მკვლელობა საკონსულოში - საერთაშორისო სკანდალი ჯამალ ხაშოგის გარშემო, ანუ რა დაგვანახა ჟურნალისტის მკვლელობამ? - კვირის პალიტრა

მკვლელობა საკონსულოში - საერთაშორისო სკანდალი ჯამალ ხაშოგის გარშემო, ანუ რა დაგვანახა ჟურნალისტის მკვლელობამ?

თითქმის მთელი ოქტომბრის განმავლობაში მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის ისტორიამ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. მართალია საუდის არაბეთში უარყოფენ, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ხაშოგი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის შეკვეთით მოკლეს. სხვაგვარად კომიკური წარმოსადგენია და ვერ აიხსნება, თუ როგორ მოხდა მკვლელობა საუდის არაბეთის საკონსულოში, სტამბულში. მსგავსი მკვლელობები უმაღლეს დონეზე იგეგმება და პროფესიონალურ დონეზე ხორციელდება. ასე განხორციელდა ხაშოგის მკვლელობაც, თუმცა საუდის არაბეთის დაქირავებულ მკვლელთა გუნდმა მაინც დაუშვა შეცდომები...

რაც შეეხება საერთაშორისო სკანდალს. ჟურნალისტის მკვლელობამ სამი სახელმწიფო - თურქეთი, შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი დაუპირისპირა ერთმანეთს და მთავარი კითხვა გააჩინა: რამდენად იცავს დასავლეთი და პირველ რიგში ამერიკა დემოკრატიის პრინციპებს, მედიისა და სიტყვის თავისუფლებას და რამდენად პრინციპულია მისი მიდგომები.

რა გვიჩვენა ჯამალ ხაშოგის მკვლელობამ?

გვიჩვენა, რომ როდესაც საქმე ეხება დიდ ფულს რიგი საკითხები მეორე ხარისხოვანი ხდება. მაგალითად, იემენის საკითხი, სადაც სირიაზე არანაკლებ მძიმე ვითარებაა. მუჰამედ ბინ სალმანი

9 აგვისტოს კოალიციამ საუდის არაბეთის მეთაურობით საჰაერო დარტყმა განახოციელა იემენში ერთ-ერთ სასკოლო ავტობუსზე, შედეგად 51 ადამიანი, მათ შორის 40 ბავშვი დაიღუპა. 26 ოქტომბერს იემენში, ჰოდეიდას ნავსადგურზე (ერთადერთი ნავსადგური, საიდანაც იემენი მარაგდება ჰუმანიტარული დახმარებით) განხორციელებულ დარტყმას სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა და 10 დაშავდა. ყველა მათგანი მშვიდობიანი მოქალაქე იყო. დაახლოვებით ორი კვირის წინ კი იმავე ნავსადგურში მიმავალ ავტობუსზე განხორციელდა ავიადარტყმა, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა.

გარდა ამისა, იემენსი არის ურთულესი ვითარება და გაეროს მონაცემების მიხედვით, ქვეყანა შიმშილობის ზღვარზე დგას...

მიუხედავად ამ ყველაფრისა, საუდის არაბეთისთვის სანქციები არ დაუწესებიათ. სანქციების დაწესებაზე მხოლოდ მაშინ გაისმა საუბარი, როცა ხაშოგის მკვლელობამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია.

საერთაშორისო სკანდალი კი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის დამსახურებაა. ერდოღანი აღმოჩნდა ის მოთამაშე, რომელმაც დაგეგმილი მკვლელობა სათავეშივე ჩაშალა. თუქრულმა სამთავრობო ან ნახევრად სამთავრობო მედია საშუალებებმა 2 ოქტომბრის შემდეგ მალევე დაიწყეს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერა, რომ ხაშოგი მოკლეს და მოკლეს ძალიან სასტიკად.

Sky News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობთ წერდა, რომ ხაშოგის სხეული დანაწევრებული იპოვნეს სტამბულში საუდის არაბეთის კონსულის რეზიდენციაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ოფიციალური განცხადება ხაშოგის სხეულის პოვნასთან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა.

რა მიზანი აქვს ერდოღანს?

უნდა ითქვას, რომ ერდოღანმა თითქმის პირადი კონტროლის ქვეშ მოაქცია გამოძიება და თურქეთის პარლამენტში გაკეთებული მიმართვისას ცხადად აღნიშნა, რომ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის ოფიციალური პირების მიერ იყო დაგეგმილი.

ხაშოგი სუნიტური ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმოს“ მხარდამჭერი იყო. ცნობილია, რომ თურქეთი და პირადად ერდოღანი ასევე ამ საძმოს მხარდამჭერებად ითვლებიან, ხოლო საუდის არაბეთი ამ მოძრაობას ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს. მუსლიმთა საძმოს მიმართ დამოკიდებულება დიდი ხნის განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა რიადისა და ანკარას ურთიერთობებში. მუჰამედ ბინ სალმანი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იასარ იაკისი მიიჩნევს, რომ ერდოღანის ასეთი პირდაპირი დამოკიდებულება მხოლოდ ხაშოგის მკვლელობის გამო არ მომხდარა და მას უფრო ფართო პოლიტიკური მიზმენი ამოძრავებს. თურქეთი საძმოსთან ურთიერთობებს ირანთან ერთად ინარჩუნებს.

საძმოსთან თურქეთის ურთიერთობის გამო საუდის არაბეთი ცდილობს ახლო კავშირები დაამყაროს ისრაელთან. გარდა ისრაელისა, საუდის არაბეთი თანამშრომლობს ქურთებთან - აღნიშნავს იაკისი.

ქურთებს ერდოღანი დიდ საფრთხედ მიიჩნევს და მათი რამდენიმე პარტია ტერორისტულ ორგანიზაციადაც აქვს აღიარებული, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამერიკელებისა და საუდის არაბეთისგან მარაგდებიან იარაღით.

შედეგად მივიღეთ ორი დაპირისპირებული ბანაკი. ერთში არის ამერიკა, საუდის არაბეთი და ქურთები, ხოლო მეორეში თურქეთი, ირანი და მუსლიმთა საძმო. ასეთი ვითარების არსებობის პირობებში ერდოღანი პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს ხაშოგის მკვლელობას რიადის წინააღმდეგ, რათა არაბულ სამყაროში ლიდერის როლი დაიმკვიდროს.

კიდევ ერთი კითხვა: სად არის რუსეთი?! -  ეს ქვეყანა ხომ ყოველთვის ჩართული უნდა იყოს საერთაშორისო სკანდალებში, მით უმეტეს თუ ჩართულია ამერიკა?

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლში ვერ ხედავენ საფუძველს საუდის არაბეთის განცხადებებში ეჭვი შეიტანონ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით. მუჰამედ ბინ სალმანი და ვლადიმირ პუტინი

ამ შემთხვევაში რუსეთის პოზიცია გასაგებია. საუდის არაბეთს დასავლეთი სანქციებით დაემუქრა, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, შეიმუშავოს საერთო პოზიცია საუდის არაბეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებისა და ერ-რიადის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხზე. საუდის არაბეთს აკრიტიკებენ შეერთებული შტატების სენატის საკმაოდ ცნობილი პოლიტიკოსებიც.

ასეთ ფონზე პუტინმა გადაწყვიტა ისარგებლოს არსებული ვითარებით და ეს დაპირისპირება სათავისოდ გამოიყენოს. რაც უნდა იყოს, საუდის არაბეთის მილიარდების მოპოვება რუსეთისთვისაც ისევე სასურველია, როგორც შეერთებული შტატებისთვის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს