ოშკის გადარჩენის ერთადერთი გზა?! - კვირის პალიტრა

ოშკის გადარჩენის ერთადერთი გზა?!

ისე დავბერდი,

ვეღარ ვნახე

ტბეთი, შატბერდი,

ვერც არტანუჯი,

ოშკი, ხახული...

როდის მოუვათ

მათ გაზაფხული?

გიორგი ლეონიძე

დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე უძველეს ქართულ ძეგლს, ოშკის ტაძარს გადარჩენის რეალური პერსპექტივა გაუჩნდა. ძეგლთა მსოფლიო ფონდმა ოშკი 2012 წლის საზედამხედველო სიაში შეიტანა.

ირინე გივიაშვილი, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი:

- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში ძეგლთა მსოფლიო ფონდი World Monuments Fund (WMF) გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციაა. ის 1965 წელს დაარსდა და დღემდე ხუთასზე მეტი პროექტი აქვს განსახორციელებული მსოფლიოს 90 ქვეყანაში. ფონდის მიერ გადარჩენილ ძეგლთა სიაშია თაჯ-მაჰალი - ინდოეთში, აია-სოფია - სტამბოლში, ეფესო - საბერძნეთში, პომპეი - იტალიაში, მეფეთა ველი - ეგვიპტეში, ვენეციის არაერთი ძეგლი, მათ შორის - დოჟების სასახლე, წმინდა პავლეს ტაძარი ლონდონში, წმინდა ეკატერინეს მონასტერი - სინას მთაზე და სხვ. ფონდი თანამშრომლობს სხვადასხვა დონორთან, ხშირად იმ ქვეყნის მთავრობასთან, სადაც ძეგლი მდებარეობს ან ადგილობრივ მეცენატთან, ზოგჯერ კი დიდ კომპანიასთან ან ამერიკის პრეზიდენტის ფონდთან. ყოველ წელს ნიუ-იორკში გამართულ მეჯლისზე ფონდი სპეციალურ ჯილდოს გადასცემს იმ პირს ან ოჯახს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში. ჯილდო ხელოვნების დიდი მოტრფიალის, რომის იმპერატორ ადრიანეს სახელს ატარებს. 27 ნოემბერს მორიგი დაჯილდოება გაიმართება. ფონდის ნომინირებული ძეგლების მხარდასაჭერად მეჯლისის ბილეთის ფასი 1.000-დან 50.000 დოლარამდე მერყეობს.

2011 წელს მსოფლიო ძეგლთა ფონდმა და თურქეთის კულტურის სამინისტრომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს აღმოსავლეთ თურქეთში არსებული ისტორიული ქალაქ ანისის რეაბილიტაციაზე. ანისის კათედრალისა და მაცხოვრის ეკლესიის კონსერვაციას თურქეთის მთავრობა და აშშ-ის პრეზიდენტის ფონდი დააფინანსებენ. მემორანდუმი გრძელვადიანია, რაც აღმოსავლეთ თურქეთში ძეგლების დაცვასთან ერთად ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ასე რომ, ანისით დაწყებული თანამშრომლობა უთუოდ ხელს შეუწყობს ამ მხარეში არსებული ქართული მემკვიდრეობის დაცვასაც.

- რატომ დაინტერესდა ფონდი ოშკით და აქამდე რატომ არ მოხერხდა ეს?

- განაცხადი აქამდე არავის გაუკეთებია. განაცხადების შეტანა ორ წელიწადში ერთხელ შეიძლება. 2009 წლის შემოდგომაზე, ოშკიდან ქრისტეს რელიეფი რომ ჩამოვარდა, ჩვენ მხოლოდ ფოტოების (მცირე კომენტარითურთ) ატვირთვა შეგვეძლო ფონდის საიტზე, მაშინ განაცხადების მიღება შეწყვეტილი იყო. განაცხადის შეტანის იდეა ჩვენს კოპენჰაგენელ კოლეგას, დოქტორ მარკუს ბოგიშს ეკუთვნის, თუმცა მე და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი დავით ხოშტარია (1992 წელს მან პირველმა მოაწყო ექსპედიცია თურქეთის ქართულ მხარეში) ერთხანს  თავს ვიკავებდით და ველოდებოდით, რომ საკითხი თურქეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებით მოგვარებულიყო და შემდგარიყო პროექტი, რომელიც არა მხოლოდ ოშკის, თურქეთის ტერიტორიაზე სხვა ქართული ძეგლების გადარჩენასაც უზრუნველყოფდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ოშკის რეაბილიტაციის პროცესი ისევ შეჩერდა, განაცხადის შეტანა გადავწყვიტეთ.

წელს 67 ძეგლი შეირჩა მსოფლიოს 40 ქვეყნიდან. გადაწყვეტილების მიღებამდე ფონდმა ჩვენი განაცხადი ექსპერტებს გაუგზავნა. როგორც ჩანს, ჩვენმა ინიციატივამ დადებითი შეფასება მიიღო, ფონდმა ზაფხულშივე მოაწყო თურქეთში ტური და ოშკი და იშხანი დაათვალიერეს. ოშკმა გრანდიოზული შთაბეჭდილება მოახდინა.

ის აღიარეს მსოფლიო მასშტაბის ღირსშესანიშნავ ძეგლად, რომელსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება. WMF-ის ოშკისადმი მიძღვნილ ოფიციალურ გვერდზე ლაპარაკია, რომ ოშკი არის ქართული არქიტექტურული ძეგლი, რომლის მაშენებელნიც იყვნენ ქართველი ბაგრატიონები; რომ ოშკი არის ამ ეპოქისა და ამ მხარის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გრანდიოზული არქიტექტურული ნაგებობა.

ასეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია პირველად იწყებს საქართველოს საზღვრებს გარეთ მდებარე ქართულ მემკვიდრეობაზე  ზრუნვას.

ახლა ყოველგვარი ვაჭრობა განზე უნდა დარჩეს. საზოგადოებისთვის ძნელად მისაღები აღმოჩნდა იდეა, რომ ოშკის სანაცვლოდ ბათუმის გარეუბანში აზიზიეს მეჩეთის რეპლიკა აშენებულიყო. ოშკის არქიტექტურასთან აზიზიე ახლოსაც ვერ მივა მხატვრული ღირებულებითა და მასშტაბურობით, ალბათ, არც ეკადრებოდა ოშკის გრანდიოზულ ტაძარს ასეთ მცირე შენობის საპირწონედ დადება, მაგრამ მთავარია ოშკი გადარჩეს!

- ოშკის გადარჩენის შემდეგ, შესაძლებელია თუ არა თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე სხვა ქართული, დასანგრევად განწირული ძეგლების რეაბილიტაციაც?

- იმედია, პროექტში არაერთი ქართული ძეგლის აღდგენა შევა. შეიძლება ეს ძეგლთა მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით ან უშუალოდ ქართულ-თურქული თანამშრომლობითაც მოხერხდეს.

P.S. თურქული პრესის ერთ-ერთმა ყველაზე ტირაჟიანმა გამოცემამ Hürriyet-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინსტრო ოშკის რესტავრაციას გეგმავს. მოლაპარაკებების შედეგად თურქეთს საქართველოში მეჩეთი უნდა აეშენებინა, საქართველოს კი ოშკის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია აღედგინა თურქეთში; მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, თურქეთმა საქართველოს იმედი დაკარგა და ოშკის რეაბილიტაციას თავადვე განახორციელებს. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ თურქები რესტავრაციის დაწყებაზე ფეხს იმიტომ ითრევდნენ, რომ სპეციალისტები არ ჰყავდათ. ირინე გივიაშვილი ამბობს, რომ ძეგლთა მსოფლიო ფონდის თანადგომა ქართულ მხარეს საშუალებას აძლევს ოშკის რეაბილიტაცია თურქებთან ერთად ქართველმა სპეციალისტებმა განახორციელონ, რაც აუცილებელია ოშკის ავთენტურობის შესანარჩუნებლად.

მიმდინარე წლის დასაწყისში  ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ხანძთის, ოშკის, იშხნისა და ოთხთა ეკლესიის რეაბილიტაციის სანაცვლოდ საქართველოში სამი მეჩეთის განახლება და ერთის აშენება იგეგმებოდა. თურქეთი საქართველოს სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას იმ შემთხვევაში თანხმდებოდა, თუკი ბათუმში, ყოფილ ლენინის მოედანზე აზიზიეს მეჩეთი აღსდგებოდა. ქართველმა საზოგადოებამ თურქული მხარის მოთხოვნა ულტიმატუმად მიიღო, რის გამოც მოლაპარაკება ჩაიშალა.

ოშკი

ოშკი, X საუკუნის 50-80-იანი წლების უმნიშვნელოვანესი სამონასტრო ცენტრი ისტორიულ ტაოში, სოფელ ჩემლიამაჩში, (ამჟამინდელ თურქეთის პროვინცია) ერზერუმში მდებარეობს. ტაძრის სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ამშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები - ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი). მშენებლობას ხელმძღვანელობდა გრიგოლ ოშკელი, ხოლო ხუროთმოძღვარი იყო უცნობი ერისკაცი, რომელმაც საკუთარი რელიეფური გამოსახულება აღმოსავლეთ ფასადის თავბანდის ქვეშ მოათავსა. ზედ გამოსახულ კაცს ქართული, გრძელსახელოებიანი ჩოხა აცვია.