დილა შენაქოში - კვირის პალიტრა

დილა შენაქოში

ეს ფოტო 1970 წელს შენაქოში გადაუღია დავით დუნდუას. დილაა, საძილე ტომრები ჯერ კიდევ არ აუკეცავთ. თენგიზი ხატავს, რეზო წერს და არის რაღაც უცნაურად მიმზიდველი ამ წუთებში. თითქოს ერთი უბრალო დილის შემთხვევითი სურათი კი არა, მთელი ცხოვრებაა ორი ადამიანისა, რომლებმაც თავიანთი უბრალოებით და უშუალობით  ახლებური განცდა მოიტანეს ხელოვნებაში.

1970, ალბათ, ეს ის წელია, გიორგი ცოცანიძემ რომ გაიხსენა შემდეგ:

"ერთ შემოდგომას თენგიზმა მისებური შეუვალი დაჟინებით აიყოლია რეზო ინანიშვილი, ვახუშტი კოტეტიშვილი, ზურაბ ნიჟარაძე და თუშეთში გაემგზავრნენ. სოფელ შენაქოში დასახლდნენ, სადაც თითქმის მთელი ორი კვირა გაატარეს. მოსახლეობა ბარშია წამოსული, მხოლოდ მოზამთრეები არიან დარჩენილნი თავიანთ მძიმე საშემოდგომო სამუშაოებთან. დღისით სტუმრებისათვის არავის სცალია. ჩამტკბარი, ჩამყუდროებული შემოდგომები იცის თუშეთში.

სოფლის ახლოს ძროხის ფერმაა, რომელიც ჯერ კიდევ არ დაძრულა ადგილიდან, ბარში არ წამოსულა. და აი, თითქმის ყოველ საღამოს, ბინდბუნდის მყუდროებაში, გარემოს მოეფინება ფერმიდან წამოსული გარმონის ჰანგები და თუშური სიმღერის საოცარი ხმები. უკრავს და მღერის ფერმის 16-17 წლის მუშა, ლელა ოსორაული. მეგობრები მაშინვე ფერმისკენ მიეშურებიან და მწყემსებთან ერთად ქოხის სიახლოვეს გაშლილ ნაბდებზე წამოწოლილნი უსმენენ ამ საოცარ ჰანგებსა და სიმღერებს. "ნეტავი ვინაც მე მიყვარს, იმას კი ვეყვარებოდე და მემრე გინდაც მთელ ალვანს ჭირივით ვეჯავრებოდე".

შენაქოში გატარებულმა შემოდგომის იმ ორმა კვირამ ქართულ პროზას შესძინა რეზო ინანიშვილის რამდენიმე უბრწყინვალესი მოთხრობა და მინიატიურა. ერთი მათგანის სათაურია "ფერმა მთაში".

თენგიზ მირზაშვილიც ხომ რეზო ინანიშვილთან ერთად ის შემოქმედია, რომელსაც მოუთმენლობა იპყრობს, რომ ყოველივე ლამაზი ნანახი და განცდილი მიაწვდინოს იმათ, ვისკენაც გამუდმებით ისწრაფვის. და აი, ამ მოუთმენლობით შეპყრობილი არ მოასვენებს მწერალს, სანამ თავისივე მოთხრობის თემაზე სცენარს არ დააწერინებს, თვითონვე დაუკავშირდება ლიანა ელიავას, რეჟისორს, ვინც ლირიკული ფილმების კეთების დიდოსტატია და ქართველი მაყურებელი მიიღებს უმშვენიერეს პასტორალურ კინოფილმს "ფერმა მთაში".

ისევ შენაქოს ამბავი მახსენდება: იმ წელს თენგიზ მირზაშვილს რეზო ინანიშვილი ერთ სახლში ჩაუკეტავს, სანამ არ დაწერ შენებურ მოთხრობას, არ გაგიღებო. მწერალს ჯერ ხუმრობა ჰგონებია, მერე კი მეგობარს გარედან მართლა რომ გადაუტრიალებია გასაღები, დაუჯერებია. ყველი, პური და ფურცელ-კალამი, გლეხური სიმარტივით გამოყვანილი ფანჯრის ჭრილი, ოდნავ დაბინდული მინები... გარედან შემომავალი გამჭვირვალე სხივი და ყველაზე მონატრებული სუსხიანი სიწყნარე... ამის ამარა დარჩენილა რეზო ინანიშვილი.

მართალია, თენგიზი გარეთ იყო, მაგრამ მასაც ეს ჰქონდა: პურის ნატეხი, ყველი, ქაღალდი, ფანქარი და სოფლის ბევრისმთქმელი სიჩუმე. და როგორც ეს მოწყენილი, უსასოოდ მიტოვებული ფანჯრებდავსებული სახლები, ერთი შეხედვით მარადიულ სევდაში ჩაძირული რომ მოგეჩვენებოდათ, მაინც სახლობდნენ და მათ გამო სოფელი მაინც სოფლობდა, ისე რეზო ინანიშვილი და თენგიზ მირზაშვილი იყვნენ კაცები (ბარათაშვილისა და ილიას გაგებით), რომლებიც "გაფუყული და გადიდკაცებული ელიტისადმი" ზურგშექცევით ადამიანის უზენაესთან კავშირის რწმენას გვინარჩუნებდნენ.

რეზო ინანიშვილი წერდა:" "არაფერია იმაზე კარგი მიცვალებულისათვის, ორიოდე კაცმა მიაცილოს სასაფლაოს მყუდრო კუთხეში, რაღაც წაიპუტუნოს თავისთვის სამოსგაქუცულმა მღვდელმა, ჩაუშვან მიცვალებული მიწაში, იქვე წაუქციონ თითო ჭიქა და წავიდნენ საქმემორჩენილები თავ-თავიანთი გზით. ცოტა ხანში შემხმარმა ფოთლებმა დაფარონ საფლავის ბორცვი. ასეთი ბედნიერები იყვნენ მოცარტი და ფიროსმანი"".

ახლა რომ ვფიქრობ, ორივემ მოახერხა თავისი ძალიან მაღალი სისადავის ამ გვირგვინით სრულყოფა. სხვადასხვა წელს, მაგრამ ერთი 31 დეკემბერს დაკრძალეს, მეორე, 1-ელი იანვარი რომ თენდებოდა, მაშინ გარდაიცვალა. დღეები იყო ისეთი, მხოლოდ ისინი თუ გააცილებდნენ, მთელი გულით ვისაც ენდომებოდა.