რატომ ცდილობდა შვედი გოგონა ორი ავღანელის დეპორტაციისთვის ხელის შეშლას? - კვირის პალიტრა

რატომ ცდილობდა შვედი გოგონა ორი ავღანელის დეპორტაციისთვის ხელის შეშლას?

გასულ კვირას შვედი გოგონას ისტორიამ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო - 21 წლის სტუდენტმა ელინ ერსონმა, რომელიც გოტენბურგის უნივერსიტეტში სწავლობს, თვითმფრინავს აფრენის საშუალება არ მისცა. ის ორი ავღანელის დეპორტაციას ეწინააღმდეგებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ რეისში, რომლის აფრენასაც მან ხელი შეუშალა, მხოლოდ ერთი ავღანელი იჯდა. ჩნდება კითხვა - რა იყო ეს ნაბიჯი? პოპულიზმი თუ ჰუმანურობის გამოხატვა?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ არის მარტივი, მით უმეტეს მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების, ტერორისტული აქტებისა და მიგრაციის ფონზე. ბევრი მიგრანტი მართლაც გაურბის საკუთარ ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას და თავშესაფარს ეძებს, თუმცა ასევე ბევრი მათგანი საკმაოდ დიდი აგრესიულობით გამოირჩევა ევროპის ტერიტორიაზეც კი. ბოლო ასეთი შემთხვევა მაროკოსა და ესპანეთის საზღვარზე, სეუტასთან მოხდა. 600-მა მიგრანტმა ძალით გადალახა საზღვარზე აღმართული 7 მეტრიანი ღობე. გარდა ამისა, ისინი ადგილობრივ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ესროდნენ ქვებს, ჯოხებს, "მოლოტოვის კოქტეილებს", ხოლო როდესაც ესპანეთის ტერიტორიაზე შევიდნენ, სამოქალაქო გვარდიის მანქანებს ქვები დაუშინეს.

რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი? არა იმიტომ, რომ ვითარება გავამძაფრო და აგრესია გავაჩინო, არამედ იმიტომ, რომ ვაჩვენოთ მიგრანტების ნაწილი მართლაც როგორ ეძებს თავშესაფარს, თუმცა მეორე ნაწილი საკმაოდ დიდი აგრესიით გამოირჩევა...

დავუბრუნდეთ შვედი გოგონას ისტორიას.

ყურადღებას იქცევს იმ ადამიანის ისტორია, ვის გადარჩენასაც ცდილობდა ელინ ერსონი. ისმაილ ხავარი, 26 წლის ავღანელი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა შვედეთში, მას სამჯერ უთხრეს უარი თავშესაფრის მინიჭებაზე, შემდეგ მან გერმანიაში გადაწყვიტა წასვლა. თავშესაფრის მინიჭებაზე გერმანიაშიც უარი მიიღო. შვედეთში დაბრუნებისას კი დააკავეს და დეპორტაცია მიუსაჯეს. ეს არის ის, რაც ვიცით ამ ადამიანზე. რაც შეეხება მეორე ავღანელს, რომლიც 50 წლის არის და რომელიც ისმაილთან ერთად უნდა დაებრუნებინათ ავღანეთში, მასზე კიდევ უფრო ნაკლებია ცნობილი.

რამდენად სწორია იმ ადამიანების დაცვა დეპორტაციისგან, ვისზეც პრაქტიკულად არ ვრცელდება ინფორმაცია? თუ ამ ფაქტს იმასაც დავუმატებთ, რომ ელინ ერსონი სამოქალაქო აქტივისტია და მიგრანტების ჯგუფებთან მუშაობს, გაჩნდება კიდევ ერთი კითხვა - მისი საქციელი სამსახურებრივი მიზეზებით ხომ არ იყო განპირობებული? ხომ არ იყო ეს პოპულისტური ნაბიჯი, რომ ამ გოგონას სახელი გაჟღერებულიყო?

რაიმეს ხელაღებით თქმა ძნელია, თუმცა აღნიშნული ორი ავღანელის ისტორიის ბუნდოვანება, რასაც ემატება ის ფაქტი, რომ აღნიშნულ რეისში ისმაილ ხავარი საერთოდ არ იჯდა, ელინ ერსონის ნამოქმედარს პოპულიზმის ელფერს აძლევს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს