ძველი-ახალი თბილისი - კვირის პალიტრა

ძველი-ახალი თბილისი

ძველი თბილისის ბაზარი იყო ადგილი, რომელიც არც დროს ცნობდა, არც სივრცეს... აქ ისე იოლად გადააწყდებოდი ისეთ სურათს, თავი სადმე ცენტრალურ აზიაში გეგონებოდა... აქ იყო ქართული სოფელიც - უფრო ქართული, ვიდრე შეიძლებოდა წარმოგედგინა, იყვნენ ყოჩაღი და ზარმაცი, ჭკვიანი და არხეინი, მფლანგველი და მოსიყვარულე ქართველები. ანგლობდნენ კინტოები, ქოლგებით დაბრძანდებოდნენ კნეინები, "რუსის პირდაუბანელ მოხელეებსაც" აქ ნახავდით, ევროპაზე და "ველიკორუსზე" ბაქიბუქში ძლივს რომ აბრუნებდნენ პირში ენას და გულუხვი ქართველის მიწოდებულ სასმელს სულმოუთქმელად გადაჰკრავდნენ. ჭორებიც აქ იბადებოდა და ვრცელდებოდა. სადედამთილოები სარძლოებს ეძებდნენ, სოფლიდან ჩამოსული, ქალაქით გაოგნებული გოგონები - წითელ წკაპუნებს... ჰო, სწორედ ისე, როგორც მიხეილ ჭიაურელის ფილმ "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"-შია.

ბაზარი თავის კანში ვერ ეტეოდა და ხანდახან თბილისის ქუჩებსაც გასწვდებოდა ხოლმე, აი, ისე, რეჟისორ გია დანელიას მოგონებაში რომ არის:

"თბილისში დილა იწყებოდა ყვირილით:

- მაცონ, მალაკოოოო! მაცონ, მალაკოოო!..

უახლოესი სოფლების გლეხებს ჩამოჰქონდათ საქონელი. გამყიდველებს ეცვათ ტყავის ქამარშემორტყმული სატინის პერანგები, შალის წინდებში ჩატნეული სატინისვე შარვლები, ფეხზე–- ქალამნები, თავზე +- კახური ქუდი, ხელში -  ჯოხი ვირისთვის (საქონელი გლეხებს ვირებით დაჰქონდათ).

"მაცონ, მალაკოს" შემდეგ გამოჩნდებოდა შემდეგი და ყვიროდა:

- კვერცხი! კვერცხი!

ვიღაც ენამახვილი უსათუოდ გაეპასუხებოდა:

–- რა, გტკივა?

–- კვერცხი! კვერცხი!

პატარა, გამხდარი, ხნიერი, ბამბაზიის ხალათში გამოხვეული მოახლე ნიურა დილიდან იდგა ჩვენი ეზოს ჭიშკართან და დოინჯშემოყრილი ელოდა გამყიდველებს. სამიდან ერთი გამყიდველის (ზოგჯერ კი სამივესი ერთად) ვირები თავიანთ ვირულ ხასიათს ამჟღავნებდნენ და უადგილო ადგილზე ჩერდებოდნენ. მაშინ პატრონი გაჯიუტებულ ვირს აგინებდა და ჯოხით სცემდა. ნიურა, თითქოს ამას ელოდა, ყვირილით დაეძგერებოდა გამყიდველს: "- საძაგელო, აბა, შენ გაგლახონ ასეო–და ცდილობდა, ჯოხი წაერთმია. იმავე წუთს ეზოდან ნიურას დასახმარებლად გამორბოდა ბუთხუზი, გამძვინვარებული ყეფდა, ხტოდა და საცოდავს ცხვირწინ კბილებს უკრეჭდა, მაგრამ არ იკბინებოდა (ნიურა კბენას უშლიდა). მერე გამორბოდნენ მეზობლები და ნიურას და გამყიდველს აშველებდნენ. გამყიდველი იმუქრებოდა ხოლმე, - თუ ამ სულელ დედაკაცს და ძაღლს ჯაჭვით არ დააბამთ, ჩემი ფეხი აღარ იქნება ამ უბანშიო, მაგრამ მაინც მოდიოდა - კომერცია კომერციაა, ძმაო... მეორე დღეს ყველაფერი თავიდან იწყებოდა..."

აი, ეს თბილისი გადაიღო ფოტოხელოვანმა ბონდო დადვაძემ, მაგრამ გადაიღო 1965 წელს... როგორც უნდა გაგიკვირდეთ, გადაიღო დაღლილი აქლემებიც ვაჭრების ქარავნიდან, ქოლგიანი კნეინებიც, ხილის გამყიდველი კინტოებიც და ხილით დახუნძლული დახლებიც... ის რუსის მოხელეც მოხვდა კადრში თავისი "ბარაშკა" ქუდით, რომელზეც ცოტა ხნის წინ გიყვებოდით...

პირველად გავიკვირვე, - ასეთი თბილისი სად იპოვეთ-მეთქი. გულუბრყვილოდ მომივიდა, ცხადია. ეს მიხეილ ჭიაურელის თბილისია, ფილმის, "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" - გადაღებისთვის რომ გააცოცხლაო, - გაეცინა ფოტოს ავტორს და მიმითითა: - აბა, დახედე, მტკვრის სანაპიროზე როგორ დაქრიან მანქანებიო...

მართლა 60-იანი წლების თბილისი ყოფილა... ძველი თბილისის მცოდნე და მოყვარული მიხეილ ჭიაურელი კი დაწვრილებით უამბობდა მსახიობებს, როგორი იყო ხელოსანთა ამქარი, როგორები იყვნენ კინტოები... სულგანაბული უსმენდნენ დიდი არტისტები და მერე იმას თამაშობდნენ, რასაც ძველ ცხოვრებაზე უამბობდა რეჟისორი.

კვარცხლბეკი უკვე მომზადებული იყო ვახტანგ გორგასლის ძეგლისათვის, მაგრამ ძეგლი ჯერ კიდევ არ იდგა. ნარიყალას ზარმაცად გაჰყურებდნენ ზოოპარკიდან მოყვანილი აქლემები. იქმნებოდა ფილმი, რომლის ფასს მაშინვე ვერა, მაგრამ მოგვიანებით მაინც გაიგებდნენ თბილისელები.