როგორ აისახება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი საქართველოზე? - კვირის პალიტრა

როგორ აისახება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი საქართველოზე?

საქართველოსთვის უკრაინის ეკლესიის მიმართ ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ რუსეთისა და უკრაინის ეკლესიების შემდეგ საქართველოა ის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად შეეხება საკითხის დადებითად გადაწყვეტის შედეგები. ეს შეიძლება აისახოს არა მხოლოდ ეკლესიებს შორის, არამედ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზეც, რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობაზე.

ჩვენთვის უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს შეიძლება ის მოჰყვეს, რომ რუსეთის ეკლესიამ საკუთარ ეპარქიებად გამოაცხადოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული ქართული ეპარქიები - ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია.

გუშინ რუსეთის ეკლესიის სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართა. ამის მიზეზი მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინაში საკუთარი წარმომადგენლების დანიშვნა გახდა, რომლებიც სწორედ გუშინ ჩავიდნენ უკრაინაში. მათი დანიშვნის გადაწყვეტილება 7 სექტემბერს მიიღო კონსტანტინოპოლის პატრიარქმა. ამასთან დაკავშირებით რუსეთის ეკლესიამ "ღრმა შეშფოთება და მტკიცე პროტესტი" გამოთქვა, თუმცა ამას პასუხი არ მოჰყოლია.

უკვე რუსეთის ეკლესიაშიც აღიარებენ, რომ მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლების დანიშვნა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისთვის ვითარების მოსამზადებლად მოხდა.

მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლების დანიშვნის გამო გუშინ რუსეთის სინოდზე მიიღეს დადგენილება, რომლის მიხედვით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, ლიტურგიის დროს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომეოსის მოხსენიებას წყვეტს, თუმცა, მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტულ კავშირს ინარჩუნებს. სინოდის სხდომა მოსკოვში

ეს არის ერთგვარი გაფრთხილება, რომ არ მოხდეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, თუმცა ეს არსებულ ვითარებაში წარმოუდგენელია. ამას ადასტურებს როგორც მსოფლიო პატრიარქის ბართოლომეოს გადაწყვეტილება, ისე უკრაინაში არსებული რეალობა.

უკრაინასა და რუსეთს შორის დღეს საომარი მდგომარეობაა. ასეთ ვითარებაში მიუღებელი ხდება ეკლესია იმართებოდეს იმ სახელმწიფოს მიერ, რომელმაც ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. ამიტომაც არის, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ავტოკეფალიის საკითხი ეროვნული უსაფრთხოებისა და მსოფლიო გეოპოლიტიკის დონეზე აიყვანა.

"ავტოკეფალია მხოლოდ უკრაინელი მართლმადიდებლების საზრუნავი არ არის. ეს არის უკრაინის დამოუკიდებლობის საკითხი. ეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის, უკრაინელის ერის, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და ბოლოს, მსოფლიო გეოპოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენია" - ამ სიტყვების შემდეგ ნათლად ჩანს, რომ უკრაინა არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხევს ავტოკეფალიის საკითხში.

"ამბობენ, რომ შეუძლებელია იმ იდეის შეჩერება, რომლის დროც მოვიდა. ავტოკეფალიის იდეა ახლა უკრაინაში სწორედ ასეთი იდეაა. მტკიცედ მსურს, რომ უკრაინის ეკლესია სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი იყოს. განსაკუთრებით კი უცხო სახელმწიფოსგან" - პოროშენკოს ეს სიტყვები აჩვენებს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს უკვე პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს.

"უკრაინის ერთიანი ადგილობრივი ეკლესიის შექმნა - ეს არ არის საფრთხე კონფლიქტისთვის, ეს მოსკოვისგან სულიერი დამოუკიდებლობის გარანტიაა, რომელიც მცდარი წარმოდგენის ტყვეობაშია, თითქოს აქ, ჩვენთან მას კანონიკური ტერიტორია აქვს" - ეს კი პოროშენკომ გუშინ განაცხადა.

ჩნდება კითხვა: როგორი შეიძლება იყოს მოსკოვის პასუხი? მხოლოდ საეკლესიო კონტრზომებით შემოიფარგლება თუ პოლიტიკურ ზომებსაც მიმართავს?

ალბათ ყველაფერი იმის მიხედვით გადაწყდება, თუ რომელი ქვეყანა დაუჭერს მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. კონტრზომებიც შესაბამისი იქნება. ძნელი წარმოსადგენია საქართველოს ეკლესიამ მხარი არ დაუჭიროს უკრაინას - ეს არის ქვეყანა, რომელიც დაახლოებით იმავე პრობლემების წინაშე დგას, როგორც ჩვენ. ამ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რუსეთის ეკლესია საკუთარ ეპარქიებად გამოაცხადებს ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიებს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან უსიამოვნო იქნება ყველა ჩვენგანისთვის.

ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთში ეკლესია და სახელმწიფო ბევრად უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე სხვა ქვეყნებში. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა აღნიშნა, რომ მართლმადიდებლური სამყაროს ერთიანობის შენარჩუნება სასურველია მოსკოვისთვის. ეს განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლება პოლიტიკური გზებითაც შეეცდება ვითარებაში ჩარევას და კონკრეტულ ეკლესიებზე ზეწოლის მოხდენას, ფარულად თუ აშკარად.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქცევს რუსეთის სახელმწიფოს, შესაბამისად უნდა ველოდოთ სხვადასხვა სახის პროვოკაციებს რუსეთის მხრიდან. რა სახის შეიძლება იყოს პროვოკაციები, ამაზე მიანიშნებს მიტროპოლიტი ილარიონის სიტყვები:

"ჩვენ ნებისმიერ რამეს შეიძლება ველოდოთ - განხეთქილებაში მყოფებმა (ასე მოიხსენიებს რუსეთის ეკლესია იმ უკრაინელებს, რომელნიც არ ემორჩილებიან რუსეთის ეკლესიას და ავტოკეფალია სურთ) შეიძლება ხელში ჩაიგდონ დიდი მონასტრები, როგორებიცაა კევო-პეჩორის ლავრა, პოჩაევოს ლავრა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი მორწმუნეები შეეცდებიან ამ ადგილების დაცვას და შეიძლება სისხლისღვრა დაიწყოს".

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს