კიმ ჩენ ინი, როგორც ორმაგი აგენტი და ფხენიანის სამიტის შედეგები - კვირის პალიტრა

კიმ ჩენ ინი, როგორც ორმაგი აგენტი და ფხენიანის სამიტის შედეგები

კიმ ჩენ ინი მსოფლიო ლიდერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი და არაპროგნოზირებადი პროვნებაა და ამას მოწმობს მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარება.

იტყვის თუ არა ის უარს ბირთვულ იარაღზე და დასრულდება თუ არა ომი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის? უნდა აღინიშნოს, რომ 1950-1953 წლებში მომხდარი კორეის ომი ფორმალურად დასრულებული არ არის, ვინაიდან არ გაფორმებულა ზავი ორ სახელმწიფოს შორის. ახლა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს.

ყველაზე მეტად დაინტერესებული სახელმწიფო, რომელსაც კორეის ომის ფორმალურად დასრულება და კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება აინტერესებს, სამხრეთ კორეაა. მისი ლიდერი მუნ ჩჟე ინი 18 სექტემბერს ეწვია ფხენიანს. 2007 წლის შემდეგ ეს სამხრეთ კორეის ლიდერი პირველი ვიზიტია. სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ძალიან თბილი დახვედრა მოუწყვეს ფხენიანში. უნდა აღინიშნოს, რომ ფხენიანის სამიტი ბევრად უფრო ცხადი და ნაყოფიერი გამოდგა, ვიდრე სინგაპურის სამიტი.

ამ შეხვედრის ყველაზე მთავარი შედეგი არის ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც ორმა ლიდერმა მოაწერეს ხელი და რომელზე დაყრდნობითაც სეულში აღნიშნეს, რომ კორეის ომი, ფაქტობრივად, დასრულდა.

კიდევ რა წერია დეკლარაციაში? ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩრდილოეთ კორეამ თანხმობა გამოთქვა გაანადგუროს საკუთარი ბირთვული პოლიგონები. კიმ ჩენ ინმა ტონჩხანის სარაკეტო პოლიგონის დახურვისა და იონბენის ბირთვული ობიექტების სრული დემონტაჟის პირობა დადო. მიღწეულია შეთანხმება დემილიტარიზირებული ზონიდან ყველა სამხედროს გამოყვანის, ფხანმუნჯის სასაზღვრო პუნქტის განიარაღებისა და სადემარკაციო ხაზთან სამხედრო სწავლებების შეწყვეტის შესახებ.

მხარეებმა ასევე საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე მოილაპარაკეს. პროცესი წლის ბოლომდე დაიწყება. კიმ ჩენ ინმა კი უახლოეს დროში სეულში ჩასვლის სურვილი გამოთქვა. ეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სამხრეთის დედაქალაქში პირველი ვიზიტი იქნება.

გარდა ამისა, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის სპორტსმენებმა ერთად მიიღონ მონაწილეობა 2032 წლის ოლიმპიურ თამაშებში, მათ ასევე განცხადება შეიტანეს ოლიმპიურ კომიტეტში, რომ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებშიც, რომელიც ტოკიოში გაიმართება, ერთად იმონაწილეონ.

როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე დაინტერესებული მხარე ახლა სამხრეთ კორეაა. ეს არის ქვეყანა, რომელიც პირველი მსხვერპლი გახდება, თუკი ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან დაიძაბება ან ომი დაიწყება. მშვიდობის შემთხვევაში კი სამხრეთ კორეელ ბიზნესმენებს გაეხსნებათ ბრწყინვალე შესაძლებლობა ბიზნესის კეთება დაიწყონ ჩრდილოეთში, იმ მხარეში, რომელიც არ არის გაჯერებული სხვადასხვა კომპანიებით და სადაც მუშახელი იაფია.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი ძალიან კარგად იყენებს იმ შესაძლებლობას, რაც სინგაპურის სამიტმა გააჩინა - ეს არის კიმ ჩენ ინთან პირდაპირი მოლაპარაკებების უფრო თამამი ორგანიზება. ახლა სამხრეთ კორეა ყველანაირად შეეცდება რაც შეიძლება მეტი ასეთი შეხვედრა გაიმართოს, რათა ორ ლიდერს ერთმანეთში მეტი საერთო გაუჩნდეს.

თუმცა, რამდენად იქნება საკუთარი დაპირებების ერთგული კიმ ჩენ ინი? რამდენად შეასრულებს ის თავის სიტყვას ბირთვული პოლიგონების განადგურების შესახებ?

აქ უნდა აღინიშნოს, რომ 30 ივნისს გავრცელდა შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების მონაცემები იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა არათუ ანადგურებდა ბირთვულ პოლიგონებს, არამედ გაზარდა ბირთვული რაკეტების საწვავის წარმოება სხვადასხვა საიდუმლო პოლიგონზე და ახლა შეეცდება მათ დამალვას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სინგაპურის სამიტი 12 ივნისს გაიმართა, სამიტზე კი კიმ ჩენ ინი მშვიდობასა და ქვეყნის აყვავებაზე საუბრობდა დავინახავთ, რომ კიმ ჩენ ინის ნდობა სარისკოა და ეს პირველ რიგში ამერიკის პრეზიდენტს უნდა ესმოდეს.

მართლაც, რატომ უნდა დათმოს ბირთვული იარაღი კიმ ჩენ ინმა? ეს ხომ მისთვის ის ერთადერთი უპირატესობაა, რომლის ხელიდან გაშვების შემთხვევაში მისი გაკონტროლება ძალიან ადვილი გახდება.

მეორე მხრივ, ჩრდილოეთ კორეაზე ორ დიდ მოთამაშეს აქვს გავლენა - ჩინეთსა და რუსეთს. ორშაბათს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთს გადასახადებს გაუზრდის 200 მილიარდი დოლარის მოცულობის პროდუქტზე 10%-ით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ეს გადასახადები 25%-მდე გაიზრდება. აქამდე ტრამპმა ჩინეთს რამდენჯერმე გაუზარდა გადასახადები მილიარდობით დოლარის მოცულობის პროდუქტებზე. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება ჩინეთისა და მისი პრეზიდნეტისთვის სი ძინპინისთვის სასიხარულო ინფრომაცია.

გადასახადები არ არის ერთადერთი საკითხი, რაშიც ჩინეთის ხელისუფლება არ ეთანხმება ამერიკის ადმინისტრაციას. სამხრეთ ჩინეთის ზღვა ჯერ კიდევ სადავო ტერიტორიად რჩება მათ შორის, ჩინეთი კი ცდილობს საკუთარი ჯარები განალაგოს იქ არსებულ კუნძულებზე. ჩინეთისთვის მიუღებელია კორეის ნახევარკუნძულზე ამერიკის გაძლიერებაც. შესაბამისად, თუკი სი ძინპინი მოისურვებს სამაგიეროს გადახდას, ის გამოიყენებს საკუთარ გავლენას კიმ ჩენ ინზე და შეეცდება ბირთვული მოლაპარაკებების ჩაფუშვას.

იმავე ვითარებაშია რუსეთიც. რუსეთს ხშირად ადანაშაულებენ ჩრდილო კორეელებისთვის დაწესებული სანქციების დარღვევაში. რამდენიმე დღის წინ რუსეთი შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმაც დაადანაშაულა კორეელებისთვის საწვავის მიყიდვისა და სხვა მოქმედებების გამო, რაც საერთაშორისო სანქციებით არის აკრძალული.

კიმ ჩენ ინის გავლენის ქვეშ ყოლა უპირატესობაა ვლადიმირ პუტინისთვისაც, რომელსაც უკვე მთელი დასავლეთი მტრად მიაჩნია...

კიდევ ერთი საკითხი, რაც ყურადღებას იქცევს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაში არის თავად კიმ ჩენ ინის მოთხოვნა, რომ ბირთვული განიარაღება მოხდება ამერიკისგან შესაბამისი, საპასუხო ნაბიჯების ფონზე, ეს საპასუხო ნაბიჯები კი არ კონკრეტდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კიმ ჩენ ინისთვის საკუთარი რეჟიმის შენარჩუნებაა მთავარი და ის ელოდება დაპირებას, რომ რეჟიმი არ შეიცვლება, თუმცა ამის პირობა რომ მიიღოს ახლანდელი ამერიკის პრეზიდენტისგან, მაინც არ იქნება სანდო. ამერიკის პრეზიდენტი მალე შეიცვლება, შემდგომი ადმინისტრაცია კი არ არის ვალდებული წინა ადმინისტრაციის პირობები დაიცვას.

რა თქმა უნდა, ეს იცის კიმ ჩენ ინმა, შესაბამისად, ის კიდევ დიდხანს გააგრძელებს ორმაგ თამაშს და ბუნდოვანი დაპირებების გაცემას ბირთვულ განიარაღებაზე. ასეთი საერთაშორისო ვიზიტები და შეხვედრები ხომ სულ უფრო ამყარებს მის პოზიციებს ქვეყნის შიგნით და შესანიშნავ მასალას აძლევს პროპაგანდისთვის.

იხილეთ ასევე: ჩრდილოეთ კორეის მემკვიდრეობითი დიქტატურა - ქვეყნის "დიდი ბელადების" კომპლექსები და სისუსტეები

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს იხილეთ ვიდეო