რას მოიტანს პუტინი-ერდოღანი-რუჰანის შეხვედრა თეირანში?
რას მოიტანს პუტინი-ერდოღანი-რუჰანის შეხვედრა თეირანში?
"პოლიტიკა საინტერესო თამაშია. აქ არ არსებობს მუდმივი მტრები ან მუდმივი მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესები" - ამ ფრაზის ავტორობას ზოგი უინსტონ ჩერჩილს მიაწერს, ზოგი უილიამ კლეის. ჩვენთვის ახლა მისი ავტორი არ არის მნიშვნელოვანი, მთავარი ის არის, რომ ეს ფრაზა ზედმიწევნით ზუსტად აღწერს საერთაშორისო არენაზე შექმნილ ვითარებას - ვინ იფიქრებდა, რომ რუსეთი, ირანი და თურქეთი, ერთმანეთის ისტორიული მტრები დღეს მოკავშირეების როლში იქნებოდნენ და ერთად დაუპირისპირდებოდნენ დასავლეთს, პირველ რიგში შეერთებულ შტატებს.

დღეს თეირანში
სამი ქვეყნის პრეზიდენტი - ვლადიმირ პუტინი, ჰასან რუჰანი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვდებიან. ეს შეხვედრა მესამე იქნება ასტანას პროცესის ფარგლებში, რომელიც სირიის კონფლიქტის მოსაგვარებლად შექმნეს ლიდერებმა. შეხვედრაზე აუცილებლად განიხილავენ, თუ როგორ უნდა განვითარდეს სირიაში მოვლენები, იდლიბზე შეტევის დაწყება და მისი შედეგები კი უმთავრესი თემა იქნება.
დღეს როგორც წამყვანი ქვეყნების, ისე საერთაშორისო მედიის ყურადღება სწორედ იდლიბისკენ არის მიმართული. ყველა მხარეს აქვს თავისი ინტერესი, შესაბამისად ყველა საკუთარი პერსპექტივიდან განიხილავს ვითარებას, თუმცა ერთი რამ ნათელია - რუსეთი და ირანი უკან არ დაიხევს და ინტერესებს არ დათმობს სირიაში, შტატები და დასავლეთი კი ამ შემთხვევაში წამგებიან პოზიციაში რჩება - ერთი მხრივ მათ უნდა დააფინანსონ ამბოხებულები და მხარი დაუჭირონ მათ ბრძოლაში, მეორე მხრივ მიგრანტების ნაკადს უნდა გაუმკლავდნენ.

მიგრანტებთან გამკლავება იმდენად შტატების არა, რამდენადაც გერმანიისა და ევროკავშირის პრობლემა გახდება, ამიტომაც არის, რომ მიუხედავად წინააღმდეგობებისა, გერმანია ახლა თურქეთს საკმაოდ რბილად ეპყრობა. ეს აჩვენა ანკარაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰეიკო მაასის ვიზიტმაც და ამას აჩვენებს კანცლერის, ანგელა მერკელის გუშინდელი განცხადებაც:

"გერმანიას სტრატეგიული ინტერესი აქვს თურქეთის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში. ჩვენს ინტერესებში არ შედის ისე მოვიქცეთ, რომ თურქეთი დასუსტდეს". მერკელი მართალია - იდლიბიდან გამოქცეული მიგრანტების ახალი ნაკადი პირველად თურქეთს მიადგება. თურქეთს კი უკვე ჰყავს შეფარებული 3.5 მილიონი მიგრანტი. საიმიგრაციო პოლიტიკა მერკელს უკვე შიდა პოლიტიკაში უქმნის პრობლემებს და მას შინაგან საქმეთა ახალი მინისტრიც ეწინააღმდეგება, ასე რომ გერმანია დაინტერესებული იქნება თურქეთმა რაც შეიძლება მეტი მიგრანტი შეიფაროს...

რაც შეეხება ამერიკას. მისი და რუსეთის საბრძოლო გემები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსა და სპარსეთის ყურეშია განლაგებული. ამერიკა რაიმე მყარი მიზეზის გარეშე ვერ დაბომბავს სირიის სამთავრობო ძალებს და ასე ვერ აღმოუჩენს მხარდაჭერას ამბოხებულებს. ერთადერთი გამოსავალი არის დაელოდონ შესაფერის ვითარებას, თუ როდის გამოიყენებს ასადი ქიმიურ იარაღს. მაგრამ თუ არ გამოიყენა? მაშინ პროვოკაციაზე წასვლა მოუწევთ...

სხვა ბერკეტი სირიის კონფლიქტზე გავლენის მოსახდენად შტატებს ახლა აღარ დარჩა. პრეზიდენტ ტრამპის მუქარას რუსეთი ნაკლებად მოუსმენს. მისი სიტყვები, რომ იდლიბში მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტვა არ უნდა მოხდეს და თუ მოხდება ამაზე მსოფლიო ძალიან გაბრაზდება, ძალიან ბუნდოვანია. "შეერთებული შტატები ასევე ძალიან გაბრაზდება" - ასეთი მუქარის პარალელურად ის აცხადებს, რომ "ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან მქონდა. მათ სურდათ, რომ კრივი გამემართა. ჩვენ მშვენიერი შეხვედრა გვქონდა". ამის მოსმენის შემდეგ მისი მოწინააღმდეგე მხარე რომ დაკარგავს სერიოზულ წარმოდგენას მასზე და მუქარასაც აღარ მიაქცევენ ყურადღებას დღესავით ნათელია.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა - მას შეეძლო ირანი-რუსეთი-თურქეთის კავშირის გაწყვეტა ირანის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებით ამით ირანზე გავლენა შეენარჩუნებინა და ნაწილობრივ მაინც გაეთიშა ის სირიის კონფლიქტისგან. როგორი მოკავშირეც არ უნდა იყოს ირანი და თურქეთი, როცა საქმე ფულს ეხება, ირანის ხელისუფლებას მაინც შეიძლება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გაეკეთებინა არჩევანი, მით უმეტეს, ახლა ირანს ყველაზე მეტად მატერალური სახსრები სჭირდება ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად. ეს ბერკეტი ამერიკამ დაკარგა, ახლა კი ირანს პრაქტიკულად აღარაფერი აქვს დასაკარგი, შესაბამისად არც დაიხევს უკან სირიის კონფლიქტში.

რუსეთი ახლა მით უმეტეს არ დაიხევს უკან - იდლიბში გამარჯვება სირიაში გამარჯვებას ნიშნავს და ამას პუტინისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

საინტერესო მოთამაშეა თურქეთი - მას სურს როგორც სირიელი მეამბოხეების მხარდაჭერა და სირიაში თავისი პოზიციების შენარჩუნება (მათ შორის აფრინის რეგიონში, სადაც თურქული სამხედრო ტექნიკა დგას), ასევე სირიის ჩრდილოეთში მცხოვრებ ქურთებზე გავლენის მოხდენა და მათგან მომავალი საფრთხის აცილება.

ძნელია თეირანის სამიტამდე იმის თქმა, ვინ შეძლებს საკუთარი ინტერესების მაქსიმალურად გატარებას, თუმცა უპირატესობა უკვე ამ სამეულის ხელში არის გადასული. იდლიბში ბრძოლა კი ნამდვილად სისხლისმღვრელი იქნება - იქ არის 10-დან 30 ათასამდე ამბოხებული გამაგრებული, რომლებიც საკმაოდ კარგად არიან შეიარაღებული და მათაც იციან, რომ იდლიბში ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება...

და მანამ, სანამ დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს ეჭიდავებიან, იდლიბის მოსახლეობა უარესისთვის ემზადება. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები, თუ როგორ ამზადებს მოსახლეობა მიწისქვეშ თავშესაფრებს, როგორ იმარაგებენ საკვებს. ერთ-ერთმა ხელნაკეთი ნიღბების დამზადებაც დაიწყო ქაღალდის ერთჯერადი ჭიქების, ბამბისა და პოლიეთილენის პარკების გამოყენებით...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (1)
ომარი
07 სექტემბერი 2018 17:19
მისასალმებელია, რომ ავტორმა ნორმალური ანალიტიკური სტატიების წერა დაიწყო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები