რატომ "გამორჩა" ტრამპს რუსეთის საკითხი გაეროს ასამბლეაზე და რას უწოდა მან "კუდიანებზე ნადირობა" - კვირის პალიტრა

რატომ "გამორჩა" ტრამპს რუსეთის საკითხი გაეროს ასამბლეაზე და რას უწოდა მან "კუდიანებზე ნადირობა"

25 სექტემბერს დასრულდა გაეროს 73-ე გენერალური ასამბლეა. მას ესწრებოდა თითქმის ყველა სახელმწიფოს ლიდერი. აღნიშნული ასამბლეა ერთ-ერთი რიგითი იქნებოდა ჩვეულებრივი განცხადებებითა და გამოსვლებით, მაგრამ სიტყვით გამომსვლელებს იყო ამერიკის პრეზიდენტიც. სწორედ მისი გამოსვლის მოლოდინმა აქცია 73-ე ასამბლეა კიდევ უფრო საინტერესო მოვლენად.

როგორ დაიწყო დონალდ ტრამპმა საუბარი? - არა ისე, როგორც გაეროს შეეფერებოდა, არამედ ისე, თითქოს წინასაარჩევნო შეხვედრები ჰქონდეს ამერიკის რომელიმე შტატის მოსახლეობასთან, როგორც უწოდებენ "ერთსართულიან ამერიკასთან".

"ორ წელიწადზე მცირე დროში ჩემმა ადმინისტრაციამ იმაზე მეტს მიაღწია ვიდრე რომელიმე ადმინისტრაციამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში" - ამ სიტყვებმა სამართლიანი სიცილი გამოიწვია მსოფლიოს ლიდერებში და რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ მსოფლიოს ზესახელმწიფოს ლიდერზე დანარჩენი ლიდერები დაუფარავად იცინიან. ზესახელმწიფოს ლიდერი კი წინასაარჩევნო მიმართვასა და გაეროში წარმოსათქმელ სიტყვას შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს.

ახლა ვთქვათ, თუ რაზე ისაუბრა ტრამპმა? - მან გააკრიტიკა ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, გააკრიტიკა ჩინეთის სავაჭრო პოლიტიკის გამო, გააკრიტიკა სირია და სირიის ხელისუფლება, განსაკუთრებით აღნიშნა ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები და ამ მოლაპარაკებაში საკუთარ წვლილზე. ასევე, დაგმო ისლამური ტერორიზმი და განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ამერიკის საელჩო ისრაელში იერუსალიმში გადაიტანა.

თითქოს ამ ჩამონათვალს რაღაც აკლია. უნდა იყოს კრიტიკა ერთი ქვეყნის მიმართ, მაგრამ ეს ქვეყანა დასახელებული არ არის. რომელ ქვეყანაზეა საუბარი? იმაზე, რომელსაც ამერიკა ადანაშაულებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში, ევროპის ქვეყნების პოლიტიკაში ჩარევასა და კიბერ-შეტევების განხორციელებაში, ომში უკრაინასა და საქართველოში, სირიის კონფლიქტსა და ქიმიური იარაღის გამოყენებაში, აღარაფერს ვიტყვი ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფაში. ეს ქვეყანა არის რუსეთი.

რატომ გამორჩა დონალდ ტრამპს რუსეთი?

ეს არის კითხვა, რომელზეც მხოლოდ ვარაუდი თუ შეიძლება.

შეიძლება ეს იყოს პირადი სიმპათია დიქტატორების მსგავსი ლიდერების მიმართ. მან ჩინეთის პრეზიდენტი მეგობრად მოიხსენია, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სავაჭრო პოლიტიკას აკრიტიკებდა, კიმ ჩენ ინსაც მეგობრად იხსენიებს, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები აქვს დაწესებული ჩრდილოეთ კორეისთვის.

რა თქმა უნდა, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია ამერიკის პრეზიდენტის სიმპათია რუსი კოლეგის მიმართ.

მეორე მიზეზი რატომაც ტრამპს არ სურდა რუსეთის ხსენება, შეიძლება, შიდა პოლიტიკაში არსებული პრობლემები იყოს. მისთვის ნამდვილად არ იქნებოდა კომფორტული იმ თემაზე საუბარი, თუ როგორ იძიებენ ამერიკის სპეცსამსახურები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის როლს, მით უმეტეს იმიტომ, რომ პირდაპირ თუ ირიბად, ეს გამოძიება ტრამპის სახელს აყენებს ჩრდილს. მისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელმა პოლ მანაფორტმა ბრალი უკვე აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს. მანაფორტს კი პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსების ლობირებაში, ასევე მილიონობით დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებენ.

ტრამპისთვის ეს თემა ღამის კოშმარივითაა. შეიძლება იმიტომაც არ ისურვა რუსეთზე ესაუბრა, რომ მიენიშნებინა, ამ გამოძიებას ის არაფრად თვლის როგორც ტყულებით შეთხზულსა და არარეალურს. როგორც თავად უწოდებს "კუდიანებზე ნადირობას" (A witch hunt).

"რაც გეჯავრებოდეს, ის გეძალებოდესო" - ძალიან დიდხანს ტრამპს ყოველთვის წამოაძახებენ, რომ მან გაეროში სიტყვით გამოსვლაზე რუსეთი არ ან ვერ გააკრიტიკა. დონალდ ტრამპი გაეროს 73-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას

გადავიდეთ გლობალიზაციაზე. ეს არის პროცესი, რომელსაც თავს ვერავინ აარიდებს, ვერც დიდი და ვერც პატარა ქვეყანა. როგორია ტრამპის პოზიცია გლობალიზაციაზე?

"ჩვენ უარვყოფთ გლობალიზმის იდეოლოგიას და მივესალმებით პატრიოტიზმის დოქტრინას" - ასეთია ტრამპის პოზიცია.

გლობალიზაცია უფრო მეტ საფრთხეს უქმნის პატარა ქვეყნებს, სადაც ხშირად საკუთარი იდენტობის დაკარგვის ეშინიათ, თუმცა დიდი ქვეყნები გლობალიზაციას მიესალმებიან. ტრამპის 35 წუთიანმა გამოსვლამ დატოვა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს გაეროში საუბრობდა არა ზესახელმწიფოს, ამერიკის ლიდერი, არამედ რომელიღაც პატარა ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის ქვეყანაც გლობალიზაციის გამო იჩაგრება და ამის გამო მსოფლიოს სხვა ლიდერებს აკრიტიკებს.

რაც შეეხება საიმიგრაციო პოლიტიკას:

"ჩვენ ვცნობთ ყველა ერის უფლებას ამ ოთახში, რომ წარადგინოს საკუთარი საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც მათ ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, ისევე როგორც ჩვენ მოვითხოვთ სხვა ქვეყბებისგან პატივი სცენ ჩვენს უფლებას, რომ ამგვარად მოვიქცეთ და ვიქცევით კიდეც" - ეს არის ძალიან ბუნდოვანი განცხადება, რომელსაც ნამდვილად ძალიან კარგად გამოიყენებს ყველა მემარჯვენე პარტია ან ხელისუფლება.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ თუ სირიაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ, მაშინ ამერიკა ამას აუცილებლად გასცემს პასუხს. ალბათ ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული პოლემიკის გამოძახილია ის, რომ რუსეთი საქართველოში ლუგარის ლაბორატორიით დაინტერესდა და ამბობენ, რომ აქ ადამიანებზე ლეტალურ ცდებს ატარებენ...

დასასრულს უნდა ითქვას, რომ ტრამპის გამოსვლამ გაეროში კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა მის ადმინისტრაციასთან მიმართებით, ვიდრე აქამდე არსებობდა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს