დონალდ ტრამპი უკვე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ემუქრება
დონალდ ტრამპი უკვე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ემუქრება
შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და მოქმედებები უკვე აღარავის უკვირს. მეტიც, ამ ყველაფერმა უკვე ჩვეულებრივი სახე მიიღო. ამის მაგალითია პრეზიდენტის "ტვიტერი", ოფიციალური განცხადებები თუ ინტერვიუები.
ბოლო ასეთი გაუგებარი სიტუაცია დონალდ ტრამპმა სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნა. თეთრ სახლზე ამერიკის დროშის დაშვება-აწევაზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, თუმცა ეს ამბავი არაფერია პრეზიდენტის ბოლო მუქარასთან შედარებით.

"ბლუმბერგისთვის" მიცემულ ინტერვიუში ტრამპი დაიმუქრა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას დატოვებს, "თუ ის აშშ-ს უკეთ არ მოეპყრობა". მან
ისიც აღნიშნა, რომ 1994 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დაარსება ყველაზე უფრო ცუდი სავაჭრო გარიგებაა, რომელიც ოდესმე გაფორმებულა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტრამპი საერთაშორისო შეთანხმებების ან ორგანიზაციების მისამართით მკაცრ განცხადებებს აკეთებს და მათი დატოვებით იმუქრება. მუქარის ფორმულირებაც ხშირად ერთმანეთის მსგავსია.

გავიხსენოთ "ირანის ბირთვული შეთანხმება".
ეს შეთანხმება ტრამპმა მაისში დატოვა და აცხადებდა, რომ ესეც ასევე საშინელი შეთანხმებაა და მისი შენარჩუნება არ შეიძლება. შეთანხმებიდან გასვლამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის დაზვერვის მონაცემების პრეზენტაცია მოაწყო და ამტკიცებდა, რომ "ირანის ბირთვული შეთანხმება" არ არის შედეგიანი და ირანელები მის პირობებს არღვევენ. ალბათ ამანაც იმოქმედა ტრამპის გადაწყვეტილებაზე - დაეტოვებინა შეთანხმება, თუმცა...

არადა, გუშინ გამოქვეყნდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ახალი დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანი ასრულებს 2015 წელს გაფორმებული შეთანხმების პირობებს და მის მიმართ დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში რჩება.

რა გამოდის - ამერიკის პრეზიდენტი იტყუება თუ საერთაშორისო ორგანიზაცია?
თუ გავითვალისწინებთ, რომ "ირანის ბირთვულ შეთანხმებაში" შემავალი სხვა ქვეყნები - საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ევროკავშირი ასევე ადასტურებენ, რომ ბირთვული შეთანხმება მუშაობს და პროდუქტიულია, დასკვნის გაკეთება მკითხველს არ გაუჭირდება...

ვიდრე შეერთებული შტატების პრეზიდენტი არსებულ მსოფლიო წესრიგს წყალს უყენებს, საერთაშორისო ორგანიზაციების დატოვებით იმუქრება და ახალ სანქციებს აწესებს (ზოგიერთი ქვეყნის, მაგალითად, თურქეთის მიმართ სანქციებს ჩვენც ვეთანხმებით), ვნახოთ, რა ხდება მის მოწინააღმდეგე მხარეს.

მეორე მხარეს საინტერესი ტენდენციები ვითარდება. რუსული და თურქული მედია ბოლო დღეეებია მუდმივად ატრიალებს საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებს რუსეთთან და თურქეთთან თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეს განცხადებები ემანუელ მაკრონმა ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინისტესთან ერთობლივ კონფერენციაზე გააკეთა, ფინეთს კი რუსეთთან კარელიის საკითხი აქვს გადასაწყვეტი...

"ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ევროპას ჰქონდეს სტრატეგიული და თავდაცვითი ავტონომია, რომ გადავაკეთოთ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. როგორც რამდენიმე თვის წინ სანკტ-პეტერბურგში ვამბობდი, თავიდან გავიაზროთ ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან. ევროპამ თავად უნდა შექმნას უსაფრთხოების საკუთარი არქიტექტურა მის საზღვრებთან არსებულ სახელმწიფოებთან, ასევე იმ დიდ ხალხებთან, რომელთანაც ჩვენ საერთო ისტორია გვაკავშირებს.
ჩვენთვის აუცილებელია სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს თავდაცვისა სფეროში ჩვენს უახლოეს მეზობლებთან. ჩვენს ინტერესებშია რუსეთთან და თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ქონა, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ურთიერთობის სტაბილიზებას გრძელვადიან პერსპექტივაში და ჩვენს ურთიერთობებს უფრო დასრულებულ სახეს მისცემს", - ასეთია მაკრონის განცხადება.

ბუნებრივია, რომ საერთაშორისო სანქციების ფონზე რუსეთიც და ახლა უკვე თურქეთიც ასეთ განცხადებებს სათავისოდ გამოიყენებს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ არსებული პრობლემების ფონზე ევროპის ქვეყნები მოკავშირეების გადაფასებას დაიწყებენ, მით უმეტეს ამერიკული სანქციების, საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ დაუსაბუთებელი კრიტიკისა და პროტექციონისტური სავაჭრო პოლიტიკის გატარების ფონზე.

ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა მაინც სარგებლობენ ავტორიტეტით, მათ იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებებზე და მათ სიტყვას არსებული პოლიტიკური თუ სოციალური რეალობის მიმართ "ტონის მიმცემად" აღიქვამენ. ამას აჩვენებს ჯონ მაკკეინის ბოლო სურვილიც, რომ მის დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვან შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და ჯორჯ ბუშმა, დონალდ ტრამპი კი საერთოდ არ არის მიწვეული დაკრძალვის ცერემონიალზე.

რას მიიღებს არსებული პოლიტიკის გატარებით დონალდ ტრამპი? - ვერაფერს. ერთი რამ დღესავით ნათელია - დონალდ ტრამპი კარგავს საკუთარ ავტორიტეტს. თუკი შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები დღესაც ავტორიტეტულები არიან, ეს ტრამპისთვის თუ შეუძლებელი არა, ურთულესი მისაღწევი იქნება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს



123
24 სექტემბერი 2018 10:17
თვითონაც არ იცის რა უნდა
41
24 სექტემბერი 2018 10:16
ამან ხო გააწყალა გული თავისი უაზრო მუქარით

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები