უცნაურ ვითარებაში გამქრალი თუ მოკლული ჟურნალისტი? - რა ბედი ეწია ჯამალ ხაშოგის? - კვირის პალიტრა

უცნაურ ვითარებაში გამქრალი თუ მოკლული ჟურნალისტი? - რა ბედი ეწია ჯამალ ხაშოგის?

უკვე მესამე კვირაა, რაც საერთაშორისო მედიასა და პოლიტიკაში აქტიურად საუბრობენ გამქრალი ჟურნალისტის - ჯამალ ხაშოგის შესახებ. ეს ადამიანი მეტ-ნაკლებად ქართველი მკითხველისთვისაც იქნება ცნობილი - ის 2 ოქტომბერს შევიდა საუდის არაბეთის საკონსულოში, სტამბოლში, მაგრამ უკან გამოსული აღარავის უნახავს. ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან იყო, რომელმაც ქვეყანა ერთი წლის წინ დატოვა, წავიდა ამერიკაში და "ვაშინგტონ პოსტისთვის" წერდა სტატიებს. გამოირჩეოდა კრიტიკით საუდის არაბეთის მთავრობისა და განსაკუთრებით მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის (მას შემოკლებით მბს-საც უწოდებენ) მიმართ.

თურქულმა მედიამ 2 ოქტომბრის შემდეგ, მალევე დაიწყო წერა იმის შესახებ, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს, მისი გვამი ნაწილებად დაჭრეს და ისე გაიტანეს საკონსულოდან. ამისათვის საუდის არაბეთიდან 15 კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა, რომელთა შესვლა საკონსულოში დაფიქსირებულია ვიდეო ჩანაწერებში, დაფიქსირებულია მათი გამოსვლაც, თუმცა ხაშოგი აღარ ჩანს. თურქულმა გაზეთმა Sabah-მა ამ 15 ადამიანის სურათებიც მალევე გამოაქვეყნა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდებოდა თურქულ წყაროებზე დაყრდნობით.

დღეს უკვე CNN და New York Times იმავე შინაარსის სტატიებს აქვეყნებენ, თუმცა უფრო დაზუსტებული ინფორმაციითა და თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

მოკლედ აღვწეროთ რას წერენ ისინი:

"თურქმა ოფიციალურმა პირმა სამშაბათს განუცხადა CNN-ს, რომ ხაშოგის გვამი ნაწილებად დაჭრეს მას შემდეგ რაც ის მოკლეს ორი კვირის წინ საუდის საკონსულოში, სტამბულში" - წერს ტელეკომპანია. "განცხადება, რომელიც პირველად New York Times-ში გაკეთდა ხაშოგისთან დაკავშირებით ადრეული გამოძიებისას, ვრცელდება მას შემდეგ, რაც თურქმა ოფიციალურმა პირებმა ჩაატარეს ჩხრეკა საკონსულოში ორშაბათს. ჩხრეკა 9 საათის განმავლობაში გაგრძელდა. თურქეთის ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუ როგორ გაიტანეს სხეული შენობიდან".

ეჭვს აღძრავს 15 კაციან ჯგუფში შემავალი პირების ვინაობაც. CNN-ის მიხედვით, ერთ-ერთი მათგანი ბინ სალმანის ახლო წრეში შემავალი პიროვნებაა, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, რამდენად იყო ჩარეული ან საერთოდ, იყო თუ არა ჩარეული ამ საქმეში მემკვიდრე პრინცი. მუჰამად იბნ სალმანი და დონალდ ტრამპი

საკონსულოსთან დაკავშირებით ეჭვს ბევრი რამ იწვევს, მაგალითად ის, რომ როდესაც თურქმა გამომძიებლებმა მიიღეს უფლება სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესულიყვნენ, საკონსულოს კედლები სრულიად ახლიდან გადაიღება. "ყველგან საღებავის ახალი ფენა იყო გაკეთებული" - განუცხადა ერთ-ერთმა მათგანმა CNN-ს.

ჩნდება მთავარი კითხვა, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ჟურნალისტის სავარაუდო მკვლელობამ?

პირველ რიგში, ამ საქმეში დაინტერესებული მხარეა თურქეთი და პირადად რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ეს მისი განცხადებებიდანაც ჩანს. დაინტერესებულია იმიტომ, რომ მის ქვეყანაში, სადაც კონტროლი უმკაცრეს დონეზე ხორციელდება, სტამბოლში ჟურნალისტის ასეთი გაუჩინარება მისი ისედაც შელახული პრესტიჟისთვის კიდევ უფრო უარესის მომტანია. მან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა ამერიკელი პასტორი და ეს დემოკრატიულობის მაღალი დონის დემონსტრირებისთვის გამოიყენა.

აქვე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ თითოეული ჟურნალისტის მკვლელობა ყოველთვის დიდ რეზონანსს იწვევს ხოლმე. ეს ბუნებრივია, ვინაიდან დემოკრატიის ერთ-ერთი პრინციპი სიტყვის თავისუფლებაა, ჟურნალისტები კი სწორედ ამ საქმეს ემსახურებიან. აქედან გამომდინარე, ხაშოგის საქმის გამოძიება დასავლეთისთვის, განსაკუთრებით კი ამერიკისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც დემოკრატიული პრინციპების პირველი დამცველისთვის მსოფლიოში.

თუმცა აქ ერთი პრობლემაა - ძალიან ახლო კავშირები საუდის არაბეთთან. ეს კავშირები რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარად უღირს ამერიკას. 2017 წლის 20 მაისს დონალდ ტრამპმა თავად გააფორმა საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის ახალი ხელშეკრულება, რაც $110 მილიარდი ღირს. ამის გარდა არსებობს ძალიან დიდი ეკონომიკური კავშირები, ბიზნეს ურთიერთობები და ა.შ.

ამიტომაც არ არის გასაკვირი ჩვეულებრივ ხისტი და მკაცრი მუქარის მოყვარული ტრამპის რბილ-ფრთხილი კომენტარები საუდის არაბეთის მიმართ, თითქოს ხაშოგი შეიძლებოდა გაიძვერა მკვლელებს (Rogue killers) მოეშორებინათ. სავარაუდო სანქციებთან და საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით ტრამპმა ისიც კი განაცხადა, რომ ეს საკუთარი თავის დასჯა უფრო იქნებოდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკა და კონკრეტულად ახლანდელი პრეზიდენტი ტრამპი რბილი პოლიტიკით გამოირჩევა საუდის არაბეთის მიმართ. დაახლოებით ერთი თვის წინ, საუდის არაბეთისა და კოალიციის მიერ იემენში განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად სკოლის ავტობუსი აფეთქდა, რომელსაც 52 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 40 ბავშვი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საუდის არაბეთმა იემენი სრულ ბლოკადაში მოაქცია, სადაც პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა, არაა საუბარი რომელიმე ოლქის ნაწილზე, შიმშილობის ზღვარზეა მისული და მხოლოდ ერთი საზღვაო ჰოდეიდას პორტით შედის ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება. დონალდ ტრამპი საუდის არაბეთში

ადვილი წარმოსადგენია როგორი იქნებოდა ტრამპისა და ამერიკის პოზიცია მსგავსი რამ სირიაში რომ მომხდარიყო ბაშარ ასადის ძალების მიერ ან უარესი, რუსეთის ბომბდამშენს ესროლა სკოლის ავტობუსებისთვის. სულ მცირე, ახლა უკვე გადამდგარი შეერთებული შტატების ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი გაეროს უშიშროების რიგგარეშე სხდომას მოიწვევდა და მუქარის შემცველი გულისამაჩუყებელი სიტყვებით გააკრიტიკებდა მსოფლიოს ყველაზე დიდი საფრთხის შემცველ ქვეყანას, რომელიც ბავშვებს ხოცავს მსოფლიოს მასშტაბით...

ევროკავშირის ქვეყნები ბევრად უფრო მკაცრები არიან საუდის არაბეთის მიმართ. გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ერთობლივად მოუწოდეს საუდის არაბეთსა და თურქეთს ჩაატარონ სანდო გამოძიება ხაშოგის გაუჩინარებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საუდის არაბეთს. ამ ქვეყანაში რეფორმების გატარების შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მუჰამედ ბინ სალმანის სახელი კი, რომელსაც რეფორმატორის ნიღბის მორგება სურდა და ჯერ ამერიკას ეწვია, შემდეგ კი სხვა ქვეყნებს ახალი სავაჭრო შეთანხმებების გასაფორმებლად, გაფუჭდება და ამ ლაქას ვეღარ მოიშორებს, თუმცა "ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს", საუდის არაბეთს კი დიდი რესურსები აქვს. იმდენად დიდი, რომ თავად მისი მეფე, სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი დაიმუქრა საპასუხო ზომებით, თუკი საუდის არაბეთს სანქციები დაუწესდება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს