გთხოვთ, ტაში დაუკრათ! - კვირის პალიტრა

გთხოვთ, ტაში დაუკრათ!

ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა დიდი ქართველი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე. რუსთაველის თეატრთან შეკრებილმა ხალხმა საყვარელი მსახიობისადმი პატივისცემა აპლოდისმენტებით გამოხატა. ეს, ერთი შეხედვით, უცნაური ტრადიცია უკვე დიდი ხანია დამკვიდრდა და აღარავის უკვირს ასეთ მძიმე წუთებში ტაშის ხმისა და "ბრავოს" გაგონება.

1961 წელს დედამიწამ კოსმოსიდან პირველი შეტყობინება მიიღო. იური გაგარინის მისალმება ასე ჟღერდა: "სალამი მთელ კაცობრიობას და ანა მანიანის!" ამ არაჩვეულებრივი მიმართვიდან 12 წლის შემდეგ რომი იტალიის უსაყვარლეს მსახიობ ქალს, "მარადიული ქალაქის" სიმბოლოდ ქცეულ ანა მანიანის ეთხოვებოდა. სწორედ მაშინ გაისმა მსახიობის დასაფლავებაზე პირველი აპლოდისმენტები, რამაც სათავე დაუდო ამ ამაღელვებელ ტრადიციას.

თუ ვინმეს მაინც მიუღებლად ეჩვენება ასეთ დროს ტაშის კვრა და შეძახილები, მათთვის ერთ შემთხვევას გავიხსენებთ. ფრედერიკ შოპენი კონცერტზე დრამატიზმით აღსავსე სამგლოვიარო მარშს ასრულებდა. კომპოზიცია დაასრულა და აპლოდისმენტებს დაელოდა. დარბაზიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. აუდიტორიისაკენ ზურგით მჯდომი გაკვირვებული მაესტრო შემობრუნდა და დაინახა, რომ დარბაზი ცრემლად იღვრებოდა. "ბატონებო და ქალბატონებო, მე თქვენი ცრემლები არ მჭირდება, გთხოვთ, ტაში დაუკრათ!" - მიმართა კომპოზიტორმა აცრემლებულ საზოგადოებას.

ლადო გოგუაძე