ყარსის ხელშეკრულება - 90 წლის წინ დაშვებული შეცდომა
1921 წლის 26 სექტემბერი. ყარსის რკინიგზის სადგურზე მაღალჩინოსან თურქ სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეებს მოუყრიათ თავი. ერთ-ერთს მკაცრი და ამაყი გამოხედვა აქვს და ბრძანებებს იძლევა. ეს თურქეთის დიდი ეროვნული კრების დეპუტატი და აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი ქიაზიმ ყარაბექირ-ფაშაა. იქვე დგანან დეპუტატი მუხტარ ბეი და აღმოსავლეთ ანატოლიის რკინიგზის უფროსი ველი ბეი, თურქეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აზერბაიჯანში მენდუხ შევქეთ-ბეი, რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში სერგეი ნაცარენუსი და სხვა ოფიციალური პირები.
თურქები ალექსანდროპოლიდან გამოსულ სპეციალურ მატარებელს ელოდებიან.
როგორც იქნა, სამვაგონიანმა ორთქლმავალმა მოაღწია ყარსის სადგურს. სალონ-ვაგონიდან გადმოდიან საქართველოს სრ რევკომის პრეზიდიუმის წევრი, სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი შალვა ელიავა; საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ალექსანდრე სვანიძე, დელეგაციის მრჩეველი სასაზღვრო ტერიტორიულ საკითხებში პავლე ინგოროყვა; სომხეთის სსრ საგარეო
საქმეთა სახკომი ასქანაზ მრავიანი, სომხეთის სსრ შინაგან საქმეთა სახკომი პოღოს მაკინციანი, აზერბაიჯანის სსრ სახალხო კონტროლის სახკომი ბებუთ შახტახტინსკი, რუსეთის საგარეო საქმეთა სახკომის კოლეგიის წევრი იაკობ განეცკი, სულ ბოლოს კი დამხმარე ტექნიკური პერსონალი.
მასპინძელმა თურქებმა სტუმრები მოლაპარაკებისთვის საგანგებოდ მომზადებული ყარსის ვალის (მმართველის) რეზიდენციისკენ წაიყვანეს.
მეორე დღეს მუშაობას იწყებდა საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკება: უნდა შეთანხმებულიყო და  ხელმოწერებით განმტკიცებულიყო მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს და რაც მთავარია, საბოლოოდ წყვეტდა ურთულეს პრობლემას - სასაზღვრო-ტერიტორიულ საკითხს. ეს ეხებოდა აჭარას (ბათუმის ოლქის სამხრეთ სექტორს), აგრეთვე ართვინის ოლქს (მთლიანად) და არტაანის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილს; სომხეთში - ყარსის ოლქს ყაგიზმანითურთ და არტაანის ოლქის სამხრეთ ნაწილს, აზერბაიჯანში კი ნახჭევანს.
მოლაპარაკება, რომელიც ყარსში იწყებოდა, და დოკუმენტი, რომელზეც მხარეებს ხელი უნდა მოეწერათ, ქართული დიპლომატიის ისტორიაში ყარსის კონფერენციისა და ყარსის ხელშეკრულების სახელით გახდება ცნობილი, მანამდე კი დელეგაციებს წინ ორკვირიანი შეხვედრები, ხანგრძლივი მსჯელობა, მწვავე დისკუსიები და საბოლოოდ, ეროვნულ სირცხვილზე ხელმოწერა ელოდებათ. ეს მოხდება 1921 წლის 13 ოქტომბრის ნაშუადღევს, ყარსის ვალის რეზიდენციაში...  
ყარსის კონფერენციას წინ უსწრებდა არაერთი დრამატული მოვლენა. ყარსის ხელშეკრულებასთანაა დაკავშირებული ზოგიერთი საიდუმლოებით მოცული ფაქტი საქართველო-თურქეთისა და საბჭოთა კავშირ-თურქეთის ურთიერთობიდან, რომლებიც თავის დროზე არ გახმაურებულა და მკვლევრებისთვის ნაწილობრივ ცნობილი მხოლოდ 90-იან წლებში გახდა, თუმცაღა არქივები ჯერ კიდევ ბევრ უცნობ დოკუმენტებს ინახავენ.

სან-სტეფანოს ზავიდან მოსკოვის ხელშეკრულებამდე

საქართველო-თურქეთის (ოსმალეთის) ურთიერთობა მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთ-თურქეთის ურთიერთობასთან, უფრო მეტიც, ძალზე ხშირად ორი დიდი იმპერიის სამხედრო დაპირისპირება განსაზღვრავდა ხოლმე საქართველოს ბედს. ასე იყო XVIII საუკუნეში (იასის სამშვიდობო ხელშეკრულება, 1792 წელს); XIX საუკუნეში (ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება, 1829 წელს; სან-სტეფანოს სამშვიდობო ხელშეკრულება 1878 წელს). საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო სან-სტეფანოს ზავი, რომლის თანახმად, რუსეთის იმპერიამ დამარცხებული ოსმალეთისაგან ისტორიული ქართული ტერიტორიები (ტაო-კლარჯეთი, ერუშეთი და სხვ.) მიიღო. 1878-79 წლების ომის შედეგების მიხედვით რუსეთის იმპერიამ ბათუმი და ართვინ-არტაანი ოსმალეთისაგან კონტრიბუციის სახით მიიღო. სან-სტეფანოს ხელშეკრულებით და მოგვიანებით, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით დადგენილი რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი იურიდიულად უცვლელი იყო 37 წლის განმავლობაში. პირველი მსოფლიო ომის კავკასიის სამხედრო თეატრს კორექტივები შეჰქონდა სასაზღვრო-ტერიტორიულ საკითხებში: ბათუმსა და ართვინს ჯერ ოსმალები (ბრესტის 1918 წლის ზავის შედეგად), მოგვიანებით კი, ოსმალეთის დამარცხების შემდგომ (მუდროსის 1918 წლის ზავით),  ბრიტანელები დაეუფლნენ, არტაანი კი პროთურქული ელემენტებისაგან ჩამოყალიბებულმა თვითმარქვია ე. წ. ყარსის რესპუბლიკამ ჩაიგდო ხელში. საქართველოს მთავრობის დიპლომატიისა და ქართული შეიარაღებული ძალების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთთან საკმაოდ სწრაფად აღდგა თითქმის იმავე სახით, როგორიც პირველ მსოფლიო ომამდე იყო: 1920 წლის ივლისში, როცა აჭარა (ბათუმის ოლქი ართვინითურთ) დავიბრუნეთ, ქვეყნის ხელისუფლების კონტროლირებულმა სახელმწიფო ტერიტორიის ფართობმა თითქმის აბსოლუტურ მაქსიმუმს მიაღწია. ეს იყო უდიდესი მიღწევა XIV საუკუნის 30-იანი წლების შემდგომ, როცა გიორგი ბრწყინვალემ საქართველო კვლავ გააერთიანა.
აი, ასეთი მდგომარეობა ჰქონდა საქართველოს 1920 წლის შემოდგომაზე, როცა კომუნისტური რუსეთისა და ქემალისტურმა თურქეთის მთავრობებმა ერთმანეთს დახმარების ხელი გაუწოდეს. საინტერესოა, რომ იმ პერიოდში ვლადიმერ ლენინისა და მუსტაფა ქემალის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა: ორივე ევროპულ ინტერვენციას ებრძოდა, ანტანტა მოსკოვსა და ანგორას მტრად მიაჩნდათ. ბუნებრივია, საერთო პრობლემებმა საგარეო-პოლიტიკურ ინტერესთა დამთხვევა გამოიწვია - მოსკოვმა ქემალისტებს საბრძოლო იარაღი და ფინანსები მიაშველა. ბოლშევიკებს უფრო შორს მიმავალი მიზნები ჰქონდათ^ - საბჭოთა რუსეთი ქემალისტურ მთა¬ვრობას ახლო აღმოსავლეთში ბოლშევიკური იდეების გატარების (მსოფლიო პროლეტრული რევოლუციის) საშუალებად განიხილავდა. სულ სხვაგვარი იყო საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია - მკვეთრად გამოხატული დასავლური ვექტორით. რასაკვ¬ირველია, როგორც ქემალისტები, ასევე კომუნისტები ქართველ სოციალ-დემოკრატებს ეჭვით უყურებდნენ და თბილისის დიპლომატია აშკარად არ მოსწონდათ.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც თურქ ქემალისტებსა და რუს კომუნისტებს აერთიანებდა: ორივენი ცდილობდნენ ყოფილი იმპერიების რაც შეიძლება მეტი ტერიტორია გაეკონტროლებინათ. უფრო მეტიც, ანგორის მთავრობა მოქმედ¬ებდა 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში საქართ¬ველოსა და სომხეთთან დადებული კაბალურ ხელშეკრულებათა დებულებებით და როგორც საქართველოს ისტორიულ აჭარა-ტაო-კლარჯეთს, ასევე სომხურ ყარსსა და ყაგიზმანს (ანუ აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ვილაიეთებს) თავის ტერიტორიებად მიიჩნევდა. ქემალისტებმა თავიანთი ამბიცია იურიდიულადაც დააფიქსირეს სივასის კონგრესზე და აიძულეს იმ დროისათვის უკვე ინგლისელების ხელში მარიონეტად ქცეული ოსმალეთის პარლამენტი (მეჯლისი) 1920 წლის იანვარში მიეღო ე.წ. ეროვნული აღთქმა, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლითაც თურქეთის მომავალი საზღვრები და სახელმწიფო მოწყობა განისაზღვრა. ამ დადგენილებაში ბათუმის ოლქი თურქეთის ტერიტორიად არის წარმოდგენილი, რომელიც "დედასამშობლოს" ჯერ კიდევ 1918 წლის ივნისში დაუბრუნდა. ამასთან, პარლამენტმა „ეროვნულ აღთქმაში" მოსახლეობის ნების პლებისციტით გამო-ხატვის პრინციპიც შეიტანა. "აღთქმის" საფუძველზე პირველი პროტესტი ტერიტორიების გამო თურქეთმა საქართველოს ჯერ კიდევ 1920 წლის ივლისში გამოუცხადა, როცა დიდმა ბრიტანეთმა აჭარიდან ჯარები გაიყვანა და ბათუმი დაგვიბრუნდა, თუმცა იმ დროს ქემალისტების პროტესტისათვის თბილისს ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევია. არადა, თითქმის იგივე განმეორდა 1921 წლის იანვარშიც, როცა საქართველოს დიპლომატიური მისია სიმონ მდივნის ხელმძღვანელობით ანკარაში ჩავიდა: საზღვრებზე საუბრისას მუსტაფა ქემალმა "ეროვნული აღთქმა" შეგვახსენა და მისი ტექსტი გადმოგვცაო, - ატყობინებდა ქართველი ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროს თბილისში.  
"ეროვნული აღთქმა" თურქეთისთვის დღესაც მოქმედი იურიდიული დოკუმენტია, რადგან სწორედ მასშია დაფიქსირებული თანამედროვე თურქეთის ტერიტორია.

"ბათუმი და ართვინ-არტაანი ჩვენია!"

თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა სულ უფრო მტკიცდებოდა. 1920 წლის დასასრულს გადაწყდა მეგობრობის ხელშეკრულების დადებაც. საინტერესოა, რომ  ბაქოს გავლით მოსკოვს მიმავალი ანგორის მთავრობის დელეგაცია იუსუფ ქემალის მეთაურობით ბათუმიდან თბილისში 4 თებერვალს, რუსეთის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა. საქართველოს ხელისუფლებამ თურქები დიდი პატივით მიიღო, გაიმართა ხანმოკლე მოლაპარაკება, რომლის დროსაც ქემალისტებმა დაადასტურეს ახლო მომავალში საქართველოსთან ხელშეკრულების დადების სურვილი.
საბჭოთა სარკინიგზო ტრანსპორტის ცუდი მუშაობის გამო თურქეთის დელეგაციამ მოსკოვში ჩასვლა დააგვიანა. თურმე ბაქოში მათი ვაგონი შეცდომით რომელიღაც მეორეხარისხოვანი ეშელონისთვის ჩაუბამთ. იუსუფ ქემალი თითქმის ყოველი სადგურიდან ტელეფონით უკავშირდებოდა საგარეო საქმეთა სახკომს გიორგი ჩიჩერინს და დახმარებას სთხოვდა, სპეციალური ორთქლმავალი გვჭირდებაო. როგორც იქნა, 19 თებერვალს, თურქები მოსკოვში ჩავიდნენ, ხოლო რუსეთ-თურქეთის კონფერენცია 26-ში დაიწყო. ხელშეკრულების პროექტის შემუშავებისას მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულება უნდა ყოფილიყო თურქეთის ტერიტორიისა და მისი აღმოსავლეთის საზღვრის აღიარება რუსეთის მიერ.
ამ დროს კი საქართველოში ყოველი მხრიდან შემოსეულმა რუსეთის ჯარებმა თბილისი დაიკავეს, მთავრობა ევაკუირებულია ჯერ ქუთაისში, შემდეგ ბათუმში... მარტის დასაწყისში ანგორიდან (ანკარიდან) მიღებული დირექტივების საფუძველზე იუსუფ ქემალმა რუსეთის მთავრობას ბათუმის, ართვინისა და არტაანის, აგრეთვე ყარსის თურქეთის შემადგენლობაში აღიარება მოსთხოვა. ამით მან ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ეს ქალაქები მხოლოდ და მხოლოდ თურქეთს ეკუთვნის...
KvirisPalitra.Geროგორც თურქული, რუსული და სომხური წყაროებით ირკვევა, გიორგი ჩიჩერინი წინააღმდეგი ყოფილა, რომ თურქეთს ყარსის ოლქი გადასცემოდა. სამეცნიერო ლიტერატურაში სომეხთა ლობისტად წოდებული ჩიჩერინი მართლაც "კბილებით იცავდა“ სომეხთა ინტერესებს, კატეგორიულად მოითხოვდა თურქებს  დაებრუნებინათ ყარსი და ალექსანდროპოლი (დღევანდელი გიუმრი, ყოფილი ლენინაკანი), რომლებიც ქემალისტებმა სომხეთთან 1920 წლის აგვისტოს ბოლოს დაწყებული ომის დროს ჩაიგდეს ხელში. ცნობილი რუსი დიპლომატის ამგვარ მოქმედებას თურქეთის დელეგაცია ძალზე გაუნაწყენებია, მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარიც კი უთქვამთ. საქართველოს პატრონი კი არც ანკარაში და არც მოსკოვში არავინ იყო. ჩვენი მოსკოველი ელჩი გერასიმე მახარაძე ჩეკამ დააპატიმრა, ხოლო ანკარაში საქართველოს ელჩს სიმონ მდივანს მუსტაფა ქემალი სიტყვით დახმარებას ჰპირდებოდა, საქმით კი პირიქით აკეთებდა - ულტიმატუმი წამოგვიყენეს, რომ ჩვენს სამხედრო გარნიზონებს უმოკლეს ვადაში ართვინი და არტაანი დაეტოვებინათ.
და აი, საქართველოსათვის ასეთ დრამატულ ჟამს არენაზე გამოჩნდა კავკასიის პრობლემათა მცოდნე, რუსეთის ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარი იოსებ სტალინი, იგივე კობა.

"კობა, მიდი ერთი თურქებს დაელაპარაკე"
ვლადიმერ ლენინს სულაც არ სურდა თავისი თურქი კოლეგის, მუსატაფა ქემალის განაწყენება, რადგან კრემლი თურქეთს, როგორც უკვე ვთქვით, აღმოსავლეთში თავის მნიშვნელოვან რევოლუციურ მოკავშირედ მიაჩნევდა. როგორც თურქი მკვლევრები ამტკიცებენ, მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი უთანხმოების გადაჭრაში მთავარი როლი სწორედ იოსებ სტალინს შეუსრულებია. ამასვე ადასტურებენ სომეხი ისტორიკოსებიც.
9 მარტს, გვიან ღამით, ლენინმა თურქებთან საკითხის გარკვევა იოსებ სტალინს დაავალა, 10 მარტს იუსუფ ქემალმა თავისი მოთხოვნები ბათუმ-ართვინისა და ყარსის თურქეთის შემადგენლობაში აღიარებაზე უკან წაიღო, ორიოდე დღის შემდეგ კი ხელშეკრულების პროექტზე საზეიმო ხელმოწერის თარიღად 16 მარტი დაინიშნა.
იბადება კითხვა: მაინც რა მოხდა 9 მარტის ღამეს ისეთი, რამაც თურქების პრეტენზიები დააცხრო? ზუსტად თქმა ძნელია, მაგრამ შედეგი გვაფიქრებინებს, რომ კობამ პრიორიტეტი მიანიჭა ბათუმს, როგორც შავიზღვისპირეთის უმნიშვნელოვანეს ნავსადგურსა და ბაქოს ნავთობსადენის ბოლო მონაკვეთის შენარჩუნებას, სხვა ქართული მიწები კი, სომხურთან ერთად, თურქებს დაუთმო. თუმცაღა, ბათუმის შენარჩუნებაც საეჭვო კომპრომისად გამოიყურება: თურქებს თითქოსდა უთქვამთ, ბათუმი ჩვენია, მისი სიუზერენები ჩვენ ვართ, მაგრამ კარგი, გითმობთ, ოღონდ აჭარას ავტონომიის სტატუსი უნდა მიანიჭოთო.
რასაკვირველია, კობამ კარგად იცოდა, რომ ისტორიული ტაო-კლარჯეთი ქართული ცივილიზაციის აკვანი იყო - მას ხომ სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული და ისიც იცოდა, რომ თურქეთისათვის გადაცემულ ტერიტორიაზე უამრავი ქართული ქრისტიანული ძეგლი იყო შემორჩენილი? მაშ, რატომ მოხდა, რომ შატბერდი, ბერთა, ანჩი, პარხალი და იშხანი მუსლიმანებს დარჩათ? პასუხის გაცემა ძნელია. შეიძლება სტალინი ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ დროებითია, იმჟამად აუცილებელი იყო თურქეთთან მეგობრობის შენარჩუნება, ვითარებას კი მომავალში გამოასწორებდა. ასე იყო თუ ისე, საქართველომ ტერიტორიის თითქმის ერთი მესამედი დაკარგა.
მოვლენებს თუ წინ გავუსწრებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ იოსებ სტალინმა მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიების საკითხი მართლაც გაიხსენა და თურქეთს მათი დაბრუნება ოფიციალურად მოსთხოვა... ალბათ, მძიმე ტვირთად აწვა 1921 წლის 9 მარტის ღამით გაწეული კომპრომისი თურქებთან.¬

ძმობა და მეგობრობა... უვადოდ

1921 წლის 16 მარტი. მოსკოვში, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის შენობაში ერთობ დიპლომატიური მოვლენა ხდება: ხელი უნდა მოეწეროს რუსეთ-თურქეთის მეგობრობის ხელშეკრულებას. აი, სხდომათა დარბაზში შედის თურქეთის დელეგაცია: ეკონომიკის მინისტრი იუსუფ ქემალ თენგირშენქი (მეთაური), თურქეთის ელჩი რუსეთში, გენერალი ალი ფუად ჯებესოი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რიზა ნური-ბეი...
ჩიჩერინი თურქ დიპლომატებს მაგიდასთან იწვევს, რომელზეც ხელშეკრულების პარაფირებული ტექსტი დევს. დგება მნიშვნელოვანი  მომენტი: დოკუმენტს ხელს ჯერ ჩიჩერინი და სრულიად რუსეთის ცკ-ის წარმომადგენელი ჯელალ კორკმასოვი აწერენ, შემდეგ კი იუსუფ ქემალი, რიზა ნური და ალი ფუადი.
მორჩა! ქართველთა დაუკითხავად, თბილი¬სიდან შორს, მოსკოვში ხელმოწერილი "რუსეთ-თურქეთის მეგობრობის ხელშეკრულებით" გადაწყდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ტერიტორიისა და საზღვრების ბედი.
მოსკოვის ხელშეკრ¬ულები¬თაა¬ "დაბადებული" ყარსის ხელშეკრულებაც.

სიმონ კილაძე
(
იხ. გაგარძელება)

Maia kupatadze
20 დეკემბერი 2017 10:53
ADAMIANMA GADMOGVCA ZEDMICEVNIT DA TANMIMDEVRULAD. UPRO METI TQVEN TU ICIT GISMENT.
RAC SHEEXEBA STATIAS . TANMIMDEVRULAD AGCERILI KVELAPERI. CHVEN STATIIS SHEDEGI TU AR MOGVCONS ES AR GVAZLEVS MISI AVTORIS SHEURACKOPIS UPLEBAS
Me
15 მარტი 2017 16:12
Yarsis xelshekrulebas vada gasdis. Mgoni male dagverxeva
რობერტ ნადირაძე
13 აგვისტო 2015 14:09
სტატის ავტორი უცოდინარობას ავლენს,რადგან ვერ ხვდება ,რომ ამ დროის ნებისმიერ იურიდიულ დოკუმენტს,მხოლოდ დევნილობაში მოფი ხელისუფლება ანიჭებდა კანონიერებას.

რუბრიკის სხვა სიახლეები