რას შეიძლება შეეწიროს ანგელა მერკელის თანამდებობა? - კვირის პალიტრა

რას შეიძლება შეეწიროს ანგელა მერკელის თანამდებობა?

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს 18 წლის გერმანელი გოგონას გაუპატიურების გამო გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში რვა ეჭვმიტანილი დააკავეს. რვა კაციდან შვიდი სირიელი აღმოჩნდა, 19-დან 29 წლამდე. მერვე 25 წლის გერმანელია.

აღნიშნული შემთხვევა 14 ოქტომბერს მოხდა, ერთ-ერთ ღამის კლუბში.

ამ შემთხვევამ ფრაიბურგის მოსახლეობაში აღშფოთება, შემდეგ კი საპროტესტო აქცია გამოიწვია. აქცია მემარჯვენე პარტიის AfD-ს (ალტერნატივა გერმანიისთვის) მიერ იყო ორგანიზებული და დაახლოებით 500 ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.

2 ნოემბერს ფრაიბურგის პოლიციაში განაცხადეს, რომ ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელნიც 18 წლის გოგონას გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილი. მათი თქმით, დამატებით ნაპოვნი დნმ-ს ორი ნიმუში არ ემთხვევა უკვე არსებულ ნიმუშებს, შესაბამისად საქმეში მონაწილეთა ძებნა გრძელდება.

გერმანიისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის, მიგრანტების მიღება-არმიღების საკითხი გადაუჭრელ პრობლემად იქცა. საიმიგრაციო პოლიტიკა გახდა ის თემა, რამაც ევროკავშირის ქვეყნები პრაქტიკულად ერთმანეთს დაუპირისპირა - უნგრეთი, ავსტრია, პოლონეთი და ახლა უკვე იტალია ბევრად მკაცრად იქცევიან არალეგალურად შემოსული მიგრანტების მიმართ, ვიდრე გერმანიასა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საიმიგრაციო პოლიტიკამ შეიწირა როგორც გერმანიის წამყვანი პარტიების - გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU), ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირისა (CSU) და გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის (SPD) პრესტიჟი, ისე თავად გერმანიის კანცლერის - ანგელა მერკელის სახელი.

ანგელა მერკელმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ დეკემბერში CDU-ს თავმჯდომარის პოსტს დატოვებს, 2021 წელს კი აღარ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას კანცლერის თანამდებობაზე.

აღნიშნული სამი პარტიის პრესტიჟის დაცემა რამდენიმე წელია გრძელდება. ეს ეხება თავად ანგელა მერკელსაც. ჯერ კიდევ სექტემბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მერკელის გადადგომა გამოკითხულთა ყოველ მეორეს სურდა. მსურველების რაოდენობამ გამოკითხულთა 56% შეადგინა.

ვერ გაამართლა ანგელა მერკელის მიერ დაწყებულმა ე.წ. "ღია კარის პოლიტიკამაც". 2015 წლის შემდეგ მხოლოდ გერმანიაში 1 600 000-ზე მეტი მიგრანტი შევიდა. ყველას გვახსოვს თუ რა მოხდა 2015 წლის ბოლოსა და 2016 წლის დასაწყისში, ახალი წლის საზეიმო ღონისძიებებისას კიოლნსა და გერმანიის სხვა ქალაქებში. მხოლოდ კიოლნში გაუპატიურების 24 შემთხვევა დაფიქსირდა. თავდამსხმელები აღწერეს როგორც არაბული და ჩრდილო აფრიკული შესახედაობის მამაკაცები.

ანგელა მერკელმა ვერ შეძლო ერთიანი მიდგომა შეემუშავებინა არალეგალი მიგრანტების მიმართ, ამან კი გერმანიაში სხვა წვრილი პარტიებისა (მაგალითად "მწვანეების") და AfD-ს დაწინაურება გამოიწვია. ალექსანდრ გაულანდი და ალის ვაიდელი - AfD-ის ლიდერები

ამ უკანასკნელის პოპულარობის ზრდა კი ბავარიასა და ჰესენში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU) და ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი (CSU) მოკავშირე ძალებად მიიჩნევიან, შესაბამისად ერთის წარმატება მეორის წარმატების ტოლფასია და პირიქით.

14 ოქტომბერს ბავარიაში ჩატარებულ არჩევნებში CSU-მ ხმების ის რაოდენობა ვერ მოაგროვა, როგორც ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე. მათ რეგიონულ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგეს, რაც დიდ წარუმატებლობად შეფასდა. მათ ხმების 37.2% მოაგროვეს, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 10.4%-ით ნაკლებია. სამაგიეროდ იხეირეს წვრილმა პარტიებმა - მწვანეებმა (17.5%) და AfD-მ. ამ უკანასკნელმა ხმების 10.2% მიიღო და პარლამენტში 22 ადგილი ერგო.

ჰესენში არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდა. CDU-მ აქაც წარუმატებლობა განიცადა. წინა არჩევნებთან შედარებით ხმების 11.3%-ით ნაკლები მიიღო და 27% დააგროვა. რაც შეეხება მწვანეებსა და AfD-ს - მათ აქაც წარმატება ნახეს. მწვანეებმა 19.8% მიიღეს, AfD-მ 13.1%, რაც წინა მაჩვენებელზე 9%-ით მეტია.

ყველაზე საშიში ახლა გერმანიის წამყვანი პარტიებისთვის სწორედ AfD-ს წინსვლაა - ის ახლა გერმანიის ყველა რეგიონულ პარლამენტსა და ბუნდესტაგში არის წარმოდგენილი, რაც აქამდე არ მომხდარა.

ასეთი შედეგების შემდეგ ყველა ხვდებოდა და მერკელმაც დაინახა, რომ მან ვერ გაართვა თავი გამოწვევას. უფრო სწორად თუ ვიტყვით, არათუ თავი ვერ გაართვა, მისი არასწორი პოლიტიკა გახდა გერმანიაში AfD-ს დაწინაურების მიზეზი, იმ მემარჯვენე პოპულისტური პარტიისა, რომელსაც ასე ებრძვიან გერმანიაში.

იხილეთ ასევე: მერკელის გადადგომა გამოკითხულთა ყოველ მეორეს სურს - რატომ იზრდება მემარჯვენე პარტიების პოპულარობა ევროპაში?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს