პუტინის შეხვედრა მერკელთან და ცეკვა ავსტრიელ მინისტრთან - საერთაშორისო სანქციები შერბილდა? - კვირის პალიტრა

პუტინის შეხვედრა მერკელთან და ცეკვა ავსტრიელ მინისტრთან - საერთაშორისო სანქციები შერბილდა?

ვლადიმერ პუტინის შაბათის ევროპულმა ტურნემ დიდი ყურადღება მიიქცია საერთასორისო მედიაში. ამას კი ბევრი მიზეზი ჰქონდა - ის ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის კარინ კნაისლის ქორწილს დაესწრო, პატარძალთან (რომელიც 53 წლისაა) იცეკვა, შემდეგ კი გერმანიაში ჩავიდა ანგელა მერკელთან ბერლინის ახლომდებარე ქალაქ მეზებერგში შესახვედრად.

დავიწყოთ მერკელთან შეხვედრით. უნდა ითქვას, რომ ეს იყო პუტინის პირველი ვიზიტი გერმანიაში 2014 წლის შემდეგ. ამ წელს რუსეთს საერთაშორისო სანქციები დაუწესეს ყირიმის ანექსიის გამო, თუმცა ფაქტი, რომ გერმანიაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, პუტინი მაინც მიიღეს, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ევროპაში რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მიმართ უკვე გულგრილი დამოკიდებულება ჩნდება.

პუტინის ვიზიტში ყველაზე მთავარი იყო მოლაპარაკებები "ჩრდილოეთის ნაკადი 2" გაზსადენთან დაკავშირებით, რომელიც2019 წელს უნდა ამოქმედდეს, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ამ თემაზე საუბრები და შეხვედრები უფრო გახშირდეს, თუმცა დასაფიქრებელი სხვა რამ არის. რამდენად სწორია რუსეთისთვის დაწესებული საერთაშროსო სანქციების ფონზე რუსეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობის მქონე გაზსადენის ამოქმედება? ამ გაზსადენის ამოქმედებას ხომ გერმანიის მოკავშირე შეერთებული შტატებიც ეწინააღმდეგება?

რას მისცემს ეს გაზსადენი რუსეთს? - ძალიან ბევრს.

პირველი, ეს არის შესაძლებლობა რუსეთმა გააძლიეროს საკუთარი გავლენა აღმოსავლეთ ევროპაზე, განსაკუთრებით კი უკრაინაზე. ამ უკანასკნელზე ახლა რამდენიმე გაზსადენი გადის და ისე მიეწოდება გაზი ევროპას, "ჩრდილოეთის ნაკადი 2" კი რუსეთს საშუალებას მისცემს უკრაინას გვერდი აუაროს. უკრაინასთან ურთიერთობების დაძბვის შემთხვევაში რუსეთს შეეძლება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, უპირველეს ყოვლისა კი გერმანიას, საჭირო რაოდენობის გაზი მიაწოდოს და ამით მათთან ურთიერთობა არ გაიმწვავოს, უკრაინა კი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება და გაზის ტრანზიტის ქვეყნის ფუნქცია დაეკარგება, ანუ უკრაინა გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დაკარგავს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს. რუსეთს მათზე გავლენის მოხდენის მეტი შესაძლებლობა ექნება ენერგო რესურსების გამოყენებით ისე, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები არ დააზარალოს. ეს კი შესანიშნავი საშუალებაა პუტინისთვის საკუთარი საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო გააძლიეროს ამ ქვეყნებში.

კიდევ რატომ ჩავიდა პუტინი მერკელთან?

გარდა უკრაინისა, მნიშვნელოვანია სირიის საკითხიც. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე იდლიბის პროვინციის დაბრუნებას გეგმავს. იდლიბი ახლა სირიის ოპოზიციის, ანუ მეამბოხეების უკანასკნელი დიდი საყრდენია, აქედან გამომდინარე იდლიბზე შტურმი საერთაშორისო მნიშვნელობას ატარებს. ოპოზიციას თურქეთი და დასავლეთი უჭერს მხარს, ასადს პუტინი, შესაბამისად, უნდა შედგეს შეთანხმება, რომელი მხარე რას დათმობს და რას მიიღებს. ისე კი უნდა ითქვას, რომ სირიაში რუსეთმა მაინც შეძლო უპირატესობის მიღწევა, ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ისაუბრეს სირიაში დევნილების დაბრუნების შესახებაც... გაკეთდა ზოგადი და ნეიტრალური სახის განცხადებები სხვადასხვა საკითხები (რომელთაც აქ აღარ შევეხებით).

უნდა ითქვას, რომ გერმანია არის რუსეთისთვის მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. ეს პუტინმაც აღნიშნა. მისი თქმით, რუსეთში 5 000 გერმანული ფირმა მუშაობს, სადაც 270 000 ადამიანია დასაქმებული. არ არის გასაკვირი, რომ ამ და არა მარტო ამ მიზეზების გამო, გერმანია და რუსეთი მარტივად ვერ შეელევიან ერთმანეთთან ურთიერთობას... პუტინმა ისიც აღნიშნა, რომ გასულ წელს გერმანიისა და რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 22%-ით გაიზარდა, რუსეთში გერმანული ინვესტიციები კი 18 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება.

რაც შეეხება ავსტრიას და მისი საგარეო მინისტრის ცეკვას პუტინთან. შეგახსენებთ, რომ ავსტრია არის ქვეყანა, რომელმაც სკრიპალების საქმის გამო რუსი დიპლომატები არ გაუშვა ქვეყნიდან. ავსტრია ასევე არის ქვეყანა, რომელიც ბევრ საკითხში ეწინააღმდეგება ევროკავშირის ხედვას (განსაკუთრებით საიმიგრაციო პოლიტიკის კუთხით). ასეთი პოზიციის დაკავებისას მას ესაჭიროება მოკავშირე. შეიძლება ეს მოკავშირეობა სიმბოლური იყოს, თუმცა ამასაც აქვს მნიშვნელობა. ევროკავშირის პოზიციებთან დაპირისპირებისას კი რუსეთზე უკეთესი მოკავშირის პოვნა შეუძლებელია.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი პუტინის მიწვევის გამო ქვეყნის შიგნითაც გააკრიტიკეს და გარეთაც...

შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას მეტნაკლებად თბილი ურთიერთობა აქვს რუსეთთან. ასეთი ქვეყნების რიცხვის მიეკუთვნება უნგრეთიც და სავარაუდოდ იტალიაც, რომლის ახალი მთავრობა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.

შეჯამებისთვის, რა გვიჩვენა რუსეთის პრეზიდენტის ავსტრიასა და გერმანიაში ვიზიტმა?

აჩვენა ის, რომ რუსეთის საერთაშორისო ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ იზოლაციაში მოქცევა საკმაოდ რთული ამოცანაა და არ არის ადვილად განსახორციელებელი. ასევე აჩვენა ის, რომ მიუხედავად ამერიკასთან მოკავშირეობისა, ევროპის ყველა ქვეყანას, გერმანია იქნება თუ სხვა, საკუთარი ინტერესებიც აქვთ და ყველანაირად შეეცდებიან მათ დაცვას. მათ იციან, რომ ამერიკა ოკეანის გადაღმა მდებარეობს და პირველი, ვინც შეიძლება რუსეთთან რეალური დაპირისპირების ფონზე დაზარალდეს, ევროპის ქვეყნები იქნებიან...

გარდა ამისა, პუტინსაც ხელს აძლევს ასეთი ვიზიტები, მით უმეტეს საერთაშორისო სანქციების ფონზე, რათა გლობალური საკითხების გადაწყვეტაში ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსის ადგილი დაიმკვიდროს.

იხილეთ ასევე: ვინ არის ავსტრიელი მინისტრი, რომლის ქორწილშიც განქორწინებულმა პუტინმა მოილხინა?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს