მერკელის გადადგომა გამოკითხულთა ყოველ მეორეს სურს - რატომ იზრდება მემარჯვენე პარტიების პოპულარობა ევროპაში? - კვირის პალიტრა

მერკელის გადადგომა გამოკითხულთა ყოველ მეორეს სურს - რატომ იზრდება მემარჯვენე პარტიების პოპულარობა ევროპაში?

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პოპულარობა ქვეყანაში ეცემა. ასევე ეცემა გერმანიაში წამყვანი პოლიტიკური პარტიების რეიტინგიც - გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU), ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირისა (CSU) და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) რეტიტინგი საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზეა.

სამაგიეროდ, იზრდება მცირე პარტიების რეიტინგი და პოპულარობა, თუმცა საინტერესო ის არის, რომ ამ მცირე ზომის პარტიებიდან ახალი გამოკითხვის მიხედვით CDU/CSU კავშირის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს მემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD).

გამოკითვის მიხედვით, კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს გერმანიაში, გამოკითხულთა 28% ხმას CDU/CSU კავშირს მისცემდა, 18% კი AfD-ს.

დავუბრუნდეთ მერკელს. მეორე გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 56% მის გადადგომას უჭერს მხარს. ეს შედეგები ნამდვილად არ იქნება სასიხარულო გერმანიაში მმართველი კოალიციისთვის, რომელიც სწორედ CDU/CSU კავშირისა და SPD-სგან შედგება.

AfD-ს პოპულარობამ მოიმატა ბოლო გამოკითვის მიხედვით. ეს პარტია 2017 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ პირველად შევიდა პარლამენტში, სადაც მან ხმების 12.6% მიიღო. ალის ვაიდელი და ალექსანდერ გაულანდი - 'ალტერნატივა გერმანიისთვის'

უნდა აღინიშნოს, რომ მემარჯვენე პარტიების პოპულარობა სულ უფრო იზრდება ევროპაში. მართალია ეს საგანგაშო მასშტაბს არ აღწევს, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებებია მომხდარი და მემარჯვენეობა აღარ არის ისეთი მიუღებელი, როგორც წინა წლებში იყო. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია 9 სექტემბერს შვედეთში ჩატარებული არჩევნები.

პარტიამ "შვედეთის დემოკრატები" (SD) 2014 წელს ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით კარგი შედეგი აჩვენა - მათი მხარდაჭერა 12.9%-დან 17.6%-მდე გაიზარდა. შვედეთში ჩატარებულ არჩევნებს ბევრი ადევნებდა თვალყურს, მათ შორის საქართველოშიც.

რა თქმა უნდა, ულტრა-მემარჯვენე პარტიების დაწინაურება არ იქნება კარგი ამბავი ისედაც პრობლემებში მყოფი ევროკავშირისთვის. ბრექსიტი უკვე მეორე წელია მოურჩენელ თავისტკივილად იქცა როგორც ბრიტანეთისთვის, ისე ევროკავშირის დანარჩენი 27 წევრისთვის, მით უმეტეს იმიტომ, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევა არ გამოდის. ამას ემატება უკანონო მიგრანტების პრობლემა და ის საკითხი, უნდა მიიღონ თუ არა ან რომელმა ქვეყანამ რამდენი მიგრანტი უნდა განათავსოს საკუთარ ქვეყანაში. ჯიმი აკესონი - შვედი მემარჯვენეების ლიდერი

ყველასთვის ცნობილია, რომ ევროპის ქვეყნებში მემარჯვენე პარტიების დაწინაურება არასწორმა საიმიგრაციო პოლიტიკამ გამოიწვია. გერმანიის კანცლერს სურდა ლიდერი ყოფილიყო საიმიგრაციო პრობლემის გადაწყვეტაში და სხვა ქვეყნებსაც მიებაძათ მისი "ღია კარის პოლიტიკისთვის", მაგრამ ასე არ მოხდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა იმთავითვე უარი თქვა ამ პოლიტიკის გატარებაზე და საკუთარი ქვეყნის საზღვრები დახურა. ასევე, პრაქტიკულად კანონგარეშედ გამოაცხადა ჯორჯ სოროსი და მისი საქმიანობა უნგრეთში. კანონი, რომელიც ცნობილია მეტსახელით "შეაჩერე სოროსი" (Stop Soros) სწორედ ამისკენ არის მიმართული. ეს კანონი უნგრეთში 22 ივნისს მიიღეს, რითაც არალეგალი მიგრანტების დახმარება დასჯადი გახდა, არასამთავრო ორგანიზაციებს კი მკაცრი კონტროლი დაუწესდა.

ყველაზე საინტერესო ევროპის მემარჯვენეების რბოლაში არის ამერიკელი სტივ ბენონის გამოჩენა. სტივ ბენონი თეთრი სახლის ყოფილი მთავარი სტრატეგია და ამერიკაში მემარჯვენე შეხედულებებით გამოირჩეოდა, თუმცა ახლა ევროპაში გადაწყვიტა დამკვიდრება. მას აქვს ახალი გეგმა, რომ გააერთიანოს ყველა ევროპული ულტრა-მემარჯვენე პარტია ერთი მოძრაობის ეგიდით. ამ პროექტს ჰქვია "მოძრაობა" (The Movement) და მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს მემარჯვენე პარტიებს 2019 წლის მაისში, ევროპის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის. რამდენად გაერთიანდებიან ევროპელი მემარჯვენეები ამერიკელის მოძრაობაში ძნელი სათქმელია, თუმცა ბენონმა სწორი არჩევანი გააკეთა - მემარჯვენეობისთვის ევროპაში უფრო არის ნიადაგი, ვიდრე ამერიკაში. სტივ ბენონი

რა უწყობს ხელს მემარჯვენე პარტიების გაძლიერებას ევროპაში? ისევ და ისეც, ამ კითხვაზეც ცნობილია პასუხი - არალეგალი მიგრანტების საქციელი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ყველა მიგრანტზე სათითაოდ არ ვრცელდება ეს ნათქვამი, მაგრამ მკვლელობები, გაუპატიურება, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიმართ აგრესია - ეს ყველაფერი ადამიანების ფსიქიკაზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს.

ქვემოთ მოცემული ვიდეო ჩაწერილია 14 სექტემბერს, ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგჰემში, ერთ-ერთ გარეუბანში. ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა ფაქტია, რომ ასეთი აგრესია მიგრანტების მხრიდან, მით უმეტეს პოლიციელზე, მათ მიმართ სიმპატიას არავითარ შემთხვევაში არ გააჩენს.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მემარჯვენე პარტიებისა და მოძრაობის დაწინაურება არანაკლებ სახიფათოა. დღეს ეს ყველაფერი ევროპის გადარჩენისკენ მიმართულ ბრძოლას ჰგავს, მაგრამ არავინ იცის როგორ შემოტრიალდება ვითარება, თუკი ასეთი პარტიების ხელისუფლების სათავეში მოექცევიან. მით უმეტეს ძნელია მოვლენების წინდაწინ პროგნოზირება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

იხილეთ ვიდეო