უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას მიიღებს - როგორი იქნება რუსეთის პასუხი? - კვირის პალიტრა

უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას მიიღებს - როგორი იქნება რუსეთის პასუხი?

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი 2016 წელს გააქტიურდა, მაშინ, როცა უკრაინამ ოფიციალურად მიმართა მსოფლიო პატრიარქს, ეკლესიისთვის დამოუკიდებლობა მიენიჭებინა, ხოლო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს საკითხი უფრო და უფრო რეალური ხდებოდა.

9 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბერს დასრულდა მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის კრება სტამბოლში, რომლის შედეგებიც საკმაოდ საინტერესოა და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო რეზონანსული გახდება.

გადაწყვეტილების მიხედვით, გაგრძელდება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი; გაუქმდა 1686 წლის სინოდალური წერილის ვალდებულება, რომელიც მოსკოვის პატრიარქს აძლევდა უფლებას, ხელი დაესხა უკრაინის მიტროპოლიტისთვის; ასევე, ანათემა მოეხსნა კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ფილარეტ დენისენკოსა და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს მაკარი მალეტიჩის; გაკეთდა მოწოდება, რომ თავი შეიკავონ ეკლესიების, მონასტრების და სხვა ქონების მიტაცებისგან, ასევე სხვა ძალისმიერი ქმედებებისა და შურისძიებისგან.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს გარდა საეკლესიო პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, პირველ რიგში კი უკრაინის პრეზიდენტისთვის. პეტრო პოროშენკომ არაერთხელ განაცხადა, რომ ეკლესიის ავტოკეფალია სახელმწიფოს სრული დამოუკიდებლობის საწინდარი უნდა გახდეს, ასევე ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის სრულ ჩამოშორებას რუსეთისგან.

"უკრაინის ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია იარსებებს. სინოდის გადაწყვეტილებამ საბოლოოდ გაფანტა მოსკოვის იმპერიული ილუზიები და შოვინისტური ფანტაზიები", - ასეთი იყო პოროშენკოს სიტყვები. "დღეს ჩვენ მივიღეთ ავტოკეფალია. კრების შემდეგ, უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის არჩეული მეთაური მიიღებს ტომოსს“.

ამ საკითხს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს მოსკოვისთვისა და პირადად ვლადიმირ პუტინისთვისაც. საერთაშორისო არენაზე ის ბევრს ეცადა საკუთარი იმიჯი გაემყარებინა, მიუხედავად არსებული სანქციებისა და ეკონომიკური კრიზისისა რუსეთში. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა აქტიურად დაიწყო საზღვარგარეთ არსებული სამხედრო კონფლიქტებში, პირველ რიგში კი სირიის კონფლიქტში მონაწილეობა, სწორედ იმიჯის აღდგენა იყო საერთაშორისო სანქციების დაწესების შემდეგ. ის ფაქტი, რომ უკრაინამ, ფაქტობრივად, შეძლო მიზნის მიღწევა და ავტოკეფალია უკვე მხოლოდ დროის საკითხად რჩება, ეს მართლაც წარმოადგენს რუსული პოლიტიკის მარცხს უკრაინაში.

ამიტომაც არის, რომ კეთდება მინიშნებები უკრაინაში მოსალოდნელო არეულობების შესახებ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა მოსალოდნელ დაპირისპირებაზე გააკეთა მინიშნება.

"ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ზოგიერთები ცდილობენ უკრაინაში მართლმადიდებლურ ეკლესიებში შეჭრას და მათ მორწმუნეები უპირისპირდებიან. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ამ შეჭრას ხელისუფლება ოფიციალურ თანხმობას მისცემს და ეს პროცესი სისტემატიურ ხასიათს მიიღებს. რა თქმა უნდა, ადამიანები ქუჩებში გამოვლენ და საკუთარ სიწმინდეებს დაიცავენ“, - ასეთი იყო მისი განცხადება.

არ არის გამორიცხული მოსკოვი მართლაც შეეცადოს არეულობისა და დაპირისპირების ინსცენირებას უკრაინაში. ეს მათთვის ხელსაყრელი იქნება, თუმცა რამდენად მოიტანს შედეგს ძნელი სათქმელია - უკრაინის ავტოკეფალიას აღარავინ გააუქმებს, შესაბამისად, ნებისმიერი დაპირისპირება მხოლოდ მეტი ქაოსის მომტანი იქნება.

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანია და რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი საშუალებას წარმოადგენს. 26 სექტემბერს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აშშ პატივს სცემს უკრაინის მართლმადიდებელი რელიგიური ლიდერებისა და მიმდევრების მისწრაფებას ავტოკეფალიისკენ, მათი რწმენის შესაბამისად.

უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება კიდევ ერთი საშუალება იქნება დასავლეთისთვის, რომ რუსეთი უფრო მეტ იზოლაციაში მოექცეს.

მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე პირველი პასუხი არ არის გამორიცხული კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა იყოს.

უკრაინული მედიის ინფრომაციით, ახლო მომავალში უკრაინაში უნდა შედგეს კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მონაწილეობით. კრების მიზანი იქნება აღნიშნული ეკლესიების გაერთიანება და პირველი იერარქის არჩევა, რის შემდეგაც მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს მიიღებს უკრაინა.

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა არქიეპისკოპოსმა კლიმეტმა განაცხადა, რომ ისინი არ გაერთიანდებიან აღნიშნულ ორ ეკლესიასთან.

ასეთ შემთხვევაში რუსეთს რჩება ერთადერთი გზა - ისინი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღიარებენ, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია კი არ დაემორჩილება უკრაინის ეკლესიას.

აქვე ვიტყვით, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია. ამას არ ექნება მხოლოდ საეკლესიო ხასიათი, ეს იქნება პოლიტიკური ნაბიჯიც და ეს რუსეთთან ურთიერთობაზეც მოახდენს გავლენას. ეს იმოქმედებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე - მოსკოვის საპატრიარქომ შეიძლება საკუთარ ეპარქიებად შეიერთოს ეს ორი რეგიონი. ასევე დაიძაბება ისედაც დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთთან.

დასკვნის სახით ვიტყვით, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი აღარ გადაიდება, როგორი ზეწოლაც არ უნდა მოახდინოს მოსკოვმა მსოფლიო პატრიარქზე, შესაბამისად, უნდა ველოდოთ საპასუხო ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან. ეს ნაბიჯები იქნება როგორც პოლიტიკური, ისე საეკლესიო ხასიათის.

იხილეთ ასევე: "სტალინმა მიტროპოლიტის გადაყენების ამბავი მშვიდად მოისმინა. ჩიბუხი ამოიღო, მოუკიდა" - ბელადი და უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესია

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს