რა მიიღეს კავკასიის ქვეყნებმა მერკელის სტუმრობით? - კვირის პალიტრა

რა მიიღეს კავკასიის ქვეყნებმა მერკელის სტუმრობით?

ანგელა მერკელის მიერ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტის შეფასება დღეს ბევრად უფრო ადვილია. სამივე ქვეყნის მონახულების შემდეგ სურათი ბევრად უფრო ნათელია და დასკვნების გაკეთებაც შესაძლებელი. თუმცა უნდა ითქვას, რომ მაინც რჩება პასუხგაუცემელი კითხვები.

დავიწყოთ ყველაზე სკანდალური ხმებით, რომელიც კავკასიაში მიგრანტების ჩამოსახლებას შეეხებოდა. ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე მინიშნებაც კი არ გაკეთებულა გერმანიის კანცლერის მხრიდან. კავკასიაში მიგრანტების გადანაწილების გეგმა რომ არსებობდეს და ამ გეგმის განხორციელება იყოს მისაღები, მაშინ მერკელი ორ სიტყვას მაინც იტყოდა თუ სამივე არა, ერთ-ერთ ქვეყანაში მაინც. მიზეზებზე, თუ რატომ არის კავკასიაში მიგრანტების განაწილება რთული, წინა ბლოგშიც აღვნიშნეთ და აქაც მოკლედ ვიტყვით, რომ ეს რეგიონი ვერ შეძლებს მიგრანტების ნაკადის მიღებას არსებული მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გამო. მიგრანტების მიღებისთვის აუცილებელი იქნება მუშაობა მათი ინტეგრაციისთვის, ეს კი ისეთ ქვეყანასაც უჭირს, როგორიც არის, მაგალითად, გერმანია. მიგრანტების ნაკადის კავკასიისკენ გამოშვება პოლიტიკურ არეულობასაც გამოიწვევს ამ ქვეყნებში, ეს კი ევროპის და მით უმეტეს გერმანიის ინტერესებში არ შედის.

განსჯის საგანი გახდა ანგელა მერკელის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართების სიტყვა "ოკუპაციის" ხსენება-არხსენების საკითხი. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონფერენციაზე ეს სიტყვა არ გამოიყენა და მის ნაცვლად "უსამართლობა" იხმარა. შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მას სიტყვა "ოკუპაცია" პრაქტიკულად ძალით ათქმევინეს. რაზე მიანიშნებს ის, რომ მან ეს სიტყვა არ გამოიყენა? - ჩემი აზრით, იმაზე, რომ გერმანიას საკუთარი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებში საქართველოს გამო რუსეთთან ურთიერთობების გართულება არ შედის არც ქმედებებით, არც სიტყვიერი განცხადებებით. მერკელს ამ სიტყვის გამოყენება რომ სდომებოდა, ნამდვილად ვერავინ დაასწრებდა. როგორც ჩანს, თუ ევროკავშირის ინტერესები შეცვლილია მთელი რიგი საკითხების, მათ შორის რუსეთისა და საქართველოს მიმართაც.

კავკასიაში ვიზიტმა აჩვენა, რომ ანგელა მერკელის ინტერესებში არც თურქეთის გაღიზიანება შედის. სომხეთში ვიზიტისას მან, ერთი მხრივ, გვირგვინით შეამკო წიწერნაკაბერდის მემორიალი ერევანში, მეორე მხრივ სიტყვა "გენოციდი" არ ახსენა და მის ნაცვლად "საშინელებები" გამოიყენა. ამით მან თურქეთის პრეზიდენტს ანგარიში გაუწია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ სექტემბრის ბოლოს გერმანიას რეჯეფ თაიფ ერდოღანი უნდა ეწვიოს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეერთებულ შტატებთან როგორც გერმანიას, ისე თურქეთს დაეძაბა ურთიერთობა, ასეთ დროს კი მათ ერთმანეთი კიდევ უფრო სჭირდებათ. ნუ დაგვავიწყდება, რომ როცა შტატებმა სანქციები დაუწესა თურქეთს და ლირა გაუფასურდა, მერკელმა მაშინვე განაცხადა, რომ "არავის აქვს თურქეთში ეკონომიკური დესტაბილიზაციის მოწყობის ინტერესი. გერმანია ისურვებდა ეკონომიკურად განვიტარებული თურქეთის ნახვას. ეს არის ჩვენი ინტერესი".

სომხეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მერკელის ვიზიტს, ვინაიდან ეს აღიქვეს როგორც ევროკავშირისა და პირველი რიგში გერმანიის მხარდაჭერა სომხეთის ახალი ხელისუფლებისა და ნიკოლ ფაშინიანის მიმართ. მერკელის განცხადებებმა კი აჩვენა, რომ ევროკავშირს მართლაც აქვს გაზრდილი ინტერესი სომხეთის მიმართ, მით უმეტეს "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ. მერკელის განცხადება, რომ სომხეთი ევროკავშირთან და რუსეთთან ურთიერთობის კარგ მაგალითს წარმოადგენს, აჩვენებს, რომ სომხეთის მიმართ მათი ინტერესი არ შენელდება.

ყველაზე ხანმოკლე ვიზიტს აზერბაიჯანში აღმოჩნდა. მერკელმა სურვილი გამოთქვა აზერბაიჯანს და სომხეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში დაეხმაროს. ეს არ უნდა იყოს ჰაერზე გაკეთებული განცხადება, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ აზერბაიჯანის პრეზიდნეტთან ილჰამ ალიევთან მერკელმა ენერგეტის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაც განიხილა. აქ კი აზერბაიჯანული გაზის მიწოდების საკითხი იგულისხმება. თუკი გერმანია დაიწყებს "სამხრეთის გაზის დერეფნის" პროექტის განვითარებაზე მუშაობას, მათთვის ყველაზე საფრთხილო რეგიონალური დაძაბულობა იქნება, ამიტომაც არ არის გამორიცხული, გერმანიამ გაზარდოს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობა.

"გერმანია მზადაა დაეხმაროს აზერბაიჯანს ეკონომიკის დივერსიფიკაციაში. აზერბაიჯანი ასევე დიდ მნიშვნელობას ატარებს ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისთვის. "სამხრეთის გაზის დერეფნის" გახსნა დიდ როლს შეასრულებს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში" - ასეთი განცხადება გააკეთა მერკელმა ალიევთან კონფერენციაზე. ეჭვგარეშეა, რომ გერმანია შეეცდება ამ მიზნის სისრულეში მოყვანას.

მოკლედ თუ ვიტყვით, მერკელის კავკასიაში ვიზიტის მიზანი იყო ახალი ბერკეტები მოესინჯა რეგიონში ამერიკასთან დაძაბული ურთიერთობეის ფონზე და რუსეთთან მეტი უპირატესობის ქონის გამო, მაგრამ რამდენად გამოვა ეს ყველაფერი?

მერკელის თბილისში ვიზიტის პარალელურად რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. პრეზიდენტები მოსკოვში მიიღო. ეს არის ნიშანი იმისა, რომ, სამწუხაროდ, არც რუსეთი აპირებს პოზიციის შეცვლას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით. რაც უფრო განვითარდება საქართველოსა და ზოგადად, კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა ევროკავშირთან, მით უფრო მეტი იქნება პროვოკაცია რუსეთის მხრიდან. თუკი სომხეთი შეეცდება რუსეთის გავლენიდან გამოსვლას არ არის გამორიცხული ყარაბაღის საკითხის გააქტიურებაც რუსეთის მხრიდან.

"ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვუთხრათ იმას, რომ ვითანამშრომლოთ რუსეთთან ნავთობისა და გაზის მიმართულებით" - მერკელის ეს სიტყვები კი იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთის პროვოკაციებს კავკასიაში ევროკავშირი და გერმანია ძალიან ფრთხილად მოეკიდება და პასუხიც მოზომილი იქნება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს