რატომ დაუწესა ტრამპმა სანქციები "მეგობარ" ერდოღანს?
რატომ დაუწესა ტრამპმა სანქციები "მეგობარ" ერდოღანს?
ამერიკის პრეზიდენტმა სანქციები დაუწესა თურქეთს.  ამის მიზეზი შემდეგია - თურქეთში დააკავეს და შეიძლება 35 წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ პასტორ ენდრიუ ბრანსონს. ეს ადამიანი ორი ათეული წელია თურქეთში ცხოვრობს. ახლა მას ადანაშაულებენ ფეთჰულა გიულენთან კავშირების ქონასა და ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდაჭერას (ეს პარტია თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, გიულენის გადაცემას შტატებისგან თურქეთი კი უკვე მეორე წელია უშედეგოდ ითხოვს). თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თურქეთის იუსტიციის მინისტრს აბდულჰამით
გიულს და თურქეთის შს მინისტრს სულეიმან სოილუს.

ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ნატო-ს წევრი ქვეყანა მეორე წევრ ქვეყანას სანქციებს უწესებს. მეორე კუთხით თუ შევხედავთ, მოვლენები ამ შედეგამდე ეტაპობრივად მივიდა.

მაგრამ რატომ დაწესდა სანქციები თურქეთის მიმართ მხოლოდ ახლა? შეერთებული შტატები,
რომელიც დემოკრატიის შუქურა უნდა იყოს მთელს მსოფლიოში, მხოლოდ ამერიკელი პასტორის დაკავების გამო უნდა აწესებდეს სანქციებს? რატომ არ დაწესდა სანქციები თურქეთის მიმართ უფრო ადრე, მაშინ როცა ერდოღანი ასობით ადამიანს სამსახურიდან ათავისუფლებდა და აპატიმრებდა 2016 წლის ივლისში მომხდარი არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში კავშირის გამო? მაშინ როცა ირღვეოდა ადამიანის უფლებები?

გადავხედოთ სტატისტიკას, თუ რამდენი ადამიანია დაკავებული თურქეთში. 2018 წლის 20 მარტს გაეროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 160 000 ადამიანი დააპატიმრეს, დაახლოებით ამდენივე კი სამსახურებიდან დაითხოვეს. მათ შორის არის სულ მცირე 50 ქალი, რომლებიც მშობიარობამდე ან მშობიარობის შემდეგ მალევე დააპატიმრეს და ბავშვებს დააშორეს. როგორი სიხშირით იმართებოდა სასამართლოები და რამდენად ობიექტურად, ეს ცალკე საკითხია.

გარდა ამისა, თურქეთი რუსეთს შეუთანხმდა რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების С-400-ების ორი ბატარეის შეძენაზე. ამან ნატო-ს წევრ ქვეყნებში საკმაოდ დიდი უკმაყოფილება და შეშფოთება გამოიწვია. ბოლო ინფორმაციით, ამერიკამ თურქეთისთვის ახალი F-35-ების მიწოდება სწორედ С-400-ების გამო შეაჩერა.

ამ ყველაფერს დავუმატოთ ის, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თურქეთში ძალაუფლების მონოპოლიზება მოეხდინა. მან ჩაატარა რეფერენდუმი, რითაც პრეზიდენტის უფლებები გაზარდა, დანიშნა ვადამდელი არჩევნები, რათა ახალ კონსტიტუციას მალევე დაეწყო მოქმედება და თურქეთი საპარლამენტო მმართველობიდან საპრეზიდენტოზე გადავიდა. ახლა ერდოღანი პრაქტიკულად ერთპიროვნული მმართველია ქვეყანაში და ერთი დეკრეტის გამოცემით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, პარლამენტის გვერდის ავლით.

ამ საერთაშორისო მნიშვნელობის ფაქტების ფონზე ამერიკელი პასტორის დაკავება მეორეხარისხოვნად ჩანს (თუმცა, რა თქმა უნდა, უსამართლო და სამწუხარო გადაწყვეტილებაა).
პასტორი ენდრიუ ბრანსონი
რას გვიჩვენებს ეს ყველაფერი? - ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებები საგარეო (და არა მარტო) პოლიტიკაში ხშირ შემთხვევაში ან დაგვიანებულია ან მცდარი. დონალდ ტრამპი გამოირჩევა სიხისტით, თუმცა მაშინ რომდესაც ყველაზე დიდი სიხისტის გამოჩენა იყო საჭირო თურქეთთან ურთიერთობაში, ეს არ მოხდა.

სამხედრო გადატრიალება თურქეთში 2016 წლის 15 ივლისს სცადეს. ამ თარიღიდან ორი წლის შემდეგ, 17 ივლისს დონალდ ტრამპმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეაქო შემდეგი სიტყვებით - "ის ყველაფერს სწორად აკეთებს". მავანი იტყვის, რომ ეს სიტყვები ნატო-ს სამიტის შედეგ გაისმა და თურქეთის სამხედრო ხარჯებს ეხებოდა და ეს არ ყოფილა ერდოღანის პოლიტიკის შექება.

მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი:

2017 წლის 21 სექტემბერს ტრამპი ასევე კეთილგანწყობილი იყო ერდოღანის მიმართ. გაეროს გენერალური ასამბლეის კულისებში შეხვედრისას მან განაცხადა, რომ ერდოღანი მისი მეგობარი გახდა, შეაქო თუ როგორ მართავს თურქეთს და ამ სიტყვებით მიმართა: "ახლა ისე დავახლოვდით, როგორც არასდროს".

ამერიკელი პასტორი თურქეთში 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან რამდენიმე თვეში დააკავეს. თუკი პასტორის დაკავების გამო სანქციები დაწესდა, 2017 წელს რატომღა აქებდა ტრამპი ერდოღანს? - ბევრი კითხვები ჩნდება.

რას გვიჩვენებს ეს ყველაფერი?

თურქეთი დიდი ხანია ერთპიროვნული მმართველობის გზას დაადგა და აუცილებელიც კი იყო დასავლეთისა და ამერიკის მხრიდან ამ პროცესში ჩარევა, მეორე მხრივ, ეს დაგვიანებულად მოხდა.

როგორ მოიქცევა თურქეთი? რა თქმა უნდა, ამას შედეგები მოჰყვება ერდოღანის მხრიდან. როგორი? - ამას შემდეგ ბლოგში გავარჩევთ.
გარდა ამისა, ნათქვამია "ციხე შიგნიდან ტყდებაო". ზემოთ აღვნიშნე, რომ აქამდე ნატო-ს წევრ ქვეყნებს ერთმანეთისთვის სანქციები არ დაუწესებიათ. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ალიანსში ბზარი ჩნდება? ამაზე დაწვრილებით ბლოგში მოგახსენებთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
თენგიზ
05 აგვისტო 2018 20:03
არაადეკვატური სტატიაა. პოლიტიკაში არ ხდება უეცარი ხისტი მოქმედებები, ჯერ მიდის მოლაპარაკებები და მოგვიანებით შედეგი ამოდის ზედაპირზე. ამ სანქციებმა აჩვენა, რომ მოლაპარაკებამ ვერ გაჭრა. ტრამპი არის უნიკალური მოვლენა მსოფლიო პოლიტიკაში. მას ძალიან კარგად ესმის ბიზნესი და ეკონომიკა. მაგრამ ყველაზე მთავარი - მას აქვს ხედვა და ამბიციური მიზნები. მან გადატეხა ჩამყაყებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და დაიწყო ახალი სამართლიანი მსოფლიოს შენება. ამიტომ საერთაშორისო ურთიერთობები ადეკვატურად ლაგდება, ამერიკის ეკონომიკა ვითარდება სწრაფი ტემპებით (და ამიტომ მსოფლიო ეკონომიკაც ადის), ამერიკის ვალი პირველსავე წელს დაიწია 7 ტრილიონით (ობამამ 20-ტრილიონიანი ვალი დატოვა), უმუშევრობა დაეცა ისტორიაში არნახულ დონემდე, შავების, ლათინოსებისა და ქალების დასაქმება ისტორიულად ავარდა, დაიწყო ამერიკის ინფრასტრუქტურის განახლება, გადაიხედა ამერიკისთვის არასამართლიანი ან წამგებიანი ხელშეკრულებები, ნატოს წევრებს დაავალა წესისამებრ გადაეხადათ საწევროები, პირველად ისტორიაში შეხვდა ჩრდ კორეას, იარაღი გადასცა საქართველოს და უკრაინას, გაუბედა სანქციები თურქეთს, დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთს და ბევრი სხვა.
მედეა
04 აგვისტო 2018 12:47
თურქეთთან თუ ურთიერთობა დაეძაბა ტრამპს, ეს კარგია ჩვენთვის. ერდოღანს აღვირის ამოდება სჭირდება, თორემ ნამეტანი ამბიციური გეგმები აქვს. "ვინ შეაბამს კატას ეჟვანს?" პუტინსაც ხელეწიფება ეს, მაგრამ არ იზამს, რადგან სირიაში ჭირდება მასთან "მეგობრობა". ტრამპი კი ხელგახსნილია და მოაჯენს ადგილზე თურქეთს მალე. დატუქსული თურქეთი ოდნავ მაინც შეამცირებს საქართველოს ეკონომიკურ ექსპანსიას ., რაც დადებითი მოვლენა გახდება.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები