ვინ მოკლა ზახარჩენკო? - კვირის პალიტრა

ვინ მოკლა ზახარჩენკო?

უკრაინაში არსებული პოლიტიკური ვითარება ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოში, ვინაიდან ეს ორი ქვეყანა ერთი და იმავე სცენარით განვითარებული რუსეთის აგრესიის მსხვერპლი აღმოჩნდა. ყველაზე დიდ ინტერესს კი აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში განვითარებული მოვლენები იწვევს - როგორ და როდის მოგვარდება კონფლიქტი? ეს არის კითხვა, რომელიც ორივე ქვეყნის მოქალაქეებს ანაღვლებთ.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა არ ჩანს. ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "ლიდერის" ალექსანდრე ზახარჩენკოს გარდაცვალებამ კი დამატებითი დაძაბულობა გააჩინა.

რატომ ააფეთქეს ზახარჩენკო, ვინ დგას აფეთქების უკან და ხომ არ დაიძაბება ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში?

ზახარჩენკოს აფეთქების რამდენიმე ვერსია არსებობს. ოფიციალური კიევის აზრით,ზახარჩენკო ან დონეცკის მმართველი წრის შიდა გარჩევის მსხვერპლი გახდა, ან მოსკოვმა მოიშორა. მოსკოვი ამ ყველაფერში კიევს ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ისიც განაცხადა, რომ ზახარჩენკოს მკვლელობა არის მინსკის ხელშეკრულების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია და უკრაინა ამ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. მომხდარს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტიც და დამნაშავეების დასჯით დაიმუქრა.

ამ ინფორმაციას ემატება თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "ლიდერის" მოვალეობის შემსრულებლის, დმიტრი ტრაპეზნიკოვის განცხადება, რომ უკვე დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომელთაც უკვე აღიარეს მომხდართან კიევის კავშირი. გარდა ამისა, დონეცკში ისიც განაცხადეს, რომ 14 სექტემბრისთვის უკრაინა მათზე შეტევას გეგმავს.

რამდენად არის ეს განცხადებები სანდო?

ზახარჩენკოს მკვლელობის საქმეში ეჭვს აჩენს ის, რომ ის არ არის პირველი, რომელიც ამბოხებული ლიდერებიდან დაიღუპა. დონეცკის ყოფილი "ლიდერი" ვლადიმირ მაკოვიჩი მცირე ხნით იყო ამბოხებულთა ასამბლეის ვიცე-სპიკერი, ის 2014 წელს გაუჩინარდა და უკვე 2017 წელს 54 წლის ასაკში თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.

ამბოხებულების კიდევ ერთი ლიდერი მიხაილ ტოლსტიხი, იგივე "გივი" 36 წლის ასაკში მოკლეს - მის ოფისს დონეცკში რაკეტა ესროლეს.

2016 წელს არსენ პავლოვი მოკლეს - მისი საცხოვრებელი სახლის ლიფტში ბომბი იყო დამონტაჟებული. ის იმ დროს 33 წლის იყო.

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის პირველი "ლიდერი" ვალერი ბოლოტოვი 46 წლის ასაკში, 2017 წელს გარდაიცვალა მოსკოვში, საკუთარ ბინაში. ოფიციალურ მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა, თუმცა არსებობს ვარაუდები, რომ ის მოწამლეს.

ამბოხებულთა ლიდერების ასეთი "სცენარით" გარდაცვალება ეჭვს აჩენს, რომ მათ იშორებენ.

ზახარჩენკოს გარდაცვალება შეიძლება იყოს პროვოკაცია რუსეთის მხრიდანაც, რაც ვითარების გამწვავებას ემსახურებოდა. საქმე ისაა, რომ  უკრაინამ უკვე მიიღო ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი "ჯაველინები", ასევე აგრძელებს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ეს კი მოსკოვის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

უკრაინის ეკლესიის მხრიდან ავტოკეფალიის მოპოვებისთვის ბრძოლა კიდევ ერთი მიზეზია საიმისოდ, რომ ზახარჩენკოს გარდაცვალების მომიზეზებით აღმოსავლეთ უკრაინაში პროვოკაციები განახლდეს.

ზახარჩენკოს გარდაცვალება შეიძლება რუსეთის შიდა პრობლემებიდან ყურადღების გადატანისთვისაც გამოიყენონ.

კვირას მოსკოვში, კრემლიდან რამდენიმე კილომეტრში აქცია გაიმართა, რომელსაც 9000-მდე ადამიანი შეუერთდა (ოფიციალური ვერსიით 6000) - ყველა მათგანი ახალი საპენსიო რეფორმის გაუქმებას ითხოვდა. არ არის გამორიცხული საპენსიო რეფორმა გახდეს ის კატალიზატორი, რომელიც ახალ საპროტესტო აქციებს გამოიწვევს რუსეთში. ვლადიმირ პუტინის რეიტინგზეც აისახა ამ რეფორმის შედეგი - მისი მხარდამჭერთა რაოდენობა 10%-ით შემცირდა და უკვე 70%-ს შეადგენს.

გასაგებია, რომ ზახარჩენკოს გარდაცვალებით რუსეთმა შეიძლება ისარგებლოს.

ზახარჩენკოს მკვლელობის ორგანიზება უკრაინის მხარესაც აწყობდა?

ძნელი წარმოსადგენია ერთი მიზეზის გამო: მხოლოდ მკვლელობა არ იქნება შედეგის მომტანი, ვინაიდან ერთი ლიდერი მეორეთი მარტივად შეიცვლება, არსებული რეალობა კი იგივე დარჩება.

ასევე ძნელი წარმოსადგენია, რომ კიევი სამხედრო ძალის გამოყენებას აპირებდეს აღმოსავლეთ უკრაინაში - ამისათვის მას დასავლეთის მხარდაჭერა დასჭირდება, დასავლეთში კი ახლა შეიარაღებული დაპირისპირების განახლება არ აწყობთ.

აქედან გამომდინარე, ზახარჩენკოს მკვლელობის უკვე აღნიშნული ორი მიზეზი რჩება - ის ან შიდა გარჩევების მსხვერპლი გახდა ან მოსკოვმა მოიშორა გარკვეული მიზეზების გამო. შეიარაღებული კონფლიქტის განახლება კი ნაკლებ სავარაუდოა. რუსეთისთვის ახლა სირია და იდლიბი არის საფიქრალი - სირიის მთავრობა პროვინციის აღებას გეგმავს, ამაში მთავარი მხარდამჭერი კი რუსეთი უნდა იყოს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს