რატომ ჩამოდის ანგელა მერკელი საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში? - კვირის პალიტრა

რატომ ჩამოდის ანგელა მერკელი საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში?

რატომ ჩამოდის გერმანიის კანცლერი საქართველოში? - ეს კითხვა, საკმაოდ აქტიურად გაისმის, პასუხად კი არაერთი ვარაუდი გამოითქმის, მათგანი ბევრი საკმაოდ "ხმამაღალია" და ყურს ხვდება.

ამ თემაზე ბევრმა ქართველა ექსპერტმა გააკეთა კომენტარი, თუმცა ჯერ ოფიციალურ პროგრამას გადავხედოთ: გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, მოლაპარაკების დროს განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობა და ეკონომიკური კავშირი, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხები. საქართველოს მთავრობის განცხადებით კი, ანგელა მერკელის ვიზიტი პოლიტიკურის გარდა ეკონომიკურ კომპონენტსაც შეიცავს.

ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერთან ერთად თბილისში ჩამოვლენ გერმანიის ბიზნესწრეების წარმომადგენლები, რომლებიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდებიან.

მოკლედ, ოფიციალურ განრიგში არაფერია საგანგაშო და დასაფიქრებელი.

ახლა ხალხში მოარულ ხმებს შევხედოთ. საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საქართველოში განთავსების საკითხი იყოს. ამაზე ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ლაპარაკობს, თუმცა იმის ვარაუდი, რომ გერმანია საქართველოს მოსთხოვს არალეგალი მიგრანტების შეფარებას, ნაკლებ სავარაუდო მგონია. მართალია სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ძალიან მალე აპირებს იდლიბის პროვინციაზე შტურმის მიტანას და ეს მიგრანტების ახალ ტალღასაც გამოიწვევს, მაგრამ მათ შეფარებას საქართველო უბრალოდ ვერ შეძლებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოში იძულებით გადაადგილებული 300 ათასამდე ადამიანია, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეათედს შეადგენს და მათი პრობლემებიც არ არის ჯერ მოგვარებული.

გარდა ამისა, ვერც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა შეძლებს მიგრანტების ნაკადს გაუძლოს ეკონიმიკურად ან სოციალურად.

მაშინ რა უნდა მერკელს საქართველოში? საქართველოში სტუმრობის მიზანი იქნება ჩვენსა და ევროკავშირს, ასევე ჩვენსა და გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხების განხილვა, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს გარდა, მერკელი სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევა. "დღეს ახალი სიტუაციაა ქვეყანაში. ყველა, მათ შორის რუსი პარტნიორები, უნდა შეეგუონ ამას. ყველაფერი ნორმალურადაა" - ეს განცხადება ფაშინიანმა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის დაკავების შემდეგ გააკეთა. რა თქმა უნდა, რუსეთის ძველი მოკავშირეების დაკავება რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ქოჩარიანის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეზე შესაბამი განცხადება გააკეთა და ფაშინიანისგან საკმაოდ თამამი პასუხი მიიღო.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი ტრანსფორმირება სომხეთმა განიცადა. ჩვენი აზრით, მერკელის კავკასიაში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც და მიზანიც სომხეთის სტუმრობა და ახალ პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაა. ის, რომ სომხეთი მართლაც შეცვლილია და პოლიტიკური კურსი ისეთი პრო-რუსული აღარ არის, როგორიც აქამდე იყო, ამაზე ახალი პრემიერის განცხადებებიც მეტყველებს.

მართალია ქოჩარიანი საბოლოოდ მაინც გაათავისუფლეს, მაგრამ ახლა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ძმისშვილზე, ნარეკ სარგსიანზე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. სომხეთში კი მისი ძებნა 5 ივლისიდან დაიწყეს. ის იარაღისა და ნარკოტიკების შენახვაშია ბრალდებული. ეს ნიშნავს, რომ ფაშინიანი რუსეთის მოკავშირეებს აღარ უწევს ანგარიშს და ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს.

გარდა ყოფილი პოლიტიკოსებისა, სომხეთში ქურდული სამყაროს დევნაც აქტიურად დაიწყეს. სომხურმა მედიამ კი ძალიან მართებულად შეადარა ქვეყანაში შექმნილი ახალი რეალობა საქართველოში არსებულ 2000-იანი წლების დასაწყისში არსებულ ვითარებას. ჩვენთანაც, ახალმა ხელისუფლებამ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლით გაითქვა სახელი. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა და ახალი რეფორმების გატარება კი, ბუნებრივია, რუსეთთან დაპირისპირებამდე მიიყვანს სომხეთს, ისევე როგოც საქართველო დააპირისპირა ამ ყველაფერმა რუსეთთან. არ არის გამორიცხული და არც გამორიცხავენ, რომ სომხეთის ხავერდოვან რევოლუციაში და ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურის დაყენებაში დასავლეთის ხელი ყოფილიყო გარეული. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ახლა მხოლოდ სომხეთია პრორუსული ქვეყანა, ბალტიისპირეთი, საქართველო და უკრაინა უკვე დასავლურ რელსებზე დგას. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სომხეთთან ურთიერთობას და ევროპის მხრიდან სომხეთთან კავშირს. ევროპაში კი წამყვანი ქვეყანა როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად გერმანიაა.

სამხრეთ კავკასიაში არსებულმა დაძაბულმა ვითარებამ უკვე ითამაშა როლი მერკელის ვიზიტზე. მისი დელეგაციის ერთ-ერთ წევრს ალბერტ ვაილერს აზერბაიჯანში შესვლა აუკრძალეს, ვინაიდან ის ორჯერ არის ნამყოფი მთიან ყარაბაღში. ყველა, ვინც ამ ტერიტორიაზე შევა, აზერბაიჯანს შავ სიაში შეჰყავს.

აზერბაიჯანში სტუმრობის მიზეზი კი შეიძლება გაზი იყოს. გერმანიაში განაცხადეს კიდეც, რომ დაინტერესებული არიან სამხრეთი გაზის დერეფნის პროექტის განვითარებით, ასევე ალტერნატიული მილსადენის გაყვანით, რომელიც კასპიის ზღვიდან გაზს თურქეთის გავლით გაიტანს ევროპაში.

სამხრეთის გაზის დერეფანი სამხრეთ კავკასიის გაზსადენის (ბაქო-თბილისი-ერზურუმის) გაფართოების პროექტია, რომელის მიზანია, რომ შეამციროს ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე და დაამატოს ენერგომომარაგების მრავალფეროვანი წყაროები. მისი ღირებულება 45 მილიარდი ამერიკული დოლარია და ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტულ პროექტს წარმოადგენს.

ევროპის ენერგორესურსებით მომარაგების საკითხი ახლა მართლაც კრიტიკულად დგას, მით უმეტეს "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" მშენებლობის ფონზე. ევროპას დღეს ნამდვილად სჭირდება ახალი წყაროები საიმისოდ, რომ საკუთარი ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე შეამციროს და ამით მათ ის ბერკეტი გამოაცალონ, რითაც რუსეთი წლების განმავლობაში მანიპულირებს.

დავუბრუნდეთ საქართველოს - სომხეთთან და აზერბაიჯანთან ევროკავშირის ურთიერთობა ვერ გამოვა საქართველოს გარეშე, რომელიც ერთგვარი მაგალითი უნდა იყოს საიმისოდ, თუ რა შედეგის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობას. ასევე, საქართველო უნდა გახდეს ის ბერკეტი დასავლეთის ხელში, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და გერმანიას პირველ რიგში საკუთარი ინტერესების განვითარებას სამხრეთ კავკასიაში.

გარდა ამ ყველაფრისა, გერმანიისთვის არსებობს კიდევ უფრო შორსმიმავალი გეგმები, ვიდრე გაზი და ახალი სომხური რეალობაა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გადააფასოს საკუთარი პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან. "ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზანი არის სუვერენული, ძლიერი ევროპის ჩამოყალიბება", - ასეთი მისწრაფება შეერთებული შტატების სავაჭრო პოლიტიკისა და ევროპისთვის გაზრდილი გადასახადების ფონზე არც არის გასაკვირი. "გერმანიას სურს დაბალანსებული პატნიორობა შეერთებულ შტატებთან, როცა ევროპა საკუთარ წონას შეიტანს იქ, საიდანაც შტატები გავა", - მაასის ეს სიტყვები მიანიშნებს, რომ მათ სურთ საკუთარი გავლენის გაზრდა იმ ქვეყნებში, რომელსაც ამერიკა ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს, არ არის გამორიცხული, რომ დონალდ ტრამპის დღევანდელი პოლიტიკის ფონზე მათ საერთაშორისო პოლიტიკაში წამყვანი ქვეყნის როლის გაზრდა სურდეთ, ამ შემთხვევაში კი სამხრეთ კავკასიას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის დაპირისპირება გერმანიასა და შეერთებულ შტატებს შორის, ამის საჩვენებლად შტატების მიერ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა და ალუმინსა და ფოლადზე გაზრდილი გადასახადებიც საკმარისია. ამ ორ ნაბიჯს ევროკავშირი და გერმანია ცალსახად ეწინააღმდეგება.

ასე რომ, გერმანიის კანცლერის საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში ვიზიტს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში ამ ქვეყნებისთვის, შემდეგ კი ევროკავშირისთვის.

იხილეთ ასევე: ახალი "რკინის ლედი" და გერმანელთა "მუთი" - ახალგაზრდა ანგელა მერკელს ღამის გათევა მცხეთის მილიციაში მოუწია?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს