რაზე შეთანხმდნენ ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები მას მერე, რაც ბლინები ერთად მოამზადეს
რაზე შეთანხმდნენ ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები მას მერე, რაც ბლინები ერთად მოამზადეს
ფოტო:სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი
წლევანდელმა სამხედრო წვრთნებმა რუსეთში მსოფლიოს ყურადღება თავისი მასშტაბურობით მიიქცია - დაახლოებით 300 000 ჯარისკაცი, 1 000 თვითმფრინავი, 36 000 საბრძოლო მანქანა და 80 გემი. ეს ციფრები მართლაც შთამბეჭდავია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში, 1981 წლის შემდეგ ასეთი მასშტაბის წვრთნები არ ჩატარებულა.
ეს წვრთნები იმითაც არის საინტერესო, რომ მასში მონღოლეთისა და ჩინეთის სამხედროებიც მონაწილეობენ. მართალია მათი რიცხვი მცირეა - ჩინელების მხრიდან 3 000-მდე ჯარისკაცი მონაწილეობს, თუმცა მათი მონაწილეობის მიზანი ერთი
მხრივ არის ის, რომ ჩინეთის საზღვართან დიდი რაოდენობით ჯარისკაცებისა და ტექნიკის მობილიზებას პრობლემა არ გამოეწვია ჩინელებში, ხოლო მეორე მხრივ ის, რომ რუსეთმა მსოფლიოს დაანახოს, რომ მისი იზოლაციაში მოქცევა შეუძლებელია. რამდენად არის ასე, ამას დრო გამოაჩენს...
ერთი რამ ფაქტია - სამხედრო წვრთნების ერთობლივად ჩატარება პოტენციურ სამხედრო
მოკავშირეობას ნიშნავს, ძლიერი მოკავშირე კი ახლა რუსეთსაც სჭრიდება და ჩინეთსაც, მით უმეტეს არსებული პრობლემების ფონზე - რუსეთს საერთაშორისო სანქციებთან უწევს გამკლავება, ჩინეთი კი შეერთებული შტატების "სანქციებს" უნდა გაუმკლავდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთისა და რუსეთის მოკავშირეობას ამერიკის პოლიტიკამაც შეუწყო ხელი - ჩინეთთან ხისტი პოლიტიკის გატარებით ბუნებრივია, რომ ჩინეთი უფრო მჭიდრო კავშირებს დაამყარებს რუსეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან. ამას არც ჩინელები მალავენ. ჩინეთის სახალხო ბანკის (People’s Bank of China) ყოფილმა ხელმძღვანელმა ჩჟოუ სიაოჩუნმა ისიც აღნიშნა, რომ ამერიკის მიერ გაზრდილი გადასახადების ფონზე ჩინეთი სხვა ბაზრებს, ასევე სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების დივერსიფიცირებას იწყებს და ამ კუთხით, რუსეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან ჩინეთის ურთიერთობას არსებითად განვითარდება.
ჩინეთის ეკონომიკური რესურსის გამოყენება კი ხელს შეუწყობს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გვერდი აუქციოს დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.
უნდა აღინიშნოს, რომ 11 სექტემბერს პუტინი ვლადივასტოკში შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს. მათი შეხვედრა საკმაოდ თბილად და მეგობრულად გამოიყურებოდა (რა თქმა უნდა, დადგმული სცენა იყო). მათ ერთად მოამზადეს ბლინები, შავ და წითელს ხიზილალასთან ერთად მიირთვეს და რუსული არაყიც დააყოლეს.
ამ მეგობრული ჟესტის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულმა და ჩინურმა მხარეებმა დაადასტურეს საკუთარი ინტერესი ორმხრივ ურთიერთობებში ეროვნული ვალუტის აქტიურად გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც მათ გლობალურ ბაზრებზე რისკებისგან თავის არიდებაში დაეხმარებათ. რისკები კი სანქციებსა და გაზრდილ გადასახადებს გულისხმობს.
ჩინეთის პრეზიდენტმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ სწრაფად ცვალებად, არასტაბილურ და არაპროგნოზირებად საერთაშორისო ვითარებაში, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. არაპროგნოზირებად ვითარებაში მან ამერიკის პრეზიდენტის მიერ დაწესებული გადასახადები იგულისხმა.
მართლაც, თუკი შეერთებული შტატების პრეზიდენტს რუსეთის ეკონომიკურ კრიზისში მოქცევა სურდა, მისთვის ბუნებრივი მოკავშირე კი არ უნდა გაეჩინა, პირიქით, უნდა ჩამოეშორებინა. ჩინეთისთვის ყოველდღიურად გადასახადების გაზრდის მუქარით და შემდეგ აღსრულებით კი საწინააღმდეგო შედეგი მივიღეთ - ჩინეთისა და რუსეთის მოკავშირეობამ ახალი სახე მიიღო. ძნელი სათქმელია ეროვნულ ვალუტაში ვაჭრობის წარმოება რა შედეგს მოიტანს, თუმცა ფაქტი უკვე მიანიშნებს, რომ ორივე ქვეყანა ცდილობს ახალი გამოსავლის ძებნას.
ამერიკის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ხისტ პოლიტიკას კი სავსებით შესაძლებელია უარყოფითი შედეგებიც მოჰყვეს. შეუძლებელია ქვეყანა ყველას სანქციებით ემუქრებოდეს.
ამერიკის პრეზიდენტის ხისტი პოლიტიკის დადებით შედეგად შეიძლება დაასახელონ ჩრდილოეთ კორეა. მისმა ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა კვირას სამხედრო აღლუმი გამართა, სადაც ყველას გასაკვირად არ გამოიტანეს ბალისტიკური რაკეტები, რომელთაც ამერიკის ტერიტორიამდე მიღწევა შეუძლიათ. ეს მიიჩნიეს დადებით ნიშნად კიმის მხრიდან, რომ ის აღარ აპირებს მუქარის გაგრძელებას და კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღება მალე დაიწყება. კიმმა აღლუმამდე ისიც განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ორ-სამ წელიწადში სრულად განიარაღდება ბირთვული რაკეტებისგან, აღლუმის შემდეგ კი ამერიკის პრეზდენტთან მეორე შეხვედრაც მოითხოვა.
ეს ერთი შეხედვით დონალდ ტრამპის წარმატებად ჩანს, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, სულ ცოტა ხნის წინ, 29 ივნისს გამოქვეყნდა ამერიკის დაზვერვის სამსახურების ცნობა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა ზრდიდა ბირთვული იარაღისთვის საწვავის წარმოებას სხვადასხვა საიდუმლო საწარმოებში და ცდილობდა მათ დამალვას ამერიკასთან მოლაპარაკებების წარმოებისას.
ჩნდება კითხვა - რას ვენდოთ? იმას, თუ რა გვაჩვენა კიმ ჩენ ინმა სამხედრო აღლუმზე, თუ რასაც ამერიკის დაზვერვის სამსახურები იუწყებიან?
ხუმრობით თუ ვიტყვით, ამერიკის პრეზიდენტი შეიძლება ამ შემთხვევაში კიმ ჩენ ინს უფრო ენდობოდეს, ვიდრე დაზვერვის საკუთარ სამსახურებს. გავიხსენოთ მისი შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან ჰელსინკიში, 16 ივლისს, სადაც 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ისაუბრა.
< "მე დიდი ნდობა მაქვს ამერიკის დაზვერვის სამსახურების მიმართ" - ასე დაიწყო  და იქვე დაამატა: "თუმცა გეტყვით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ძალიან მყარად და ძლიერად უარყო ეს". ერთი შეცდომის შემდეგ კიმ ჩენ ინთან, იმედია, ასეთ რამეს აღარ გაკეთებს ამერიკის პრეზიდენტი, მით უმეტეს თუ მეორე შეხვედრა შედგა, თუმცა ჯერ მაინც ადრეა ჩრდილოეთ კორეასთან წარმოებული პოლიტიკის დადებითად შეფასება.
<ნუ დავივიწყებთ, რომ ჩრდილოეთ კორეაზე ამერიკაზე მეტად დიდი გავლენა აქვს ჩინეთს. ეს უკანასკნელი კი აშკარად არა, მაგრამ ფარულად ყოველთვის შეეცდება კიმ ჩენ ინის გამოყენებას შტატების წინააღმდეგ. გავიხსენოთ, რომ სანამ ტრამპს შეხვდებოდა, კიმი ჯერ ჩინეთში ჩავიდა და სი ძინპინს შეხვდა...
ჩინეთსა და ამერიკაზე საუბრისას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ორი ქვეყნის დაპირისპირებაზეც უნდა აღინიშნოს. ორივე ქვეყანას სურს აქ გავლენის დამყარება, განსაკუთრებით კი ჩინეთი აქტიურობს. ამ ფონზე ჩრდილოეთ კორეის ამერიკასთან დამეგობრება და რეგიონის ხელიდან გაშვება დიდი პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა.
ჩრდილოეთ კორეის ამერიკასთან დამეგობრება არც რუსეთის ინტერესებში შედის, დაახლოებით იმავე მიზეზების გამო,  რომ არც მისთვის იქნება მომგებიანი რეგიონში ამერიკის გაძლიერება. შესაბამისად, ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტთან ერთად იქნება ის, ვინც ამას ყველანაირად შეუშლის ხელს. პუტინი აცხადებს კიდეც, რომ უახლოეს მომავალში მზად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდეს.

ძნელი სათქმელია, რომ უახლოეს მომავალში ამერიკის პრეზიდენტმა მიდგომები შეცვალოს, შესაბამისად, ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოვდება, რაც აისახება ვაჭრობაზე, ენერგო რესურსების მიწოდებაზე და ა.შ. ეს კი, რუსეთისთვის პირველ რიგში, საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდების ერთ-ერთი საშუალება იქნება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მედეა
16 სექტემბერი 2018 18:10
ამერიკა ჩინეთისა და რუსეთის დამეგობრებაზე არ იზრუნებს. მხოლოდ ჩინეთია რუსეთის დამჩოქებელი , სხვას ამ მისიის შესრულება ან არ შეუძლია, ან თავს არ აიტკიებს. ჩინეთისთვის კი რუსეთის დაჩოქება და მისი უზარმაზარი ტერიტორიებისა და წიაღისეულის დაუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომაც, მათ შორის მეგობრობა არ შედგება. დროებით შეიძლება დაახლოვდნენ რაიმე საერთო ინტერესების გამო. ჩინეთია ჩვენი იმედების პოტენციური ამსრულებელიც. ამერიკა ჩვენი მხარდამჭერია, მაგრამ რუსეთთან ომში არ ჩაებმება. ჩვენს გამო არც ჩინეთი ჩაებმება რუსეთთან ომში, საკუთარი ინტერესების გამო დააჩოქებს იგი რუსეთს და ჩვენ დაჩოქებული რუსეთი გვაწყობს, სწორედაც-- ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებისთვის.
ნემო
14 სექტემბერი 2018 20:19
ეს ყველაფერი პუტინს შიგა და არა საგარეო პოლიტიკისათვის სჭირდება. პუტინი ყველანაირად ცდილობს ჩინელების გულის მოგებას (სადაო ტერიტორიაც კი დაუთმო, რამაც რუსეთის პოლიტიკოსების ნაწილის და სამხედრო ელიტის რეაქცია გამოიწვია ), ჩინელები ამ დამოკიდებულებას ეშმაკურად იყენებენ და რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონს აუჩქარებლად, ჯერჯერობით მხოლოდ ფინანსურად და დემოგრაფიულად ესაკუთრებიან. შესამჩნევად გაიზარდა რუსი ეროვნების მოსახლეობის მიგრაცია რუსეთის დასავლეთი და ცენტრალური ნაწილებისაკენ, საცხოვრებელ ადგილზე ჩინელებისაგან შევიწროების გამო. რუსეთში ეს კარგად იციან, თუმცა რუსეთის მთავრობა ყველაფერს ამას "მეგობრობით" და წაყრუებით გადათრევას ცდილობს, თუმცა ყველაფერს დასასრული აქვს და ახლო მომავალში ეს ყველაფერი მათ საზიანოდ იფეთქებს. ახალი ომის საშიშროება მომავალში ჩინეთ-რუსეთს შორის მოხდება თუ ყველაფერი ასეთი პოლიტიკოსებით გაგრძელდა.
მცირე შენიშვნა
14 სექტემბერი 2018 09:45
Zhou Xiaochuan იკითხება როგორც ჭოუ სიაოჩუან და არა ჩჟოუ. ჟ თი იკითხება სახელები, რომლებიც ინგლისური R_ითაა ჩაწერილი, ZHკი როგორც ქართული ჭ,. ასევე Xi Jinping იკითხება, როგორც სი ძინფინ(ი) და არა სი ძინპინი. პ ასო უნდა იხმაროთ B-თი ჩაწეილ სახელებთან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები