ასადის მოკავშირე რუსეთი და სირიის ოპოზიციის მხარდამჭერი თურქეთი - რაზე შეთანხმდებიან ლავროვი და ჩავუშოღლუ? - კვირის პალიტრა

ასადის მოკავშირე რუსეთი და სირიის ოპოზიციის მხარდამჭერი თურქეთი - რაზე შეთანხმდებიან ლავროვი და ჩავუშოღლუ?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ანკარაში 14 აგვისტოს ჩავიდა და თავის კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. იმის გამო, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკული სანქციების ფონზე ახალი მოკავშირეების ძებნით დაიმუქრა, ეს არც არის გასაკვირი, თუმცა ლავროვის ვიზიტს სხვა მიზნებიც აქვს, უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე მოკავშირეების ძებნა.

სირიაში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" არსებობის დღეები პრაქტიკულად დათვლილია. დღეს ეს დაჯგუფება აღარ წარმოადგენს რუსეთისა და სირიისთვის ისეთ საფრთხეს, როგორსაც რამდენიმე წლის წინ წარმოადგენდა. მით უმეტეს რამდენიმე დღის წინ ხმებიც გავრცელდა, რომ სახელმწიფოს მეთაური აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი საჰაერო დარტყმების გამო დაშავდა და "კლინიკური სიკვდილი" განიცადა. მართალია ახალი მეთაური უკვე დანიშნეს, მაგრამ რამდენად შეძლებს ის წინსვლას, ძნელი სათქმელია, მით უმეტეს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როცა სირიაში რუსული, ასევე საერთაშორისო კოალიციისა და თურქეთის სამხედრო ძალები იმყოფებიან.

გაეროს მონაცემების მიხედვით, ახლა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" 30 000-მდე მებრძოლია დარჩენილი. მართალია მათ კიდევ შეუძლიათ საბრძოლო მოქმედებების განხორციელება სირიის ტერიტორიაზე, თუმცა ახლა უკვე სირიის პრეზიდენტისთვის, ბაშარ ალ-ასადისთვის მთავარი ამოცანა ქვეყნის კვლავ გაერთიანებაა. მან პირობაც კი დადო, რომ სირიის ყველა კუთხეს დაიბრუნებდა. სწორედ ქვეყნის გაერთიანების საკითხმა გახადა აუცილებელი ლავროვის ანკარაში ჩასვლა.

ოფიციალური ინფორმაციით, მან უნდა შეამზადოს ვითარება ოთხმხრივი, სირიის სამიტისთვის, რომელიც ახლო მომავალში უნდა ჩატარდეს და რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თურქეთი, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია. თუმცა სანამ სამიტი ჩატარდება, მთავარია თურქეთსა და რუსეთს შორის გადაწყდეს, როგორ გაინაწილონ სირია - ორივე ქვეყანას საკუთარი სამხედრო ძალები ჰყავს ქვეყანაში და ორივეს საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური ინტერესები აქვს რეგიონში.

სირიის მიწების დაბრუნება და გაერთიანება გულისხმობს სირიის ოპოზიციასთან ბრძოლას, რომელსაც მხარში უდგას თურქეთი. წინა ბლოგშიც ვსაუბრობდით, რომ თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე ე.წ. "ეროვნული არმიის" შექმნა დაიწყო, რომელიც 35 000 მებრძოლს გააერთიანებს ოპოზიციის რიგებიდან. რა თქმა უნდა, ისინი ბრძოლას სირიის მთავრობის წინააღმდეგ გააგრძელებენ, თურქეთის მხარდაჭერის პირობებში კი მათთან ბრძოლა ასადისთვის დამატებითი თავის ტკივილი იქნება.

გარდა ამისა, ასადი ემზადება იდლიბის პროვინციის გასათავისუფლებლად, რომელიც ოპოზიციის ბოლო ფორპოსტად ითვლება. გარდა ოპოზიციისა აქ 3.3 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლე ცხოვრობს. ამ რეგიონზე თავდასხმამ შეიძლება მიგრანტების ახალი ტალღა გამოიწვიოს, ეს კი არ აწყობს არც სირიას და არც თურქეთს.

იდლიბი დე-ესკალაციის ზონად არის გამოცხადებული ასტანას შეთანხმების მიხედვით. შესაბამისად, აქ სამხედრო მოქმედებების განხორციელება მოსკოვისა და ანკარას შეთანხმების დარღვევა იქნება. მეორე მხრივ, შეთანხმებას ვადა ეწურება 19 სექტემბერს. ვარაუდის მიხედვით, სწორედ სექტემბრის შუა რიცხვებიდან უნდა დაიწყოს ასადმა იდლიბის შტურმი. იქამდე ერთი თვით ადრე კი, ლავროვი ანკარაშია ჩასული და ჩვენი ვარაუდით, სწორედ ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა - როგორ უნდა განვითარდეს ორი ქვეყნის მოქმედებები სირიაში? მით უმეტეს, არსებულ რეალობაში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები მოკავშირეებად მიიჩნევიან. ეს მოკავშირეობა ამერიკის ბოლო სანქციებმა კიდევ უფრო გაამყარა.

შეძლებენ თუ არა მოლაპარაკებას მოსკოვი და ანკარა ასეთ პრინციპულ საკითხზე? ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ რუსეთი ასადის მოკავშირედ დარჩება, ხოლო თურქეთი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს ოპოზიციის ინტერესებს სირიაში.

თუკი საკითხს მეორე მხრიდან შევხედავთ, მოსკოვსა და ანკარას მოლაპარაკების მეტი არაფერი დარჩენიათ. ამერიკასთან მტრობა არის ის, რაც მათ აერთიანებთ და ორივე ქვეყნის ლიდერმა იცის, რომ ამერიკასთან ურთიერთობაში ეს დამატებითი ბერკეტია მათთვის (რამდენად ძლიერი, ეს სხვა საკითხია). შესაბამისად, ისინი უნდა მორიგდნენ, უნდათ ეს თუ არა.

როგორ შეიძლება ეს მოხდეს?

ეს შეიძლება მოხდეს მოჩვენებითი სცენარის ფონზე. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ლავროვმა შეიძლება დაარწმუნოს ანკარა, თვალი დახუჭოს ასადის შტურმზე და იდლიბის სამხრეთი დათმოს, სამაგიეროდ კი სირიის ჩრდილო-დასავლეთში შეინარჩუნოს გავლენა.

რამდენად რეალურია ეს სცენარი ამას დრო აჩვენებს, თუმცა შვედი მკვლევარი არონ ლუნდი იმასაც აღნიშნავს, რომ მოლდოვადან დაწყებული ცხინვალის რეგიონით დასრულებული, რუსეთისთვის დამახასიათებელია ასეთი კონფლიქტების შემდეგ ქვეყნებში "ნელი მოქმედების ნაღმების" ჩადება, რათა შემდეგ ქვეყანამ რუსეთს ზურგი არ შეაქციოს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს