რას გულისხმობს "დრაკონული" სანქციები მოსკოვის მიმართ და როგორ უპასუხებს ამას პუტინი? - კვირის პალიტრა

რას გულისხმობს "დრაკონული" სანქციები მოსკოვის მიმართ და როგორ უპასუხებს ამას პუტინი?

ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა, მიზეზად კი სკრიპალების საქმე დაასახელა. შედეგად, რუსული რუბლი ამერიკულ დოლართან მიმართებით ორი წლის მინიმუმამდე გაუფასურდა.

სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის (შემთხვევა მარტში მოხდა) საქმე მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა. ამ საქმის გამოძიება და განვითარება სიუჟეტით დეტექტიური ჟანრის ამბავსაც კი დაემსგავსა. ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ იმავე ნივთიერებით ბრიტანელი წყვილი მოიწამლა, ერთი მათგანი კი გარდაიცვალა.

თავის დროზე ამერიკა მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მათი რეაგირება სკრიპალების საქმეზე და შემდგომი ნაბიჯები არ იყო ისეთი მკაცრი როგორიც უნდა ყოფილიყო. თავის მხრივ, შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტი და მისი მდივანი სტივენ მნუჩინი აცხადებდნენ, რომ სანქციები დაწესდებოდა, თუმცა ვითარების შესწავლის შემდეგ. მომხდარიდან ხუთი თვის შემდეგ ეს პირობა შესრულდა და შეიძლება ითქვას, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შორის თავისი სიმკაცრით შეიძლება ანალოგი არ მოეძებნოს.

სანქციები ორ ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი ძალაში შევა 22 აგვისტოდან და შედარებით მსუბუქია, ვიდრე მეორე ეტაპი.

სანქციების პირველი ეტაპით შეიზღუდება რუსეთში შეერთებული შტატებიდან ტექნოლოგიური და ელექტრო პროდუქციის ექსპორტი, ასევე ისეთი ტექნოლოგიების ექსპორტი, რომელიც ნავთობისა და გაზის სფეროს ეხება. იქნება გამონაკლისიც - შეზღუდვები არ დაწესდება იმ პროგრამების მიმართ, რომელიც "რუსეთისა და რუსი ხალხის დასახმარებლად" მოქმედებს. ეს, რა თქმა უნდა, დიპლომატიური ხერხია, რომელსაც "მათრახისა და თაფლაკვერის" პოლიტიკას ვუწოდებთ.

პირველი ეტაპი რუსეთს ავალდებულებს არ გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი და ნება მისცეს გაერო-ს ჩაატაროს ინსპექციები, რაც დაადასტურებს, რომ რუსეთი ამ ყველაფერს ასრულებს.

თუ 90 დღეში არ დადასტურდება, რომ რუსეთი ასრულებს აღნიშნულ და მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, მაშინ ძალაში შევა სანქციების მეორე ეტაპი, რაც გულისხმობს:

1. ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების შემცირებას ან საერთოდ შეწყვეტას;

2. რუსეთში ამერიკული პროდუქციის ექსპორტის ფაქტობრივ შეწყვეტას, გარდა სურსათის პროდუქტებისა;

3. შეერთებულ შტატებში რუსული იმპორტის, მათ შორის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეწყვეტას;

4. შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ნებისმიერი იმ ავიაკომპანიის თვითმფრინავების დაშვებას, რომელიც რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლდება (მათ შორის "აეროფლოტი");

5. ვაშინგტონის მიერ მოსკოვის კრედიტების დაბლოკვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების ხაზით;

6. ამერიკული ბანკების მიერ კრედიტის გაცემის აკრძალვა.

კანონის მიხედვით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნული ექვსიდან სულ მცირე სამი უნდა აამოქმედოს. სახელმწიფო დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ ვითარება აქამდე არ მივა, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული.

როგორ უპასუხებს რუსეთი ამ ყველაფერზე ჯერ უცნობია, თუმცა რუსი ოფიციალური პირების განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პასუხი ალბათ "სარკისებრი ეფექტის" იქნება. ეს პრაქტიკა აქამდეც აქვს რუსეთს - ყველა დასავლურ სანქციაზე შესაბამის კონტრსანქციას აწესებენ.

ისმის ყველაზე მთავარი კითხვა - რა იქნება ამ ყველაფრის შედეგი? მივა საქმე შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ასე დაძაბვამდე? თუ მივა, გატყდება რუსეთი?

აქ შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთს დასავლურ სანქციებთან გამკლავების ცხადი მაგალითი აქვს ირანის სახით, რომელიც სანქციების ქვეშ 1979 წლიდან იმყოფება. ვლადიმირ პუტინი შეიძლება გრძელვადიანი და ჯიუტი თამაშისთვის ემზადებოდეს. მისი პრინციპი შეიძლება ასეთი იყოს - თუ შეძლო ირანმა, რუსეთმაც უნდა შეძლოს. მით უმეტეს, რუსეთს ამ შემთხვევაში უპირატესობა აქვს - აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი და დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა რუსეთის ნავთობსა და გაზზეა დამოკიდებული. მიმდინარეობს გერმანიაში ახალი ნავთობსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2" გაყვანა, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

გარდა ამისა, რუსეთს ჰყავს პოტენციური მოკავშირეები ირანის, თურქეთის სახით, რამაც უნდა გააადვილოს სანქციებისთვის გვერდის ავლა.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა აჩვენა, რომ ამ სიდიდისა და რესურსების მქონე ქვეყნის მოტეხვა ადვილი არ არის (ჩრდილოეთ კორეა არ თმობს თავის ამბიციებს და ბუნებრივია, რუსეთი უფრო რთულად დათმობს).

რა რჩება ამ შემთხვევაში ამერიკას? როგორ უნდა იმოქმედოს? - უნდა შეძლოს მოკავშირე ქვეყნების გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ, რათა ის საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციონ, შემდეგ კი დრო რუსეთის წინააღმდეგ იმუშავებს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს