"მათ დოლარები აქვთ, მაგრამ ჩვენ ხალხი და ალაჰი" - ფინანსური კრიზისის ფონზე ერდოღანი სირიაში სამხედრო კამპანიას აფართოებს
"მათ დოლარები აქვთ, მაგრამ ჩვენ ხალხი და ალაჰი" - ფინანსური კრიზისის ფონზე ერდოღანი სირიაში სამხედრო კამპანიას აფართოებს
დღეიდან ძალაში შედის ამერიკის მიერ თურქეთისთვის დაწესებული გაზრდილი გადასახადები ალუმინსა და ფოლადზე. ალუმინზე გადასახადი 20%-ით, ხოლო ფოლადზე 50%-ით გაიზრდება. რა შედეგები მოჰყვება ამ ყველაფერს თურქეთის ეკონომიკისთვის ამას დრო აჩვენებს, თუმცა პარასკევის მაგალითი აჩვენებს, რომ ლირა შეიძლება კიდევ გაუფასურდეს. პარასკევს, 10 აგვისტოს თურქული ლირა 15%-ით გაუფასურდა.
აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ 2018 წლის დასაწყისის შემდეგ ლირა 45%-ით, ხოლო რეჯეფ თაიფ ერდოღანის ივნისში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ 30%-ით გაუფასურდა.

დღეს თურქეთს საკმაოდ დიდი ეკონომიკური
პრობლემები აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, ერდოღანი აგრძელებს დასავლეთთან და ნატო-სთან დაპირისპირების პოლიტიკას. ეს მისი განცხადებებიდანაც ჩანს:

"თურქეთის წინააღმდეგ აშშ-ს ცალმხრივი ქმედებები ანკარას აიძულებს ახალი მოკავშირეები ეძებოს" - ეს განცხადება ერდოღანმა ორი დღის წინ გააკეთა.
ახალი მოკავშირეები შეიძლება იყვნენ რუსეთი, ირანი, ჩინეთი და კიდევ ისეთი ქვეყნები, რომლებიც
დასავლეთის მოკავშირეები არ არიან. ის, რომ თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობები კიდევ უფრო ახლოვდება, ამას ისიც აჩვენებს, რომ რუსეთი აპირებს თურქეთის მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნას.

ეს იმის ნიშანია, რომ პუტინმაც და ერდოღანმაც დაივიწყეს 2015 წელს რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების ამბავი და ახალ რეალობასთან ადაპტაცია დაიწყეს. ახალი რეალობა კი შემდეგნაირია: ამერიკის ასეთი ხისტი პოზიცია, ხშირად მოკავშირეების მიმართაც, მის მტრებს აერთიანებს. ვეთანხმები იმ აზრს, რომ თურქეთის მიმართ უფრო მკაცრი ზომები იყო მისაღები, თუმცა ეს ყველაფერი უფრო წინდახედულად უნდა მომხდარიყო.

ერთი ხელის მოსმით სანქციების დაწესებით სასურველი შედეგი შეიძლება არ დადგეს. ამის მაგალითი არის რუსეთი და ირანი. რუსეთს საკმაოდ მძიმე სანქციები აქვს დაწესებული 2014 წლიდან მოყოლებული, თუმცა მისი პოლიტიკა არ იცვლება. ირანს დასავლეთის სანქციები 1979 წლიდან აქვს დაწესებული, თუმცა ამ ყველაფერმა პოლიტიკური ცვლილებები არ გამოიწვია.

თურქეთს ახლა პერსპექტივაში ერთადერთი მომავალი აქვს - ავტოკრატიული მმართველობა, რომელიც დროის სვლასთან ერთად სულ უფრო სასტიკი გახდება. ერდოღანის ნაბიჯები ისლამის საფარველით შეინიღბება და მივიღებთ ქვეყანას, სადაც ისლამი პრეზიდენტის ხელში იარაღი გახდება. ეს მისი განცხადებებიდანაც ჩანს. ერდოღანი სახალხო გამოსვლებისას მსმენელებს მიმართავს, რომ თურქეთის წინააღმდეგ რამდენიმე შეთქმულება მიმდინარეობს. "ყურადღება არ მიაქციოთ ამ კამპანიას. მათ დოლარები აქვთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი ხალხი და ალაჰი" - ეს სიტყვები უკვე არის მინიშნება, რომ თურქეთი თეოკრატიული მმათველობის გზაზე დგას.

როგორც წესი, კრიზისულ პერიოდში მსგავსი მმართველები საომარ კამპანიებში ერთვებიან საკუთარი მმართველობის გასაძლიერებლად. გამონაკლისი არ არის არც თურქეთის პრეზიდენტი. თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია სირიის ტერიტორიაზე "ზეთისხილის რტო" უკვე ყველასთვის საკმაოდ ცნობილია. მისი შედეგებიც ვიცით. თურქეთი სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე აფრინის მხარეს აკონტროლებს. იქ ჰყავს საკუთარი სამხედრო ძალები და ასე უჭერს მხარს სირიელ მეამბოხეებს. თუმცა ეს მხარდაჭერა უფრო შორს მიდის. მართალია პირდაპირი სამხედრო კამპანიის წარმოება ერდოღანმა ჯერჯერობით შეწყვიტა, თუმცა მეორე და საკმაოდ სარისკო გზას მიმართა.
"როიტერსის" ბოლო ინფორმაციით, თურქეთმა დაიწყო სირიელი მეამბოხეებისგან ერთიანი, "ეროვნული არმიის" ჩამოყალიბება. ამ ყველაფრის არსი შემდეგში მდგომარეობს - მეამბოხეებმა უარი უნდა თქვან ერთმანეთთან დაპირისპირებაზე (რაც აქამდე მათ გაერთიანებას უშლიდა ხელს) და ერთიანი ძალებით იბრძოლონ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წინააღმდეგ.
ახალი "ეროვნული არმია" 35 000 მებრძოლს აერთიანებს. ეს საკმაოდ დიდი დაბრკოლება იქნება ასადისთვის, რომელიც სირიის გაერთიანებას აპირებს, თუმცა მეორე მხრივ, საკმაოდ დიდი რისკია თურქეთისთვისაც. რატომ?

ოპერაცია "ზეთისხილის რტოს" მსვლელობისას გამოჩნდა, რომ ნატო და ამერიკა თურქეთს ღიად არ დაუჭერს მხარს სირიაში სამხედრო კამპანიის წარმოებაში. ამერიკამ ამ ოპერაციის განვითარებასაც შეუშალა ხელი (დაგეგმილი იყო ოპერაციის გაგრძელება აფრინის მეზობელ, მემბიჯის ტერიტორიაზეც). აქედან გამომდინარე, ახალი არმიის შენახვა მთლიანად თურქეთის მოსაგვარებელი იქნება (ამერიკას ეს ყველაფერი შეიძლება ირიბ სარგებელს აძლევდეს - არც მათთვის არის მისაღები ასადის მმართველობა სირიაში), ეს კი დამატებით ზეწოლას მოახდენს თურქეთის ეკონომიკაზე.

აქ ჩნდება ძალიან საინტერესო კითხვა, რომელიც უკვე რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობას ეხება - რატომ ხუჭავს პუტინი თვალს ერდოღანის ქმედებებზე სირიაში? პასუხი შეიძლება ის იყოს, რომ სირიაში მცირე დათმობების სანაცვლოდ რუსეთი იღებს დაპირისპირებას მოკავშირეებს, ნატო-ს ქვეყნებს შორის, რაც მას საკმაოდ მომგებიანად მიაჩნია. ამ ყველაფერმა ალიანსის შიგნით შეიძლება ბევრად მეტი პრობლემა შექმნას, ვიდრე ამას პუტინი შეძლებდა ალიანსზე გარე ზეწოლის შედეგად.

ერდოღანიც მოგებული დარჩება (ასე მიაჩნია მას) - ეჭვგარეშეა, რომ "ეროვნული არმია" ქურთების წინააღმდეგაც განახორციელებს მოქმედებებს, ქურთების წინააღმდეგ ბრძოლა კი ერდოღანის პოლიტიკის ნაწილია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
Natia
15 აგვისტო 2018 08:09
Imat dolarebi aqvt tqven lirebi, rac sheexdba xalxsa da gmerts ara mgonia aq turqets raime gansakutrebjli privilegidbk qondes minichebuli. Ase rom keisars keisrisa da gmerts gmertisa.
Gizo
14 აგვისტო 2018 15:55
Es jeeli iqamde unda moecilebinat sanam ganusazgvrel zalauflebas aigebda helshi da totalur terorze gadavidoda.
Axla rodesac atobit atasi misi oponenti sapyrobileshia gamoketili da garet darchenilebi ki shishit xmas ver igeben igi ukve tavad turqetia da misi politiikidan mocileba da turqetis demokratiuli transformacia minimum ati clit mainc sheuzlebelia.
Situacia rusuli scenaris msgavsad vitardeba anu yvela problema qveynis shignit gareshe mtrebis bralia xolo erdogani eris mama da damcvelia.
dato
14 აგვისტო 2018 12:15
ე ბიჭო კაცი, გლახუნა ყოფილა ისტორიკოსიც და ექსპერტიც, დედა რა უცებ ახსნა ყველაფერი. ასეთი ჭკუის ადამიანები ხელიდან არაა გასაშვები, არიქა არავინ არ გადაიბიროს თორემ დავიღუპებით
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები