ვითხოვე არა მარტო ჩემი, არამედ აფხაზეთიდან დევნილი ყველა ადამიანის  სახელით.

მწუხრი იდგა ბედიის შემოგარენი რომ დავტოვე. გამობრუნებულმა ერთხელაც მივხედე ტაძარს, რომელიც საოცრად ჰგავდა დღევანდელ საქართველოს - დარღვეულს, მიტოვებულს, მაგრამ მაინც საკუთარი თავის პატრონსა  და ხვალინდელი დღის მოიმედეს.

KvirisPalitra.Geშეთეთრებული ილორი

ილორი სრულიად სახეცვლილი დამხვდა. მავანს საგულდაგულოდ თეთრად გადაუღებავს  ეს უმშვენიერესი ტაძარი. ილია II-ის ცნობილი ხატის - "სამების" გარდა, აქ ყველა ხატი რუსული ან ბერძნულია.

კირით შეთეთრებული ილორის ტაძარი რუსულ სამზარეულოს მოგაგონებთ. ხატებზე რუსულმაქმანებიანი ტილოებია გადაფარებული,  კედლებს ისევ ემჩნევა ომის კვალი, ნახანძრალი ადგილები კი ისეთი მონდომებით გაუსუფთავებიათ, ფრესკების ნაშთებსაც ვეღარსად წააწყდებით.

ტაძრის ეზოში საფლავის ქვაზე რამდენიმე ქართული წარწერაა შემორჩენილი. ერთი მათგანი ათონის მთაზე ნამოღვაწარი ბერის, იოაკიმე შენგელაიას განსასვენებელია.

მამა მათე  უყვარს ქართველ მრევლს

მოქვის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი X საუკუნის ძეგლია. ტაძარს ოდესღაც მდიდარი წიგნსაცავი ჰქონია; მოქვის სიძველეთაგან განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია ცნობილი ოთხთავი, რომლის გადამწერია ბერი ეფრემი.

ტაძრის შიგნით მხოლოდ ერთადერთ ადგილას არის შემორჩენილი ქართული ფრესკის მცირე ფრაგმენტი. აფხაზეთში ჩასვლამდე ბევრი რამ გამეგონა მამა მათე ტუჟბაზე. იმედი მქონდა, ტაძარში მისული ამ ღვთისმოსავ ადამიანს ჩემს ტკივილს გავუზიარებდი, მაგრამ სამწუხაროდ, მისი ნახვა ვერ შევძელი. ჭუბურხინჯის თეთრი გიორგის (ჩე ოხვამეს) ეკლესიის წინამძღვარი მამა მათე ტუჟბა ხომ ერთადერთი სასულიერო პირია აფხაზეთში, ვინც ლოცვებში მოიხსენიებს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მადლი სულიწმიდისა საქართველოსაგან მოწყვეტილ ნაწილშიც   მძლავრობს.

KvirisPalitra.Geსვიმონ კანანელის ტაძარი

ახალი ათონის წმინდა პანტელეიმონის სახელზე აგებული ტაძარი - ჩემი ბავშვობის  ტკბილი მოგონება - მზის სხივებით გაბრწყინებული შემეგება...  ტაძარს ლოცვით რამდენჯერმე შემოვუარე და ლოცვითვე ავუყევი ზეთისხილის ხეივანს წმინდა მოციქულის - სვიმონ კანანელის ტაძრისკენ. უცნაურია, მაგრამ სენაკის რესტავრაცია წამოუწყიათ, ამიტომაც ვერ მივეახლე  საფლავს, სადაც სვიმონ კანანელის სხეულის წმინდა ნაწილები განისვენებს, სამაგიეროდ, იმ ადგილამდე მივაღწიე, სადაც ის განმარტოებული ლოცულობდა და სადაც ახლა ჯვარია აღმართული.

უღმერთო წარსულიდან

სოფელი კომანი სოხუმიდან 7კმ-ით არის დაშორებული და მსოფლიო მნიშვნელობის  წმინდა ადგილად ითვლება - აქ დაასრულა მოღვაწეობა მსოფლიოს უდიდესმა მნათობმა წმინდა იოანე ოქროპირმა, აქ იპოვეს მესამედ  წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის ქალა, აქ ეწამა წმინდა ვასილისკო...

1993 წლის 5 ივლისს, პეტრე-პავლობის მარხვის დღეებში, წმინდა იოანე ოქროპირის ტაძრის ეზოში სისხლიანი ტრაგედია დატრიალდა. იმ დღეს ბერის სამოსელმაც ვერ შეაჩერა  შეიარაღებული მოძალადე და სიცოცხლეს გამოასალმა უკანასკნელ წუთებამდე საკურთხეველში მდგარი 27 წლის მღვდელმონაზონი ანდრია (ყურაშვილი). ახლა ამ ადგილს სიჩუმე ობად მოსდებია, ისეთი მდუმარება სუფევს, ძარღვებში სისხლი გეყინება. აქ დიდი ცოდვა დატრიალდა და ვინ იცის, როდის მოეკითხებათ ურწმუნოთ ეს სისასტიკე.

- კომანისა და შრომის მოსახლეობასთან სიფრთხილე გვმართებს, ქართულად ხმა არ ამოიღო და შეეცადე, შეუმჩნეველი დარჩე! - გამაფრთხილა ჩემმა აფხაზმა მეგობარმა.

გზად ორ ობელისკთან შევჩერდით, რომლებიც ომში დაღუპულ აფხაზ ჯარისკაცთა ხსოვნის უკვდავსაყოფადაა აღმართული. შრომიდან კომანისკენ რომ გადავუხვიეთ, ჩვენ წინ პირველყოფილი სილამაზის ხეობა გადაიშალა. მანქანა გავაჩერეთ და ლოცვით ავუყევი გზას წმინდა ვასილისკოს წყაროსკენ. წყაროს წყალში რამდენჯერმე ჩავყვინთე, რომ ფსკერიდან სისხლით შეღებილი ქვები ამომეტანა და თან წამომეღო. რაც მეტ სიწმინდეს ჩამოვაბრძანებთ, აფხაზეთზე ლოცვა უფრო გაძლიერდებაო, - დამაბარა ჩემმა მოძღვარმა. წმინდა ვასილისკოს წყაროსთან ყველა ქვა, ხე, ბალახი - წითელია, როგორც  მისი მოწამებრივი აღსასრულის მარადიული მოწმეები. მოწიწებით ვილოცე წმინდა ვასილისკოს ეკლესიაში, რომელიც ომის შემდეგ არის აშენებული. ხის მორებისგან ნაგები პატარა სალოცავი რუსულ "იზბუშკას" უფრო ჰგავს, ვიდრე ღვთის სახლს. მუხლმოდრეკილმა ვილოცე წმ. იოანე ოქროპირის ტაძრის კედელთან, სადაც მამა ანდრიაა (ყურაშვილი) დაკრძალული.

წამოსვლისას მეგობრის ოჯახმა აფხაზურად მიმასპინძლა. გაოცება ვერ დავმალე, როდესაც სუფრასთან პირველი სადღეგრძელო უფლის სადიდებლად შეისვა. მითხრეს, რომ ომის შემდეგ ეს წესი ხალხში თავისთავად დამკვიდრდა. გულგასახარი ფაქტი იმის მინიშნებად ჩავთვალე, რომ ომით დათრგუნვილი აფხაზი ხალხი ჭეშმარიტ გზას ეძებს და უფლისკენ მიემართება. თუ ასეა, ომით გახლეჩილი აფხაზები და ქართველები აუცილებლად ვიპოვით ერთმანეთის გულებისკენ მიმავალ გზას.