რა კავშირია სკრიპალების საქმესა და ლუგარის ლაბორატორიას შორის? - კვირის პალიტრა

რა კავშირია სკრიპალების საქმესა და ლუგარის ლაბორატორიას შორის?

სკრიპალების მოწამვლის გამოძიებასთან ერთად საქმეში მოქმედ აგენტებთან დაკავშირებით ახალი დეტალებიც ვლინდება. ახლა უკვე ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთი აგენტი, რომელმაც სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლა, რუსლან ბოშიროვი სინამდვილეში ანატოლი ჩეპიგაა.

ორმა ონლაინ ვებგვერდმა Bellingcat-მა და Insider-მა ჩაატარეს გამოძიება და სწორედ მათ დაადგინეს, რომ ანატოლი ჩეპიგა არის ГРУ-ს პოლკოვნიკი, ჩეჩნეთის ომის ვეტერანი და რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი - რუსეთის ფედერაციის გმირი.

გარდა სკრიპალების საქმის გამოძიებისა და მასში მოქმედი პირების ვინაობის გავრცელებისა, სხვა რუსი აგენტების შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია, რომელნიც მოქმედებენ ევროპისა და ამერიკის ტერიტორიაზე.

გუშინ ნიდერლანდებმა ქვეყნიდან გააძევა ГРУ-ს ოთხი რუსი აგენტი, რომლებსაც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე კიბერშეტევაში ადანაშაულებენ. უნდა ითქვას, რომ ეს ორგანიზაცია მუშაობდა როგორც სკრიპალების მოწამვლის, ასევე სირიაში, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებზე.

არსებული ინფორმაციით, მათ მანქანა გააჩერეს ორგანიზაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც სავსე იყო ელექტრონული მოწყობილობებით, მათ შორის იმ ხელსაწყოებით, რაც საჭიროა უკაბელო ინტერნეტზე გავლენის მოსახდენად.

ამ ფაქტიდან რამდენიმე საათში რუსი აგენტები უკვე შეერთებულ შტატებში გამოავლინეს და მათაც კიბერშეტევებში ადანაშაულებენ. შვიდ რუს აგენტს ბრალად დასდეს პენსილვანიის შტატში ბირთვულ ენერგოკომპანიაზე Westinghouse Electric-ზე ჰაკერული თავდასხმის მცდელობასა და მათი მონაცემების მითვისებაში.

გარდა ამისა, საერთაშორისო საზოგადოებაში მუდმივად არის საუბარი იმის შესახებ, რომ რუსეთმა სირიაში გამოიყენა ქიმიური იარაღი, განსაკუთრებით კი დუმასა და სხვა ქალაქების აღებისას.

რით უნდა უპასუხოს ამ ყველაფერს რუსეთმა ან უფრო ზუსტად ვლადიმირ პუტინმა?

რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი უბრალო უარის თქმა და იმის მტკიცება, რომ რუსეთში ამ ყველაფერზე არაფერი იციან. ამაზე მიანიშნებს რუსეთის პრეზიდენტის ემოციური სიტყვა რუსეთის ენერგეტიკული კვირეულის პლენარულ სხდომაზე, სადაც მან სკრიპალს ნაძირალა უწოდა.

"რაც შეეხება სკრიპალებს, ხდება ამ მორიგი ჯაშუშური სკანდალის ხელოვნურად გაზვიადება. ვათვალიერებ ზოგიერთ საინფორმაციო წყაროს, თქვენი კოლეგები ავრცელებენ მოსაზრებას, რომ ბატონი სკრიპალი თითქმის უფლებადამცველია. ის უბრალოდ ჯაშუშია, სამშობლოს მოღალატე. გესმით, არსებობს ასეთი ცნება - სამშობლოს მოღალატე. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ საკუთარი ქვეყნის მოქალაქე და მოულოდნელად ჩნდება ადამიანი, რომელიც ღალატობს თავის ქვეყანას. როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ მისდამი? ის უბრალოდ ნაძირალაა, სულ ესაა" - ასეთი იყო პუტინის სიტყვა, რომელშიც კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება სკრიპალისადმი.

(უნდა აღინიშნოს, რომ სერგეი სკრიპალი მართლაც აწვდიდა ინფრომაციას ბრიტანეთის MI-6-ს, ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურს).

თუმცა მხოლოდ სიტყვებით დასავლეთთან - ამერიკასთან და ევროპის ქვეყნებთან ჭიდილი არ გამოდის, ამიტომაც რაიმე ხელმოსაჭიდი იყო საჭირო რუსეთისთვის. ამიტომაც დაიწყეს საუბარი ლუგარის ლაბორატორიაზე თბილისში, რომ აქ ადამიანებზე ცდებს ატარებენ და რომ 73 ადამიანი დაიღუპა ამის გამო და ა.შ.

ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები უკვე წერენ ლუგარის ლაბორატორიაზე. გუშინ ამ თემას შეეხო Deutsche Welle და The Washington Post-ი. მართალია აქ მტკიცებები ლუგარის ლაბორატორიაზე შეფასებულია როგორც რუსეთის საინფორმაციო ომის ერთ-ერთ გამოვლინებად, თუმცა მთავარი უკვე გაკეთდა - ახლა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რუსები გააკეთებენ განცხადებებს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რაც მათ საშუალებას მისცემს ჰქონდეთ სკრიპალების საქმის კონტრ-ამბავი.

შემდეგ ამ ამბავს გამოიყენებენ გაეროს უშიშროების საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კონფერენციებსა და შეხვედრებზე. რუსეთმა შეიძლება ლუგარის ლაბორატორიიდან გარკვეული სახის საბუთებიც მოითხოვოს, რასაც იმით ახსნიან, რომ ეს იმ 73 ადამიანის გარდაცვალების გამო ესაჭიროებათ, რომლებიც ვითომდა ლუგარის ლაბორატორიაში ცდებისას გარდაიცვალნენ.  ნაკლებად სავარაუდოა, მათ საბუთები მისცენ, ეს კი კიდევ ერთი არგუმენტი იქნება რუსეთისთვის დასავლეთთან ქიშპობისა და ვერბალური ომისათვის.

ამ აზრს ამყარებს ისიც, თუ რა დროს გააკეთა საქართველოს უშიშროების ექსმინისტრმა იგორ გიორგაძემ პირველი განცხადებები ლუგარის ლაბორატორიაზე - ეს იყო სექტემბრის შუა რიცხვებში, ბოშიროვისა და პეტროვის ვინაობის შესახებ კი სექტემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი. შესაბამისად, სკრიპალების საქმის საპასუხოდ ვლადიმირ პუტინმა შექმნა ახალი - ლუგარის ლაბორატორიის საქმე.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს