რატომ არ შეწყვეტს ჩრდილოეთ კორეა ბირთვული რაკეტების წარმოებას? - კვირის პალიტრა

რატომ არ შეწყვეტს ჩრდილოეთ კორეა ბირთვული რაკეტების წარმოებას?

გაერო-ს მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს არა მხოლოდ ბალისტიკურ რაკეტებზე, არამედ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობასაც. ეს ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული განცხადებების ფონზე მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს. გავიხსენოთ რას ამბობდა დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შემდეგ:

"ახლახანს დავბრუნდი ხანგრძლივი მოგზაურობიდან, მაგრამ ახლა ყველას შეუძლია თავი უფრო დაცულად იგრძნოს, ვიდრე მაშინ, როდესაც პრეზიდენტი გავხდი. ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული საშიშროება აღარ არსებობს. კიმ ჩენ ინთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და დადებითი იყო. ჩრდილოეთ კორეას დიდი შესაძლებლობა აქვს მომავლისთვის" - ეს ტრამპმა საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე დაწერა 13 ივნისს, კიმთან შეხვედრიდან მეორე დღეს.

ახლა კი სრულიად სხვა შედეგი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეამ 12 ივნისიდან ძალიან მალე გარკვეული შენობების აფეთქებების კადრები გაავრცელა, რეალობა აჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებამდე ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი.

აქ ერთ ფაქტსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება: ცოტა ხნის წინ, ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს კორეის ომში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ნეშტი დაუბრუნა. ამისათვის კიმ ჩენ ინმა ამერიკის პრეზიდენტის ქება დაიმსახურა. გაეროს ანგარიში ბირთვული პროგრამის შესახებ კი ამ მოვლენიდან ძალიან მალე გავრცელდა.

რაზე მიანიშნებს ეს დამთხვევა? - იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეა ორმაგ თამაშს ეწევა. ერთი მხრივ, ასრულებს დაპირებას, რომ დააბრუნებდა ამერიკელი ჯარისკაცების ნეშტს (რაც რაიმე პრინციპულ საკითხს არ წარმოადგენს კიმისთვის და აქ დათმობა მას შეუძლია). ამით ცდილობს თვალი აუხვიოს საერთაშორისო საზოგადოებას. მეორე მხრივ, აგრძელებს ბირთვული იარაღის შემუშავებას.

ისმის ასეთი კითხვა: რატომ არ ანებებს თავს ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ იარაღს? ბირთვული პროგრამის განვითარების გამო ხომ სანქციები აქვთ დაწესებული და მოსახლეობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია?

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩრდილოეთ კორეა ორი დიდი სახელმწიფოს სატელიტს წარმოადგენს. ეს სახელმწიფოებია რუსეთი და ჩინეთი. იმისათვის, რომ ეს დავასაბუთოთ, მოვიყვანთ ბოლო მაგალითებს.

დავიწყოთ რუსეთით.

შეერთებული შტატების ელჩმა გაერო-ში, ნიკი ჰეილიმ რუსეთი დაადანაშაულა ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობისთვის საზღვრის გახსნასა და რუსეთში სამუშაო ადგილების მიღებაში. ამით ირღვევა გაერო-ს სანქციები, რომელიც მეამბოხე სახელმწიფოს დაუწესა საერთაშორისო საზოგადოებამ. ამერიკული წყაროების მიხედვით, სექტემბრის შემდეგ 10 000 ჩრდილო კორეელი დარეგისტრირდა რუსეთში სამუშაო ადგილებზე.

გარდა ამისა, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ნავთობის მიღებაში ეხმარებოდა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციის მიხედვით, რომელიც 2017 წლის 30 დეკემბერს გამოქვეყნდა, რუსეთმა იმ დროისთვის სულ მცირე სამჯერ შეიტანა ნავთობი მეამბოხე სახელმწიფოში. გაერო-ს ბოლო ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს ზღვით ნავთობის გადაზიდვებს.

ჩრდილოეთ კორეა იარაღს აწვდის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა იემენი, ლიბია და სირია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შუამავლების დახმარებით ხორციელდება. ვნახოთ ვისი სატელიტებია ეს ქვეყნები.

სირია რომ რუსეთის სატელიტია, ამას ბევრი საუბარი აღარ სჭირდება. ბუნებრივია, რუსეთი ყველა საშუალებას გამოიყენებს იქ იარაღის შესატანად. იემენში ჰუსიტები იბრძვიან კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ. ჰუსიტებს ზურგს ირანი უმაგრებს, ირანი და რუსეთი კი დღეის მდგომარეობით ასევე მოკავშირეებად ითვლებიან. რაც შეეხება ლიბიას, ეს ქვეყანა რამდენიმე სამხედრო დაჯგუფებას აქვს დანაწილებული, შესაბამისად, შავ ბაზარზე იარაღის გასატანად მშვენიერ შესაძლებლობას წარმოადგენს.

ახლა შევხედოთ ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობას. პირველი, რაც ჩინეთს არ სურს, არის ამერიკის გაძლიერება რეგიონში - სამხრეთ კორეა ამერიკის მოკავშირეა, სადაც რეგულარულად იმართება ერთობლივი სამხედრო წვრთნები. თუ ჩრდილოეთიც ამერიკას დაუახლოვდება, ჩინეთს შეიძლება რეგიონში ბატონობაზე პრობლემები შეექმნას.

გარდა ამისა, ამერიკამ ჩინეთს სავაჭრო გადასახადები დაუწესა. ჩინეთი ამას ეწინააღმდეგება, სამაგიეროს გადახდა ჩრდილოეთ კორეის გამოყენებით შეუძლია - ეს იქნება არაპირდაპირი იარაღი ამერიკაზე გავლენის მოსახდენად...

და ბოლოს, როგორც რუსეთისთვის, ისე ჩინეთისთვის ჩრდილოეთ კორეა წარმოადგენს იარაღს, გნებავთ ხელსაწყოს შეერთებული შტატების წინააღმდეგ პოლიტიკის საწარმოებლად. ვერც რუსეთი და ვერც ჩინეთი ამერიკას ბირთვული რაკეტებით ვერ დაემუქრება. ამას შეიძლება წარმოუდგენელი შედეგები მოჰყვეს. სამაგიეროდ ამის გაკეთება ჩრდილოეთ კორეის საშუალებით ძალიან მომგებიანია...

ამიტომაც არის, რომ ჩრდილოეთ კორეა სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს არ შეეშვება ბირთვულ იარაღს, მით უმეტეს მაშინ, როცა საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლაში ორი სახელმწიფო ეხმარება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს