რუსეთმა იდლიბის დაბომბვა განაახლა - რას იზამს ტრამპი?
რუსეთმა იდლიბის დაბომბვა განაახლა - რას იზამს ტრამპი?
ბოლო პერიოდის განმავლობაში როგორც საერთაშორისო მედია, ისე ამერიკის, თურქეთისა და გაეროს ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ სირიის მთავრობა და რუსეთი იდლიბის პროვინციაზე შეტევის დაწყებას გეგმავდნენ. იდლიბი სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს, მისი მოსახლეობა დაახლოებით 3 მილიონს შეადგენს, საიდანაც ნახევარი სირიის სხვა ტერიტორიებიდან დევნილები არიან. გარდა ამისა, იდლიბი არის ბოლო პროვინცია სირიაში, სადაც სირიელი ამბოხებულები თავს აფარებენ. მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულ ათასს შეადგენს. მათ წინააღმდეგ ბრძოლის
დაწყება, რა თქმა უნდა, რამდენიმე თვე შეიძლება გაგრძელდეს და გამოიწვიოს მიგრანტების ახალი ნაკადი.

უნდა ითქვას, რომ იდლიბთან, ისევე როგორც სირიასთან დაკავშირებით იკვეთება შეერთებული შტატების, თურქეთის, რუსეთისა და ირანის ინტერესები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახლანდელი ვითარებით უპირატესობა რუსეთისა და მისი მოკავშირის, ბაშარ ასადის მხარეს არის. ასადმა შეძლო და სირიის თითქმის მთელი ტერიტორია დაიბრუნა, შეერთებული
შტატების პოზიციები სირიაში კი ნელ-ნელა მცირდება. ეს ვითარება მათ საერთაშორისო იმიჯზე ნამდვილად უარყოფითად აისახება.

რუსეთის უპირატესობა შემდეგმა ფაქტმაც აჩვენა - 4 სექტემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავისი მოსაზრების დასაფიქისრებლად როგორც ყოველთვის ახლაც "ტვიტერი" გამოიყენა და დაწერა, რომ ბაშარ ასადმა არ უნდა შეუტიოს სირიას. "რუსეთი და ირანი დიდ ჰუმანიტარულ შეცდომას დაუშვებენ, თუ ამ პოტენციურ ადამიანურ ტრაგედიაში მონაწილეობას მიიღებენ. ასობით ათასი ადამიანი დაიღუპება. ეს არ დაუშვათ!" - წერდა ტრამპი.

ეს ინფორმაცია ტრამპმა 3 სექტემბერს გაავრცელა და მისი სხვა "ტვიტების" რიცხვში ჩაიკარგა, გუშინ კი რუსეთის ბომბდამშენებმა იდლიბის დასავლეთით მდებარე ნაწილის დაბომბვა დაიწყეს. წინა მოვლენებიც და ეს ფაქტიც აჩვენებს, რომ სირიის შენარჩუნებას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს და უკან არ დაიხევენ, როგორი სანქციებიც არ უნდა დაწესდეს დასავლეთისა და ამერიკის მხრიდან ან როგორი დიდი მსხვერპლიც არ უნდა გამოიწვიოს ამ ბოლო შეტევამ. სირიის შენარჩუნება პუტინს არა მხოლოდ საერთაშორისო არენაზე შემატებს ბერკეტებს, არამედ ქვეყნაშიც, სადაც საკმაოდ ბევრი ადამიანია მისი პოლიტიკით უკმაყოფილო. ამ უკმაყოფილებას ახალი საპენსიო რეფორმაც ემატება, რომელზეც უკვე ყველა ლაპარაკობს და რასაც საპროტესტო აქციებიც მოჰყვა (სხვა საკითხია რეფორმით გათვალისწინებული საპენსიო ასაკის (ქალებისთვის 60 წელი და მამაკაცებისთვის 65 წელი) სხვა ქვეყნებთან შედარება. მთავარი ის არის, რომ უკმაყოფილება მატულობს, პუტინის რეიტინგმა კი რეფორმის გამოცხადების შემდეგ 10%-ით დაიკლო). პუტინს აუცილებლად დასჭირდება საერთაშორისო არენაზე მიღწეული წარმატება ამ შიდა პრობლემების გადასაფარად.
იდლიბი
რუსეთის პოზიციას აძლიერებს ირანის მხარდაჭერაც. ირანი არის ქვეყანა, რომელიც ძნელად თუ დაიხევს უკან და ამისთვის მიზეზიც აქვს. ირანის ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ევროკავშირი, რუსეთი და ჩინეთი კვლავ უჭერს მხარს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო კი აცხადებს რომ შეთანხმება მუშაობს, ამერიკამ დაგმო და შეთანხმებიდან გავიდა. ირანს ახალი სანქციები დაუწესეს, რომლის პირველი ნაწილი უკვე შევიდა ძალაში, საერთაშორისო კომპანიებმა (მაგალითად ფრანგულმა "ტოტალმა" და სხვებმა) უკვე დაიწყეს ირანში ინვესტიციების შეჩერება. სანქციების მეორე პაკეტი ძალაში ნოემბერში უნდა შევიდეს, რაც ირანის ნავთობის ექსპორტს შეეხება. ირანი ახლა ყველანაირად შეეცდება სამაგიეროს გადახდას ამერიკისთვის.

რა რჩება ამ შემთხვევაში დასავლეთს - საერთაშორისო კოალიციასა და ამერიკას?

ამბოხებულების გაწირვა და მათთვის მხარდაჭერის აღმოჩენაზე უარის თქმა ძალიან წამგებიანი იქნება. თურქეთის გამოყენება რუსეთზე ზეწოლისთვის არ გამოვა - მიუხედავად იმისა, რომ იდლიბთან დაკავშირებით თურქეთის პოზიცია ამერიკისას ემთხვევა, მათაც აქვთ წინააღმდეგობები ამ ქვეყანასთან ურთიერთობაში. მათი ვალუტის გაუფასურება ნაწილობრივ ამერიკულმა სანქციებმაც გამოიწვია.
ნუ დაგვავიწყდება, რომ 7 სექტემბერს ირანის, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან და განხილვის მთავარი საკითხი სწორედ იდლიბი უნდა იყოს. რას შესთავაზებენ თურქეთს ჯერ არავინ იცის, თუმცა თურქეთი რუსეთს სრულად არ გადაიმტერებს. S-400-ების შეძენის გამო უპირისპირდება ამერიკას და ნატო-ს და არ არის გამორიცხული გარკვეულ დათმობაზე აქაც წავიდეს რუსეთთან და ირანთან.
ალეპო
ამერიკას კი ორი გამოსავალი რჩება - ან უნდა დაელოდოს როდის გამოიყენებს ასადი ქიმიურ იარაღს ან პროვოკაცია მოაწყოს და ისე დაბომბოს სირიის მთავრობის შეიარაღებული ძალები. რამდენად შეაჩერებს ეს სირიის მთავრობას ძნელი სათქმელია. წინა მაგალითები აჩვენებს, რომ მიუხედავად ამერიკის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ განხორციელებული დარტყმებისა, ასადმა მაინც შეძლო სირიის დანარჩენი ტერიტორიების ამბოხებულებისგან გაწმენდა, ამ დარტყმებს კი ერთჯერადი, სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა. ეს ბუნებრივიც არის - ამერიკა სირიის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს მუდმივ სახეს ვერ მისცემს, ეს ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება და კატასტროფული შედეგები მოჰყვება არა მხოლოდ სირიის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. სირიის მთავრობის წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება რომც ყოფილიყო ამერიკის ინტერესებში, ამის გაკეთება აქამდეც შეიძლებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ არსებულ ვითარებაში უპირატესობა სირიის მთავრობისა და რუსეთის მხარეს არის. სირიის კრიზისის ფონზე, შეცდომაც კი შეიძლება ვუწოდოთ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან ამერიკის გასვლას. ამ შეთანხმების შენარჩუნება მათ ირანზე გარკვეული ზემოქმედების საშუალებას მაინც მისცემდა, მაგრამ ახლა ეს გამორიცხულია.

როგორ დასრულდება სირიის კრიზისი ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ ზესახელმწიფოების ჭიდილში ყველაზე მეტად სირიელი ხალხი დაზარალდა. მილიონობით ადამიანი ან ქვეყნიდან გაიქცა, ან საკუთარ ქვეყანაში გახდა დევნილი, დაინგრა და განადგურდა ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცაა ალეპო და სხვა, განადგურდა კულტურული მნიშვნელობის მქონე ძეგლები და დაიღუპა ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე, ზარალი კი 400 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
mikheil kopaleishvili
08 სექტემბერი 2018 21:00
რუსეთი უნდა დაიბომბოს და განადგურდეს სამუდამოდ
qutaiseli
08 სექტემბერი 2018 16:50
და რარი აქ საიდუმლო ისრო თურქეთი დასავლეთი და ამერიკა დაინტერესებული მხარეები არიან და ოპოზიციას აიარაღებენ ამას რა მტკიცება უნდა. მაგარი დაუნახავი უნდა იყო ამას რო ვერ უყურებდე ან არ უსმედე ოფიციალურ პირებს ამერიკიდან და დასავლეთიდან იგივე თურქეთიდან რომელიც უაპელაციოთ უდგას მხარში ოპოზიციას და ლამობდა ასადის ჩამოგდებას.რათუნდა ამას რუსეთმეობა და ეგეთი იაფფასიანი დემაგოგია.რუსები ჩაერეოდენ აპა რაიქნებოდა სამხედრო ბაზააქვთ იქდა თქვენხოარ დაგიცდიდათ სანამ თავზე არ დააყრიდით ფრთოსან რაკეტებსდა ბომბებს ორი იმპერიული სახელმწიფო ებრძვის ერთმანეთს და შენ სად მიძვრები ან ვის დაკარგვიხარ.დასავლეთიც აღმოჩნდა ჩათრეული ამ ავანტურაში და კიაეხლა ლტოლვილი სირიელებით ავსებული.
სიმართლე.
07 სექტემბერი 2018 21:54
ვემხრობი გიგუშას და ლევანის. რაც არ უნდა გძულდეს რუსეთი , მაინც დამაჯერებლად მსჯელობენ. მე თქვენს გვერდითა ვარ გიგუშა და ლევანი. უნდა გაიმიჯნოს, სიძულვილი რეალობისაგან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები