რატომ დაპატიჟა პუტინმა ტრამპი მოსკოვში? - კვირის პალიტრა

რატომ დაპატიჟა პუტინმა ტრამპი მოსკოვში?

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზის გამო. კავშირები სხვადასხვა დონეზე თუ ლიდერებს შორის შეხვედრები კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ატარებს. განსაკუთრებით დიდი იყო ინტერესი ამ ქვეყნების პრეზიდენტების ბოლო შეხვედრისადმი, რომელიც 16 ივლისს, ჰელსინკიში გაიმართა. ყველა ელოდა ენახა, როგორ მოიქცეოდა მსოფლიოს ზესახელმწიფოს პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის მთავარ მტერთან.

ამ შეხვედრაზე ბევრი დაიწერა და აქ აღარ გავარჩევთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ შედეგები, რაც ჰელსინკის სამიტმა მოიტანა, საკმაოდ მნიშვნელოვანია. ვაშინგტონში დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე შეცვალა ჰელსინკიში გაკეთებული განცხადებების შინაარსი, მაგრამ კრიტიკა მაინც ვერ აიცილა (მისი შედეგები კი ჯერ არ მიუღია, ამას დრო სჭირდება). კრიტიკა ამერიკის პრეზიდენტის მიმართ გაამძაფრა ვლადიმირ პუტინის ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიწვევის ინიციატივამ. ამ ინიციატივისადმი იმდენად დიდი იყო ანტიპათია, რომ ტრამპმა უკან დაიხია (მსგავსი საქციელი ხისტი განცხადებების მიუხედავად, მისთვის უცხო არ არის) და პუტინის მიწვევაზე უარი თქვა.

თუმცა მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - სამხრეთ აფრიკაში, BRICS-ის სამიტზე პუტინმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტს მოსკოვში ეპატიჟება.

ჰელსინკის სამიტთან დაკავშრებით საერთაშორისო ექსპერტებისა და მედიის უმეტესობამ ცალსახად აღნიშნა, რომ აქ ამერიკის პრეზიდენტმა დიპლომატიური მარცხი განიცადა და შეხვედრას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა (თუმცა კი აცხადებდა ევროპაში გამგზავრებამდე - "დიდი ბრიტანეთი, ნატო და პუტინი - გულახდილად რომ ვთქვა, პუტინთან შეხვედრა ყველაზე ადვილი იქნება. ვინ იცის"...).

ყველაზე პოპულარული მაინც ძველი ბოდიბილდერის, მსახიობისა და კალიფორნიის ექსგუბერნატორის კომენტარი გახდა, რომელმაც ტრამპს შემდეგნაირად მიმართა: "პრესკონფერენციაზე როგორც დოყლაპია, ისე იდექით. ჩემს თავს ვეკითხებოდი, როდის გამოართმევდით პუტინს ავტოგრაფს ან მასთან სელფის გადაიღებდით". ჟურნალ თაიმის 2018 წლის ივლისისა და 2017 წლის მაისის ნომრების გარეკანი

და მაინც, რატომ ეპატიჟება პუტინი ტრამპს მოსკოვში?

პირველი რაც უნდა ითქვს ის არის, რომ პუტინს სურს დაამკვიდროს ხედვა, რომ საერთაშორისო საკითხების მოგვარება რუსეთის გარეშე შეუძლებელია. მიუხედავად სანქციებისა და დაძაბული ურთიერთობებისა, მიუხედავად მთელი რიგი საკითხებისა, რაზეც მხარეები ვერ თანხმდებიან (სირია, უკრაინა, საქართველო, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა და ა.შ.), ურთიერთობა ორ ქვეყანასა და ლიდერს შორის აუცილებელია.

პუტინისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ტრამპთან შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართება, მოსკოვში თუ თუნდაც ისლანდიის რომელიმე პატარა ქალაქში. მთავარი მისთვის არის ფაქტი, რომ შეხვედრა შედგა ან შედგება. ჰელსინკიში სწორედ ეს გამოჩნდა - მიუხედავად იმისა, რომ რაიმე კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწიეს (გარდა ზოგადი განცხადებებისა, რომ ურთიერთობები უნდა გაგრძელდეს), ეს უკვე გამარჯვება იყო რუსეთის პრეზიდენტისთვის - მისთვის ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, ტრამპისთვის კი ეს იყო შანსი საკუთარი ქვეყნის ინტერესები მყარად და მტკიცედ დაეფიქსირებინა (რაც მან ვერ შეძლო).

მეორე მხრივ, პუტინი კარგად იყენებს იმ სისუსტეებს, რაც ტრამპს აქვს. მეორე შეხვედრა, მით უმეტეს მოსკოვში (ამაზე თეთრმა სახლმა თანხმობა განაცხადა) ძალიან მომგებიანი იქნება რუსეთის პრეზიდენტისთვის. ეს აჩვენებს, რომ ყინული დაიძრა და ამერიკასა და რუსეთს შორის დაიწყო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობა. ამავდროულად, ეს ყველაფერი უმაღლეს, პრეზიდენტების დონეზე ხდება.

ასეთი შეხვედრები პუტინს საშინაო პოლიტიკისთვისაც გამოადგება - ეს იქნება ძალიან კარგი მასალა პროპაგანდისთვის, რათა საკუთარი თავი ძლიერ ლიდერად წარმოაჩინოს, რომლის გარეშეც საერთაშორისო მშვიდობის საკითხები არ გადაწყდება.

გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს აშშ-ში დაწყებული საგანგებო პროკურორის გამოძიება 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპის ყოფილმა პირადმა ადვოკატმა (რომლის წინააღმდეგაც ასევე მიმდინარეობს გამოძიება) განაცხადა, რომ ტრამპმა იცოდა 2016 წლის ივნისში ტრამპ-თაუერში მის ვაჟსა და რუსებს შორის შეხვედრის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დონალდ ტრამპი უმცროსი, ჯარედ კუშნერი (პრეზიდენტის სიძე), დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის თავმჯდომარე პოლ მანაფორტი. მეორე მხარეს წარმოადგენდა ოთხი რუსი - კრემლთან დაახლოვებული ადვოკატი, ბიზნესმენი და ლობისტი კე-გე-ბეს კავშირებით. შეხვედრის მიზანი იყო რუსებს გადაეცათ კომპრომატები ჰილარი კლონტონზე.

ამ ყველაფრის ფონზე მოსკოვში შეხვედრა პუტინთან წარმოჩინდება, როგორც შეხვედრა არა ორ პრეზიდენტს, არამედ დამკვეთსა და აღმსრულებელს შორის.

ესეც რომ არ იყოს, რაც უფრო მეტს გააკრიტიკებენ ამერიკის პრეზიდენტს, მით უფრო მოგებული დარჩება საწინააღმდეგო მხარე.

რა თქმა უნდა, ამას ყველა ხვდება, ამიტომაც არის, რომ პუტინმა თავად გამოთქვა ახალი შეხვედრის გამართვის სურვილი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს