ერდოღანმა კიოლნში მეჩეთი გახსნა - როგორია თურქეთის გავლენა გერმანიაზე - კვირის პალიტრა

ერდოღანმა კიოლნში მეჩეთი გახსნა - როგორია თურქეთის გავლენა გერმანიაზე

ამ ცოტა ხნის წინ, როდესაც თურქული ლირა მკვეთრად გაუფასურდა, შეერთებულმა შტატებმა კი თურქეთი უმკაცრესად გააკრიტიკა და სანქციებით დაემუქრა, ყველას გვახსოვს, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის რბილი პოზიცია. მოგეხსენებათ, რომ აშშ-მ ასეთი პოზიცია ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის შინა პატიმრობაში დატოვების გამო გამოხატა და მის განთავისუფლებას დღემდე ითხოვს. საინტერესოა, რომ ამერიკელი პასტორის გარდა, თურქეთში გერმანიის ხუთი მოქალაქეა დაპატიმრებული. ჩნდება კითხვა: რატომ არ აქვს გერმანიას ისეთივე მკაცრი პოზიცია თურქეთის მიმართ, როგორც შეერთებულ შტატებს? რატომ მიიღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანი გერმანიაში ასეთი დიდი პატივით, მაშინ, როცა ის არ აპირებს დაკავებული გერმანელების განთავისუფლებას?

როგორც ჩანს, თურქეთს აქვს იმის საშუალება, რომ ზეგავლენა მოახდინოს გერმანიაზე და მის ხელისუფლებაზე.

ყველაზე დიდი ბერკეტი, რაც თურქეთს გააჩნია, არის თურქული დიასპორა გერმანიაში, სადაც სამ მილიონამდე თურქი ცხოვრობს. შესაბამისად, ამის გათვალისწინებით, გერმანია, სავარაუდოდ,  ყოველთვის შეეცდება ბევრად უფრო დამთმობი იყოს თურქეთთან მიმართებით, ვიდრე სხვა ქვეყნები.

მოგეხსენებათ, ერდოღანის ხელისუფლებას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს გერმანიის თურქულ დიასპორაზე. ეს კიოლნში მეჩეთის გახსნაზეც გამოჩნდა. ეს მეჩეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდია ევროპაში და სწორედ მისი გახსნით დაასრულა ერდოღანმა საკუთარი ვიზიტი გერმანიაში.

ვნახოთ, საიდან და როგორ შეუძლია ერდოღანს გერმანიაში მცხოვრებ თურქებზე ზეგავლენის მოხდენა.

გერმანიაში მეჩეთების "ქოლგა" არის ორგანიზაცია, სახელწოდებით, რელიგიურ საქმეთა თურქულ-ისლამური კავშირი (DITIB). ამ ორგანიზაციას ექვემდებარება 900 მეჩეთი გერმანიაში და 800 000 ადამიანს აერთიანებს. ეს ფაქტი უკვე აჩვენებს, თუ რა ძლიერ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე. თუმცა ამით არ ამოიწურება DITIB-ის საქმიანობა. DITIB-ი მიბმულია თურქეთის რელიგიის საქმეთა დირექტორატთან, Diyanet-თან. ეს უკანასკნელი კი პირადად ერდოღანთან არის ანგარიშვალდებული. აქ მკითხველმა თავად განსაჯოს, თუ როგორ შეუძლია ერდოღანს გამოიყენოს ეს ორგანიზაცია ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, რომელიც დიქტატურის რელსებზე დგას.

მეჩეთი კიოლნში

Diyanet არჩევს და ანაწილებს იმამებს DITIB-ის მეჩეთებში და ისინი ხელფასსაც ამ ორგანიზაციისგან იღებენ. მართალია Diyanet მუსტაფა ქემალ ათათურქმა დააარსა 1924 წელს და მაშინ ეს საკმაოდ ზომიერი ორგანიზაცია იყო, მაგრამ ერდოღანის მმართველობის პერიოდში მან საკმაოდ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. ამ ორგანიზაციას 120 000 თანამშრომელი ჰყავს და მისი ბიუჯეტი 1,17 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც აღემატება ქვეყნის შინაგან თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტს.

გარდა თურქული დიასპორისა და აღნიშნული ორგანიზაციისა, თურქეთი მიგრანტების შემაკავებელ ქვეყანას წარმოადგენს გერმანიისთვის. ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანია ანგელა მერკელისთვის, რომელიც უკვე კარგავს პოპულარობას გერმანიაში.

ამ ყველაფრის ფონზე არ არის გასაკვირი, რომ ერდოღანი ბოლო ვიზიტისას, გერმანიის მთავრობის მიმართ საკმაოდ ხისტი იყო. გერმანიის პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან პრესკონფერენციაზე ერდოღანმა გერმანია ათასობით ტერორისტის შეფარებაში დაადანაშაულა (თურქეთს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს ქურთისტანის მუშათა პარტიას - PKK). გარდა ამისა, მან გიულენის მოძრაობის წევრების შეფარებაშიც დაადანაშაულა გერმანია. "სამწუხაროდ, ასობით, ათასობით მათგანი თავისუფლად დადის გერმანიაში", - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანი გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად

რაც შეეხება შტაინმაიერს, მან შეშფოთება გამოთქვა თურქეთში გერმანიის მოქალაქეების, ასევე თურქი ჟურნალისტებისა და სხვათა დაპატიმრების გამო, რომლებიც გისოსებს მიღმა რჩებიან.

უნდა აღინიშნოს, რომ ერდოღანმა იცის, თუ როგორ აკრიტიკოს გერმანია და დასავლეთი, იცის თუ როგორ უნდა ჩააგდოს ისინი თავის მართლების პოზიციაში. მან მოწოდებები გააკეთა, რომ გერმანიაში უნდა დასრულდეს რასიზმი. ეს განცხადება მან გერმანიის ფეხბურთის ნაკრებიდან მესუტ იოზილის წასვლის გამო გააკეთა.

ასეთი ტენდენციები ხელს უწყობს გერმანიაში მემარჯვენე მოძრაობის დაწინაურებას და რეიტინგის მატებას. ჩვენ წინა ბლოგებში ვსაუბრობდით, ბოლოდროინდელ კვლევებში გერმანიაში მერკელის პოპულარობის ვარდნისა და მემარჯვენე პარტიის AfD-ს დაწინაურებაზე, კვლევების თანახმად ეს პარტია მეორე ადგილზეა, მოსახლეობის 56%-ს კი - მერკელის გადადგომა სურს.

ისიც უნდა ითქვას, რომ გერმანიის სირბილეს თურქეთის მიმართ საერთო ინტერესებიც განაპირობებს, ეს ინტერესები კი პირველ რიგში სირიასა და მიგრანტების ნაკადის შეკავებას უკავშირდება.

დასავლეთი, ისევე როგორც თურქეთი მიიჩნევს, რომ სირიის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ერდოღანს საკმაოდ დიდი ბერკეტები აქვს სირიაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც  იდლიბთან დაკავშირებით მან რუსეთთან შეთანხმებას მიაღწია და გადაწყდა იქ დემილიტარიზებული ზონის შექმნა. ეს ერდოღანის გამარჯვებად შეიძლება მივიჩნიოთ. რაც შეეხება იდლიბს, სირიის შეიარაღებული ოპოზიცია სწორედ აქ არის შეკრებილი, თურქეთი კი მათი მფარველია. თუკი ვინმეს შეუძლია სირიაში ხელისუფლების შეცვლა, ჰიპოთეტურად მაინც, ეს არის სწორედ სირიის ოპოზიცია.

რაც შეეხება მიგრანტების ნაკადს, ამაზე ბევრჯერ გვითქვამს. თურქეთს შეფარებული ჰყავს რამდენიმე მილიონი სირიელი დევნილი. კრიზისის მოგვარებას კი მერკელისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

აქვე ნურც იმას დავივიწყებთ, რომ თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გერმანია რიგ შემთხვევებში რბილია თურქეთის მიმართ.

რაც შეეხება მეჩეთს. კიოლნის ცენტრალური მეჩეთი ყველაზე დიდია გერმანიაში და ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში. მისი ფართობი 4 500 კვადრატული მეტრია და 2 000-დან 4 000 მლოცველზეა გათვლილი.

თუკი შევხედავთ გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებს - ავსტრიაში, პოლონეთში, უნგრეთში, იტალიასა და ბოლოს შვედეთში, სადაც მემარჯვენე პარტიები საკმაოდ პოპულარული ხდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მსგავსი ტენდენციები კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მემარჯვენე მოძრაობას, რასაც არანაკლებ უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

აქვე, ევროპელი მემარჯვენეების წისქვილზე წყალს ყველაზე მეტად მიგრანტების მხრიდან ჩადენილი დანაშაულები ასხავს, რომელსაც პროპაგანდისთვის იყენებენ... აღსანიშნავია,  რომ 28 სექტემბერს, რავენსბურგში 19 წლის ავღანელმა სამი ადამიანი - ორი სირიელი და 52 წლის გერმანელი დაჭრა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

იხილეთ ვიდეო