მსოფლიო ახალი "ცივი ომისა" და სამხედრო შეიარაღების შეჯიბრის მოლოდინში - კვირის პალიტრა

მსოფლიო ახალი "ცივი ომისა" და სამხედრო შეიარაღების შეჯიბრის მოლოდინში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი საშუალო და მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, არავის ეპარება ეჭვი რომ ეს მოხდება. მით უმეტეს, ეს არ იქნება პირველი საერთაშორისო მნიშვნელობის შეთანხმება, რომლის დატოვებაც ტრამპმა მოისურვა. ამ შეთანხმებების რიცხვში შედის ტრანს წყნარი ოკეანის პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმება (TPP), ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის შეთანხმება (TTIP), ირანის ბირთვული შეთანხმება (JCPOA), პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ (Paris Agreement).

ამ და სხვა საკითხების შესათანხმებლად რუსეთში ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი ჩავიდა.

სხვათა შორის, 1987 წლის შეთანხმების გაუქმების ინიციატორად ჯონ ბოლტონს მოიაზრებენ. ვლადიმირ პუტინი და ჯონ ბოლტონი

პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის მეორე შეხვედრა 11 ნოემბერს, პარიზში უნდა შედგეს და ამაზე ორივე მხარემ უკვე დაიწყო მუშაობა. ამ შეხვედრას ყველა დიდი ინტერესით დაელოდება და დიდი ყურადღებითაც გაანალიზდება, მით უმეტეს, ყველას აინტერესებს, როგორ დაიჭერს ამერიკის პრეზიდენტი თავს ჰელსინკიში შემდგარი შეხვედრის შემდეგ...

ეს ალბათ ყველაზე მარტივად შესათანხმებელი საკითხი იყო ბოლტონის დღის წესრიგში. შემდეგი საკითხი კი 1987 წლის ხელშეკრულების დატოვებას შეეხო. როგორც მან აღნიშნა, ეს ნაბიჯი არ წარმოადგენს საფრთხეს გლობალური უსაფრთხოებისთვის, პირიქით, დოკუმენტი დაძველდა, რუსეთი არღვევს შეთანხმების პირობებს და რუსეთთან ერთად ჩინეთიც იმავეს აკეთებს.

რა შუაშია ჩინეთი? მით უმეტეს, ჩინეთი არ შედის 1987 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში. მაინც რატომ ჩინეთი?

ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო. მაშინ როცა ეს ხელშეკრულება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, ჩინეთი სრულიად თავისუფალია და შეუძლია ისეთი რაკეტები გააკეთოს, როგორიც მოესურვება. უფრო მეტიც, მათ უკვე აქვთ ასეთი შეიარაღება. ჯონ ბოლტონი და სერგეი ლავროვი

მათი საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების DF-26-ების რადიუსი 4000 კილომეტრია. უკვე 2017 წლის აპრილში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მეთაური წყნარი ოკეანის ქვეყნებში ჰარი ჰარისი აცხადებდა, რომ შეერთებული შტატების რაკეტები ვერ შეედრებოდა ჩინეთის ანალოგებს 1987 წლის შეთანხმების პირობების დაცვის გამო. მისი თქმით, ჩინეთის არმიის რაკეტების 95% 1987 წლის ხელშეკრულების არსებობის პირობებში უნდა განადგურებულიყო.

პენტაგონი კი აცხადებს, რომ ამ რაკეტებს შეუძლიათ შეერთებულ შტატებს ან მის საზღვაო ბაზებს შეუქმნას საფრთხე ისეთ კუნძულებზე, როგორიც არის მაგალითად გუამი.

ჩინეთთან ტრამპს ისედაც დაძაბული ურთიერთობები აქვს გაზრდილი გადასახადების ფონზე. შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ ახალ საშუალებას იყენებს მის დასასუსტებლად, თუმცა რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი?

ჯერ კიდევ ჩინეთისთვის გაზრდილი გადასახადების დაწესების პირველად გამოცხადებისას გაჩნდა ის აზრი, რომ სავაჭრო ომს შეეძლო ცივი ომის მსგავსი დაპირისპირება გამოეწვია, თუმცა 1987 წლის ხელშეკრულებიდან გასვლამ ცივი ომის პერიოდის დაბრუნება თითქმის რეალობად აქცია. შეთანხმების მიხედვით შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი 500-5500 კმ-მდე დისტანციაზე მოქმედი ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციაზე შეთანხმდნენ. შემდეგ ორივე მხრიდან ჯამში დაახლოებით 2700 რაკეტა განადგურდა. თუკი ხელშეკრულება გაუქმდება, მაშინ განახლდება სამხედრო შეიარაღების წარმოებაში "რბოლა" მსოფლიოს დიდ ქვეყნებს შორის - ჩინეთს, რუსეთსა და ამერიკას შორის და მივიღებთ რეალობას ანუ ახალ "ცივ ომს" - რომელი ქვეყანა საით მიმართავს საკუთარ რაკეტებს და ვინ ვის დაემუქრება ამას ვეღარავინ გააკონტროლებს. დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი

შესაძლოა ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზეც დაიწყოს საუბარი, მაგრამ რამდენად მისაღები იქნება ეს მხარეებისთვის? როგორც აღინიშნა, ჩინეთის არმიის შეიარაღების 95% 1987 წლის ხელშეკრულების პირობებს არღვევს, შესაბამისად, ჩინეთი არ იქნება თანახმა ეს შეიარაღება გაანადგუროს.

რაც შეეხება რუსეთს.

როგორც ტრამპმა განაცხადა და როგორც ბოლტონმა პირისპირ უთხრა გუშინ შეხვედრაზე პუტინს, რუსეთი არღვევს შეთანხმების პირობებს. მართლაც, რუსული "ისკანდერის" ტიპის რაკეტების მცირე მოდიფიცირება საკმარისია საიმისოდ, რომ 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე დარტყმა მიაყენოს მოწინააღმდეგეს. თუმცა ჩნდება კითხვა:

რამდენად არის შეთანხმების გაუქმება გამოსავალი, მაშინ როცა ქვეყანა ისედაც არღვევს პირობებს? რატომ არ დაწესდა დამატებითი სანქციები და შეზღუდვები რუსეთის მიმართ? მიხეილ გორბაჩოვი და რონალდ რეიგანი 'საშუალო და მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ' ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას

ახლა პუტინს უკვე ღიად შეეძლება აწარმოოს და აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს საზღვართან განალაგოს რაკეტები, რომელიც მიმართული იქნება ამ ქვეყნების წინააღმდეგ ან უფრო შორსაც (თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ ისედაც განლაგებულია რუსული სამხედრო ძალები და შეიარაღება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში).

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1987 წლის ხელშეკრულებიდან ტრამპის გასვლის სურვილს მსოფლიოს ლიდერებში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ბრიტანეთში სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკას, რაც შეეხება გერმანიასა და საფრანგეთს, აქ დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან სიახლეს.

და ბოლოს, 1987 წლის შეთანხმება შეერთებული შტატების სენატის მიერ არის რატიფიცირებული 1988 წლის 27 მაისს. მაშინ ამ შეთანხმებას სენატორების ორმა მესამედმა დაუჭირა მხარი, შესაბამისად მის გაუქმებასაც ხმათა ორი მესამედი სჭირდება. რამდენად მიიღებს ამ მხარდაჭერას ტრამპის ინიციატივა რთული სათქმელია, მით უმეტეს შუალედური არჩევნების მოლოდინში, რომელიც ამერიკაში ნოემბრის დასაწყისში გაიმართება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თუკი მართლაც დაიწყება სამხედრო შეიარაღებაში გამალებული შეჯიბრი და იმაზე მეტი ბალისტიკური რაკეტა შეიქმნება, ვიდრე ახლა არსებობს, მაშინ ამ ყველაფრის ინიციატორიც და მთავარი გმირიც დონალდ ტრამპი იქნება - ახალ ცივ ომს 1987 წლის ხელშეკრულების გაუქმებასა და ტრამპს დააბრალებენ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს