პუტინი, ერდოღანი, მერკელი, მაკრონი - რაზე შეთანხმდა სტამბოლში ოთხი ქვეყნის ლიდერი? - კვირის პალიტრა

პუტინი, ერდოღანი, მერკელი, მაკრონი - რაზე შეთანხმდა სტამბოლში ოთხი ქვეყნის ლიდერი?

ბოლო პერიოდის განმავლობაში აშკარად შეინიშნებოდა, რომ სირიაში ვითარება შედარებით დამშვიდდა და აღარ ხდებოდა ტერიტორიების დაბომბვები თუ შეტაკებები სხვადასხვა დაჯგუფებას შორის.

არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ ბაშარ ასადს რუსეთის მხარდაჭერით დაეწყო იდლიბის პროვინციის სრულმასშტაბიანი იერიში, თუმცა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა მოხერხდა და ახალი სისხლისღვრის საშიშროება შემცირდა.

ერდოღანსა და პუტინს შორის შეხვედრა სოჭში 17 სექტემბერს შედგა და ორივე მხარე შეთანხმდა იდლიბში დემილიტარიზებული ზონა შექმნილიყო, საიდანაც გაიყვანდნენ მძიმე შეიარაღებას. რადიკალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს უნდა დაეტოვებინათ ზონა და ასადის მთავრობას უნდა მისცემოდა წვდომა ძირითად მაგისტრალზე, რომელიც იდლიბს ქვეყნის სხვა მნიშვნელოვან პუნქტებთან აკავშირებდა.

რაც შეეხება დემილიტარიზებულ ზონაში პატრულირებას, ამას რუსეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალები განახორციელებდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ ეს შეთანხმება მუშაობს და გარკვეულ დათმობას გვიჩვენებს ორივე ქვეყნის მხრიდან.

27 ოქტომბერს სტამბოლში სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით ოთხმხრივი სამიტი გაიმართა. სამიტს ოთხი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა - ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი, ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

ეს შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ პირველი შემთხვევაა, როცა ოთხი ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა სირიის საკითხზე მსჯელობისთვის, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა არ ყოფილა.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ 2018 წლის ბოლოსთვის მუშაობას დაიწყებს სირიის საკონსტიტუციო კომისია. პუტინმა ისიც აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ასადსაც "მოელაპარაკა" და სირიის ოპოზიციაც თანახმაა საკონსტიტუციო კომისია დაკომპლექტდეს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებისგან.

რამდენად დაიწყებს ეს კომისია მუშაობას და რამდენად მიაღწევენ სასურველი კონსტიტუციის პროექტს - ეს გაუგებარი და ბუნდოვანია.

საკონსტიტუციო კომისიის შედგენასა და კოსნტიტუციის პროექტზე მუშაობის დაწყების შესახებ ჯერ კიდევ იანვარში, სოჭში განაცხადეს, თუმცა მას შემდეგ ეს კომისია არც ერთხელ არ შეკრებილა.

სამიტზე ორი საინტერესო ფაქტორი გამოიკვეთა - არსებითად არაფერი არ თქმულა ბაშარ ასადის მომავალზე, რაც პუტინისთვის მისაღებია და მეორე: ამ სამიტზე არ ყოფილა წარმოდგენილი ამერიკული მხარე.

ის, რომ ასადზე არაფერი ითქვა და რუსეთმა შეძლო მისი ხელისუფლებაში დატოვება უკვე მეტყველებს სირიის კონფლიქტში რუსეთის ფაქტობრივ გამარჯვებაზე. ეს ალბათ ამერიკის პოლიტიკამაც განაპირობა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აღარ აწარმოებს ისეთ აქტიურ პოლიტიკას სირიაში, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ ხდებოდა. მით უმეტეს შემცირდა მათი აქტივობა მას შემდეგ, რაც ერაყმა და რუსეთმა "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების შესახებ განაცხადეს: ერაყმა საკუთარ ტერიტორიაზე რადიკალური დაჯგუფების დამარცხების შესახებ 2017 წლის დეკემბერში გამოაცხადა, მალევე იგივე გააკეთა ვლადიმერ პუტინმაც. მანაც განაცხადა, რომ სირიაში ISIS-ი დამარცხდა (თუმცა უნდა ითქვას, რომ სირიის ტერიტორიაზე ISIS-ი ჯერ კიდევ ინარჩუნებს მცირე ტერიტორიას).

რაც შეეხება ამერიკული მხარის არყოფნას სტამბოლის სამიტზე. ესეც ერდოღანისა და პუტინის ერთგვარ გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს.

ერდოღანისთვის, ისევე როგორც პუტინისთვის უმჯობესია მოლაპარაკებების პროცესში შეერთებული შტატების წარმომადგენლობა არ იყოს ჩართული და მათ ნაცვლად ევროპის ქვეყნებმა მიიღონ მონაწილეობა.

"ერდოღანს სურს რუსეთის გავლენა გერმანიისა და საფრანგეთის დახმარებით დააბალანსოს, რათა იდლიბში ვითარება დასტაბილურდეს და დარწმუნდეს, რომ რუსეთი და სირია არ დაიპყრობენ იდლიბს და იქ მყოფ ამბოხებულებსა და ჯიჰადისტებს, ასევე სირიელ დევნილებს თურქეთისკენ არ გარეკავენ. ეს იქნება დამანგრეველი თურქეთისთვის და ძალიან ცუდი ევროპისთვის" - ამბობს ოკლაჰომას უნივერისტეტში არსებული ახლო აღმოსავლეთის შემსწავლელი ცენტრის დირექტორი ჯოშუა ლანდისი.

რაც შეეხება რუსეთს, პუტინმა შეძლო ასადისთვის ხელისუფლება შეენარჩუნებინა. შეძლო ისიც, რომ მისი მხარდაჭერით ასადმა სირიის ტერიტორიის უდიდესი ნაწილის დაბრუნება მოახერხა. სირიაში სამხედრო ბაზების შენარჩუნებით რეგიონში გავლენაც შეინარჩუნა. ახლა ასეთი სამიტები და შეხვედრები მსოფლიო ლიდერებთან მისთვის ხელსაყრელია - საერთაშორისო არენაზე პუტინი ჩანს, როგორც გლობალური მნიშვნელობის საკითხებში ერთ-ერთი აქტიური მოთამაშე.

და ბოლოს, ჯერჯერობით შეიძლება ადრეა ამის თქმა, მაგრამ არსებული ვითარება აჩვენებს, რომ "არაბული გაზაფხული" სირიაში ვერ შედგა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს