მის საიდუმლოს სტრიქონსა და სტრიქონს შუა ამოიკითხავთ
რაც ენით არ თქვა საკუთარ ტკივილზე, სნეულებით მაინც აშკარა გახდა

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ლეჩხუმის მთები, აუცილებლად იგრძნობდა მათ სირბილესა და სიმაღლეს... ეს არ არის ხევის კლდეები, ან სვანეთის მიჯრით მიწყობილი, ცაში აჭრილი მკაცრი მწვერვალები. ისინი ჰორიზონტს რბილად მიხატვიან და სწორედ ეს არის მაცდუნებელი, რადგან ლეჩხუმის მთები მიუვალი და ბევრი საიდუმლოს მკაცრი დამცველია. ძალიან ჰგავს ლადო ასათიანი თავის მშობლიურ ლეჩხუმის მთებს.

მისი პოეზია ყველა ქართველისთვის ჟანგბადივითაა. ბავშვებს ლამის ნინველობაში ასწავლიან:
"საქართველოში იბადებოდნენ და მერე მუდამ სწუხდნენ ამაზე: ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე, თავს არ მოიკლავს ქართველი, არა"... ამ სიცოცხლის მოყვარული ლექსების უკან ძალიან ბევრი ტკივილიც იმალებოდა და პოეტის მიუვალ მთის კალთებზე გადამალული საიდუმლოც.

"როგორ გამეხარდა, "დონ კიხოტში" რომ ვნახე ფრაზა: ქვა მოხვდა
ლიტრას თუ ლიტრა მოხვდა ქვას, მაინც ვაი ლიტრის ბრალიო. "ქილილა და დამანაშია" ასეთი - ჭაროს ნათქვამი არაკი - "ხელმწიფე და დიდებული": "მე და შენი საქმე ჭიქასა და ქვასა ჰგავს, თუცა ქვა ჭიქასა ეცა, ანუ ჭიქა ქვასა დაჰკრა, ორგანვე ჭიქა დაილეწება და ქვა უვნებლად დადგება", - წერს უბის წიგნაკში ლადო ასათიანი. არაფერს აზუსტებს, თუმცა იცის, რომ აგორებული ქვაა მისი ცხოვრების ეპოქა - იდეოლოგიით შეჯავშნული და გაქვავებული. გული გაგლეჯილი აქვს უდიდესი ტკივილით, რომელიც ეპოქის ნიშანსაც ატარებს და მისი პირადი ტკივილიცაა.

დედამისი - ლიდა ცქიტიშვილი, მასწავლებელი იყო ლეჩხუმში. 1937 წელს გადაასახლეს. ვერ გაუძლო საშინელ პირობებს, დასნეულდა და გადასახლებაშივე გარდაიცვალა. შემორჩენილია რამდენიმე წერილი, რომელიც დედამ მოსწერა შვილებს ბანაკიდან: "ჩემო ძვირფასო, ყველაზე ულამაზესო - გარეგნულად და უფაქიზესო - სულიერად, შვილო ვალოდია (მაპატიონ, როგორც დედა, ისე ვმსჯელობ)! ჯერ კიდევ თავისუფლებაზე თქვენზე თავშემოვლებული, ეხლა ჯანმიხდილი შენი დედა საწყალი, მის სიცოცხლეში მართალი თავს შემოგევლოს. როგორც დედა, ერთი წუთი არ მინდოდა თქვენს გარეშე მეცხოვრა, თავისთვის მიმეხედა, რაც ცუდი ყოფილა  ჩემთვისაც და არც თქვენთვის ხელსაყრელი. ამიტომ, შვილო, არცერთი ავადმყოფობა არ დაიტოვო, იმწამსვე მოირჩინე...

ნეტავ დილიდან საღამომდე გიყუროთ, მერმე სულიც ამომძვრეს, ბედნიერი ვიქნები. აქ სიკვდილი არა და არ მინდა. გთხოვთ, დედა შემოგევლოს. რაც შენთვის მიამებია, უნდა გადაგახდევინო. მედიკოს, შენს ერთადერთ დას, უნდა ჩააცვა, დაახურო, მიხედო და აუცილებლად კბილის, ან თვალის ექიმად გაზარდო. გეხვეწები, გოგისაც გაუწიე ძმობა.
... საზიზღარი ინტრიგის მსხვერპლი მე შევიქენი, რადგან იცოდნენ ოჯახს, შვილებს მე ვამაგრებდი. მე ხომ ჩვეულებრივი მეოჯახე დედაკაცი არ ვიყავი...
1939 წ. 15 თებერვალი"

დარდს დარდი ემატებოდა. ლადო ასათიანი ომახიან ლექსებს წერდა, სავაჟკაცოდ განაწყობდა მთელ სამყაროს და თავადაც დიდი ვაჟკაცობით იტანდა გადასატანს. რუსთაველის ქუჩაზე გადიოდა და იქ, თავის საყვარელ ჭადართან მდგარი, მთავარ სათქმელს გულში იკლავდა. მწუხარების გამომზეურება არ სჩვეოდა...

"რუსთველის პროსპექტზე სიარული/ ნუ მომიშალოს ღმერთმა,/ ვიყო მუდამ ასე მხიარული,/ ქართველი პოეტი მერქვას", - მხოლოდ ამ განცდას უჩვენებდა სამზეოს. მან იცოდა ვაჟკაცობის ფასი, ვაჟკაცობის დანახვაც იცოდა: "მწვანე ბაზარში ვნახე გალაკტიონი. ქეიფობდა ქუთაისელ მემწვანილეებთან და „მეტაჩკეებთან. ზამთარი იყო, - ქუთაისური ქარ-ყინვა. გულგაღეღილს მოუჩანდა წითლად აღაჟღაჟებული ვაჟკაცური მკერდი", - წერდა ის.

მისთვის შეუდრეკელი ვაჟკაცი იყო ფიროსმანიც. წერდა, - დავდივარ იმ ადგილებში, სადაც ნიკალას დაუდგამს ფეხიო და ლექსი თავისთავად იბადებოდა:
ყველა ხევსური და ყველა სვანი,/ ქართველი ქალი თვალებმაყვალა,/ ჩემი თბილისი და ფიროსმანი,/ არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!/ მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,/ ცოცხალი არვინ არ მიიკარა,/ მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ/ და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას".

თითქოს მხიარული მეგობრის წერილია მეგობრისადმი და მაინც რამხელა სევდაა სტრიქონთა შორის. ეს წერილი ლადო ასათიანმა ნიკა აგიაშვილს მისწერა: "ძმავ და მეგობარო, მამავ და მასწავლებელო, ჩემო ძვირფასო ნიკალაშა! 8-ში მივიღე წერილი. მეტყველება ისეც არ მივარგოდა და შენი წერილის მიღების შემდეგ სულ ჩამივარდა ენა სიხარულით.

რაც შენ წახვედი, მას შემდეგ სულ მარტო ვარ, არც ქალაქში გავსულვარ ერთხელ მეტად. "გრანდ-ოტელისაკენ" არ გამიხედავს. დღეს ვიშოვნე სამი მანეთი და ჩვენს საყვარელ მაგიდასთან მინდა დავჯდე - საშაქარლამოში, მინდა ვიფიქრო შენზე... სხვებზე... ყველაზე... ქვეყანაზე, ცოტა ჩემზედაც.

ჩემი საქმე კარგათ მიდის. ლევან გაბრიაძემ მითხრა, - თხუთმეტისათვის ინსტიტუტში დაგაჯენო, დასკვნა გაკეთებული მაქვს და მდივანთან უნდა შევათანხმოო. ალბათ, მეშველება რამე. მოგწერ აუცილებლად.

ეჰ... ნიკალაშა, როგორ მარტოდ დამტოვე, კაცი არა მყავს, სიტყვა ვუთხრა... ვინ ყოფილხარ, რა ყოფილხარ!... გულზე მომხვდა შენი მონაწერი... დამიჯერე, არ შეგარცხვენ, ნიკალაი!...
გადაეცი ჩემი სალამი და მადლობა ალიო მაშაშვილს ყურადღებისათვის. იმედი მექნება დანაპირების ასრულების.

გიგზავნი „ორ ბალადას“ ილიაზე - "ეძახის", მეორე - "საგურამო", მანდ გაქვს და, თუ გიყვარდე, დაბეჭდე ასე: "ორი ლექსი ილიაზე" ("საგურამო", "ეძახის"). "საგურამოში" შეასწორე პირველი ტაეპის მეორე სტრიქონი ასე: "ხე რხეული და რტოებხნიერი", და მე-14 ტაეპის მეორე სტრიქონი ასე:

"მიაგავს იგი გაშლილ ჩაბალახს".
ასევე ერთად დამიბეჭდე "ორი ბალადა".
პოემიდან ვერ გიგზავნი ვერაფერს, სულ მალე მთლიანად პოემას გამოგიგზავნი.
ქუთაისში თოვს... გუშინ ძაღლების ჩხუბს ვუყურე და ჩვენი ბებერი ძაღლი გამახსენდა... ნახვამდის. წერილი მალე მომწერე. თუ რამე დაგჭირდეს, შემომითვალე.

გეხვევა მარად შენი ლადო ასათიანი.
10.3.1938. ქუთაისი".

მეტი და მეტი გამძლეობა სჭირდებოდა. რაც ენით არ თქვა საკუთარ ტკივილზე, სნეულებით მაინც აშკარა გახდა. ტუბერკულოზი შეეყარა - სენი, რომელიც ხშირად სულიერ მდგომარეობასაც უკავშირდებოდა ხოლმე.

"როგორ არ მინდა, ძლიერო სენო,
ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო!
როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს
დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები!.."

შვილის გამო ძალიან წუხდა მრავალი ტკივილით დატანჯული მამა - მექი ასათიანი:

"ძვირფასო მამიკო ლადო!
შენს სიცოცხლეს ვსთხოვ ღმერთს.
ლადო, მამა! აქ შემთხვევით შევხთი პარმენ ფუტკარაძეს და მითხრა შენი ამბავი. მითხრა ისიც, რომ აბასთუმანში საშინელი სიძვირეა, გამომდინარე აქედან, გიგზავნი კიდევ 200 მანეთს. ცოტას მაინც წაგადგება ჯერჯერობით და მერე კიდევ გამოგიგზავნი"...

მექი ასათიანი ორი შვილის გარდაცვალებას მოესწრო - ორი ვაჟი მიაბარა მიწას. ლადოს დედამ შვილიშვილი - მანანა ვერ ნახა თვალით,  რამდენიმე ქარვის მარცვალი და საკუთარი ხელით მოქსოვილი ქუდი გამოუგზავნა ბანაკიდან ვიღაც ქალის ხელით...

ლადო 26 წლისა გარდაიცვალა.
და როგორ ზედაპირზე ამოტანილადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ყველაფერი მის შემოქმედებაში, არის ბევრი საიდუმლო, რომელიც თან წაიღო. ამ საიდუმლოთა მარცვლებს სტრიქონსა და სტრიქონს შუა მოაგროვებთ, ახლა უკვე თქვენი ბიბლიოთეკის რჩეული ლადო ასათიანის ორტომეულიდან, რომელიც სულ მალე გამოვა ჟურნალ "გზასთან" ერთად.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები