ასადი იდლიბს კვლავ ბომბავს - რას იზამს ამერიკა, დაბომბავს რუსეთისა და ირანის ძალებს სირიაში?
10-09-2018
ასადი იდლიბს კვლავ ბომბავს -  რას იზამს ამერიკა, დაბომბავს რუსეთისა და ირანის ძალებს სირიაში?
"სამთა კავშირი" - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველას ახსოვს ეს სიტყვები. მაშინ ალიანსში გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და იტალია იყვნენ გაერთიანებული.

დღეს რუსეთი-თურქეთი-ირანის კავშირს შეიძლება გვეწოდებინა "ახალი სამთა კავშირი", თუმცა მათი ალიანსი არც ისე მყარი ჩანს. თეირანში გამართულმა სამიტმა აჩვენა, რომ მათი მოკავშირეობა დროებითია და როგორც კი სამი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდება მათ შორის თანხმობის მიღწევა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იქნება.

რა მოხდა თეირანში 7 სექტემბერს?
ვლადიმირ პუტინმა, ჰასან რუჰანიმ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა
ისაუბრეს სირიაში, იდლიბთან დაკავშირებით და ვერ შეთანხმდნენ.

ერდოღანმა, როგორც სირიელი ამბოხებულების მხარდამჭერმა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტა და ზავი მოითხოვა. ეს იქნებოდა დე ფაქტო აღიარება იმისა, რომ იდლიბში გამაგრებულ 10-დან 30 ათასამდე ამბოხებულს იქ დარჩენის უფლება მიეცემოდა, თურქეთი კი იდლიბის საზღვარზე განლაგებულ საკუთარ ფორპოსტებს შეინარჩუნებდა. ასეთ შემთხვევაში
მოლაპარაკებები იდლიბთან დაკავშირებით დროში გაიწელებოდა, წლების განმავლობაში გაგრძელდებოდა, თურქეთს კი სირიის მთავრობის წინააღმდეგ უკვე ძლიერი ბერკეტი ექნებოდა. რაც მეტი დრო გავიდოდა, თურქეთი მით უფრო მოიკიდებდა ფეხს სირიაში. ასეთი იყო ერდოღანის გათვლა.
ერდოღანმა დელიკატურად სცადა ამ საკითხზე პარტნიორების დათანხმება, თუმცა პუტინმაც დელიკატურად მიახვედრა, რომ რუსეთს სირიასთან მიმართებით პრინციპული პოზიცია აქვს. მან აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარს აზრი არ ექნებოდა, ვინაიდან მოლაპარაკებებს ისლამისტი ტერორისტები არ ესწრებოდნენ.

"ფაქტია, რომ ამ მაგიდასთან შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლები არ არიან. მით უმეტეს არ არიან ჯაბჰატ ალ-ნუსრას, "ისლამური სახელმწიფოს" ან სირიის არმიის წარმომადგენლები. ვფიქრობ, რომ ზოგადად თურქეთის პრეზიდენტი მართალია. ეს (ცეცხლის შეწყვეტა) კარგი იქნებოდა. მაგრამ მე მათ მაგივრად საუბარი არ შემიძლია, მით უმეტეს ვერ ვისაუბრებ ჯაბჰატ ალ-ნისრას ან "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების ნაცვლად, რომ ისინი შეწყვეტენ სროლას ან დრონებით ბომბების გამოყენებას", - ამ სიტყვებით პუტინმა ერდოღანს პრაქტიკულად სილა გააწნა და მიანიშნა, რომ სირიაში მისი სამხედრო ძალების არსებობა დროებითია.

თეირანის სამიტამდე და სამიტის შემდეგ იდლიბის რაიონების დაბომბვამ კი უბრალოდ გაამყარა პუტინის სიტყვები. ეს ერთგვარი მინიშნებაც იყო როგორც ერდოღანის, ისე დანარჩენი ქვეყნების მიმართ, რომ სირიის კონფლიქტში ახლა წამყვანი როლი რუსეთს აქვს.

ყველაზე მთავარი კითხვა ახლა ის არის, თუ რას იზამს ამერიკა.
დღეს უკვე ისმის ორივე მხარის, რუსეთისგანაც და შტატებისგანაც, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ემზადებიან. რუსეთმა ამერიკა ფოსფორის ბომბის გამოყენებაშიც დაადანაშაულა (ამ ბომბის აფეთქების შედეგად წარმოიშვება სქელი თეთრი ღრუბელი, ბომბი გამოიყენება ხანძრის გასაჩენად). პენტაგონი რუსეთის ბრალდებას უარყოფს. იდლიბის მცხოვრებლები კი სირიის მთავრობას ადანაშულებენ ბარელის ბომბის ჩამოგდებაში (ასეთ ბომბში 1000 კილოგრამამდე ასაფეთქებელია მოთავსებული, მათ შორის შრაპნელი). ამას სირიის მთავრობა, რა თქმა უნდა, უარყოფს.

გამოიყენებენ თუ არა ქიმიურ იარაღს არავინ იცის, თუმცა პროვოკაციას ორივე მხარისგან უნდა ველოდოთ. The Wall Street Journal-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ სირიის პრეზიდენტმა საკუთარ ჯარებს უფლება მისცა ქიმიური იარაღი გამოიყენონ "ბოევიკების" წინააღმდეგ, შტატები კი არ გამორიცხავს შეტევის განხორციელებას სირიის, ირანისა და რუსეთის ძალებზე.

რამდენად მართალია ეს ხმა ძნელი სათქმელია, თუმცა ასეთ დარტყმას საპასუხო დარტყმაც აუცილებალდ მოჰყვება. სირიის მთავრობის ძალებზე შეტევას რუსეთი გადაყლაპავს, ვინაიდან იცის, რომ ეს ერთჯერადი სადამსჯელო მოქმედება იქნება და სირიაში პროცესების განვითარებას ხელს არ შეუშლის, ისე როგორც აქამდე არ შეუშლია. თუკი ამერიკა და საერთაშორისო კოალიცია ღიად დაბომბავს რუსეთის ძალებს, მაშინ პუტინს ორი არჩევანი ექნება - ან პასუხის გაცემა, ან საერთაშორისო პოლიტიკაში თავის მოჭრა.

აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი შეტევის განხორციელება ძალიან სარისკოა. სირიაში რამდენიმე თვის წინ ამერიკულმა ძალებმა უკვე განახორციელეს რუსებზე თავდასხმა, თუმცა ისინი დაქირავებულები იყვნენ. მსხვერპლი ძალიან დიდი იყო - დაახლოებით 300 ადამიანი, მაგრამ მაშინ რუსეთმა მწარედ გადაყლაპა ეს შეტევა. უნდა ითქვას, რომ მათ თავის დაძვრენის საშუალებაც ჰქონდათ - მთავრობამ ხელი დაიბანა და ყველაფერი დაქირავებულებს შეაწმინდა, რომლებიც სირიაში "საკუთარი ნებით" იყვნენ ჩასული. The Wall Street Journal-ის სცენარის შემთხვევაში ასეთი საშუალება აღარ იქნება.

მეორე ვარიანტი პუტინს ქვეყნის შიგნითაც შეუქმნის პრობლემებს. 9 სექტემბერს, ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობის პარალელურად რუსეთის 25 ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ. თუ საერთაშორისო არენაზე, მით უმეტეს სირიაში პუტინი ვერ გაიმარჯვებს, ეს საპროტესტო ტალღა ახალ განვითარებას მიიღებს, რაც ნამდვილად არ იქნება კარგი რუსეთის ხელისუფლებისთვის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს