"გალაკტიონის სახლის შორიახლო შეგროვილმა ხალხმა მძღოლთა ყურადღებაც მიიპყრო - სულ მალე კი ქუჩა ისე გაივსო, გავლა შეუძლებელი გახდა" - როგორ გადაკეტა ქუჩა გალაკტიონმა? - კვირის პალიტრა

"გალაკტიონის სახლის შორიახლო შეგროვილმა ხალხმა მძღოლთა ყურადღებაც მიიპყრო - სულ მალე კი ქუჩა ისე გაივსო, გავლა შეუძლებელი გახდა" - როგორ გადაკეტა ქუჩა გალაკტიონმა?

დღევანდელი თბილისის ქუჩები ხშირად იკეტება. ხან საპატივცემულო სტუმრი ჩამობრძანდება, ხან პრეზიდენტი ქალაქის ქუჩებში გადაადგილება, ხანაც მანიფესტაციები ეწყობა... იყო დრო, დედაქალაქის ქუჩებს პოეტები კეტავდნენ.

შემთხვევა, რომლის შესახებაც გიამბობთ, გასული საუკუნის 50-იან წლებში მოხდა და გალაკტიონ ტაბიძეს უკავშირდება.

მოგეხსენებათ, გალაკტიონი მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გვერდით, ოთხსართულიანი სახლის მე-2 სართულზე ცხოვრობდა. ისედაც წარმოსადეგი პოეტი მოგვიანებით მოშვებულმა წვერმა უფრო დაამშვენა და დიდებული იერი შესძინა. ერთხელ გალაკტიონი თავისი სახლის აივანზე გამოვიდა. ერთმა გამვლელმა დაინახა და შეჩერდა, რათა კარგად შეეთვალიერებინა გენიალური პოეტი. ამ ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე. სახლის შორიახლო შეგროვილმა ხალხმა მძღოლთა ყურადღებაც მიიპყრო - ერთმა სვლა შეანელა... სულ მალე კი ქუჩა მანქანებითა და ხალხით ისე გაივსო, გავლა შეუძლებელი გახდა. გალაკტიონი კი თითქოს ვერც ამჩნევდა მისი მიზეზით ატეხილ ორომტრიალს - სვეტივით აღმართული იდგა აივანზე და სივრცეს გაჰყურებდა... ასე გაგრძელდა 15-20 წუთი; შემდეგ ისე, რომ ქვემოთ არც ჩამოუხედავს, ოთახში შებრუნდა და კარი მოხურა.

ლადო გოგუაძე