გემოვნებაზეც დაობენ - კვირის პალიტრა

გემოვნებაზეც დაობენ

დიდი ფრანგი ფერმწერი, იმპრესიონისტთა სკოლის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი ოგიუსტ რენუარი პალიტრას სიცოცხლის ბოლომდე არ უშვებდა ხელიდან. ღრმად მოხუცებულ და სნეულ მხატვარს ძალაგამოცლილ თითებზე ფუნჯს ძაფით უმაგრებდნენ და ისე ხატავდა. მას სიცოცხლით ტკბობის უნარი ბოლო წუთებამდე არ დაუკარგავს. სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება მისი წითელ და ვარდისფერ ფერებში შესრულებული პეიზაჟები, პორტრეტები, რომლებზეც საოცრად მომხიბვლელ შიშველ ნატურებსაც გამოსახავდა.

ამ მხრივ რენუარის სრული ანტიპოდი იყო მეორე დიდი შემოქმედი ამადეო მოდილიანი. იგი პორტრეტისტი იყო. რენუარისაგან განსხვავებით, მას პიროვნების ხასიათი, მისი სულიერება უფრო აინტერესებდა და მის ტილოებზე გამოსახული ადამიანებიც,  სხეულის არაპროპორციული ფორმებითა და ორიგინალურ ფერთა გამით, უპირველესად სწორედ საკუთარ განწყობასა და სულიერ მდგომარეობას გვაზიარებენ.

სკანდალური გამოდგა ამ ორი შემოქმედის შეხვედრა. მოდილიანი, რომელიც რენუარზე გაცილებით ახალგაზრდა იყო, საკმაოდ გაუწონასწორებელი ხასიათით გამოირჩეოდა, თუმცა მეგობრებმა მაინც გარისკეს და იგი მოხუც მაესტროს ვილაში მიუყვანეს გასაცნობად. შეხვედრა თითქოს მშვიდობიანად წარიმართა, ისაუბრეს ხელოვნებაზე, წითელი ღვინოც დააგემოვნეს და დამშვიდობებასაც აპირებდნენ, როდესაც რენუარმა სტუმარს მიმართა:

- ვერ წარმოიდგენთ, რა ნეტარებას განვიცდი, როდესაც შიშველი ნატურის ხატვისას ტილოზე ფუნჯით ქალის ვარდისფერ უკანალს ვეალერსები...”

- მე კი სულ არ მაინტერესებს ეგ შენი უკანალი!” - უყვირა აღშფოთებულმა მოდილიანიმ.

მოაზადა ლადო გოგუაძემ