"ირანის ბლოკადა" - ირანისთვის დაწესებული ამერიკული სანქციები დღეიდან სრულად ამოქმედდება - კვირის პალიტრა

"ირანის ბლოკადა" - ირანისთვის დაწესებული ამერიკული სანქციები დღეიდან სრულად ამოქმედდება

ამერიკული სანქციების ისტორია

"სიკვდილი ამერიკას" - ასეთი იყო გუშინ, 4 ნოემბერს თეირანში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციის მთავარი ლოზუნგი. აქციაზე დაწვეს ამერიკის დროშა, ასევე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სურათები.

ირანში ყოველწლიურად იმართება აქცია ყოველ 4 ნოემბერს. ამ დღეს აღნიშნავენ 1979 წელს მომხდარ მოვლენებს - ამ წელს ამერიკის მომხრე ირანის შაჰის მოჰამედ რეზა-შაჰ ფეჰლევის ჩამოგდების შემდეგ რადიკალი ირანელი სტუდენტები თეირანში შეერთერთებული შტატების საელჩოში შევიდნენ, იქაურობა გაანადგურეს და 52 ამერიკელი ტყვედ აიყვანეს. მათ ტყვეობაში 444 დღე გაატარეს.

თუმცა გუშინდელი აქცია ორმაგად უფრო დაძაბული იყო, ამის მიზეზი კი შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების მეორე ნაწილია, რომელიც დღეიდან, 5 ნოემბრიდან შედის ძალაში.

უნდა ითქვას, რომ ეს ინიციატივაც და გადაწყვეტილებაც ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ეკუთვნის. მან 8 მაისს ირანის ბირთვული პროგრამის (JCPOA) შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ირანს ყველა ის სანქცია დაუწესდებოდა, რომელიც აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში გაუქმდა.

ახალი სანქციების მიზანი კი ირანის სრულ ბლოკადაში მოქცევაა.

ირანის ბირთვული შეთანხმება ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსახურებად მიიჩნევა. გარდა ამერიკისა, ხელშეკრულებაში შედიან რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი. მოგვიანებით მათ შეუერთდათ გერმანია და ევროკავშირი. შეთანხმების გაფორმებიდან ირანმა შეზღუდა საკუთარი ბირთვული საქმიანობა, შედეგად კი საერთაშორისო სანქციების დიდი ნაწილი ქვეყანას მოუხსნეს. აქციები თეირანში

ამერიკული სანქციების შედეგები

მას შემდეგ რაც ტრამპმა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განაცხადა და 6 აგვისტოს სანქციების პირველი ნაწილი ძალაში შევიდა, ირანის ეროვნული ვალუტა რიალი მნიშვნელოვნად გაუფასურდა. თუ აპრილში 1 დოლარი 32000 რიალი ღირდა, ახლა 170000 რიალი ღირს. შესაბამისად, საყოფაცხოვრებო ნივთებზე ფასებმა ძალიან მოიმატა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სურთ ირანის ნავთობის ექსპორტი ნულამდე დავიდეს, ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი ირანის ეკონომიკის 40%-ს შეადგენს.

ბუნებრივია, სანქციები შეეხება სხვა ირანულ კომპანიებსაც, მათი პროდუქციის ექსპორტსა და იმ საერთაშორისო კომპანიებსაც, რომელნიც ირანში საქმიანობას გააგრძელებენ. ამიტომაც არის, რომ ირანი უკვე დატოვეს ისეთმა დიდმა კომპანიებმა, როგორებიც არის "ფოლკსვაგენი", "დაიმლერი" და "პეჟო".

ტრამპი VS ევროპელი მოკავშირეები

თუმცა მთავარი კითხვა რჩება მთავარ კითხვად: რამდენად მართებულია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება JCPOA-დან გასვლის შესახებ, მაშინ როცა ხელშეკრულების სხვა მონაწილეები ამ აზრს არ ეთანხმებიან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო კი ასაბუთებს, რომ ირანი 2015 წლის შემდეგ აღებულ ვალდებულებებს ასრულებს.

JCPOA-ს შენარჩუნების მომხრეებში ამერიკის ტრადიციული მოკავშირეებიც შედიან, როგორც ევროკავშირი, ისე ცალკეული ქვეყნები - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია.

ისიც საინტერესოა, რომ ირანული ნავთობის რვა იმპორტიორ ქვეყანას ჯერჯერობით სანქციები არ დაუწესდება. ამ ქვეყნებში შედის ინდოეთი, ჩინეთი, თურქეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. ძნელი სათქმელია, თუ რის მიხედვით შეირჩა ეს ქვეყნები, თუმცა ცხადია, რომ ჩინეთსა და თურქეთზე ამერიკას არ აქვს ისეთი დიდი ბერკეტები, როგორც სხვა ქვეყნებზე და ეს ბოლო მოვლენებმაც აჩვენა (თურქეთი სრულიად დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს და არ ითვალისწინებს მოკავშირე ქვეყნების აზრს. ეს С-400-ების ყიდვამაც აჩვენა. რაც შეეხება ჩინეთს, სავარო ომის არსებობის პირობებში ძალიან ძნელი იქნება ჩინეთი სი ძინპპინის დარწმუნება, რომ ამერიკას დაუჭიროს მხარი ირანთან დაკავშირებულ საერთაშორისო საკითხებში.

არ არის გამორიცხული ტრამპმა ეს გადაწყვეტილება არსებული რეალობის მიხედვით და საკუთარი იმიჯის შენარჩუნების გამო მიიღო - ეს ქვეყნები მაინც იყიდდნენ ირანულ ნავთობს, რაც მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩრდილში მოაქცევდა, ამიტომაც "დიდსულოვნად" მოაქციეს გამონაკლისი ქვეყნების რიგში.

ტრამპი ირანის სანქციებს ამერიკაში შუალედური არჩევნების კამპანიისთვისაც იყენებს. მან საკუთარ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ფოტო, წარწერით "სანქციები მალე დაწესდება" (Sanctions are coming). ეს სურათი ცნობილი სერიალის "სამეფო კარის თამაშების" პოსტერებს ძალიან ჰგავს. ამერიკული საკაბელო ტელევიზიის არხების ქსელმა HBO-მ ამაზე კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ მათი პროდუქცია პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ. დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული თავისივე ფოტო

სანქციები, როგორც ლობისტების მუშაობის შედეგი?

ტრამპი ირანს აკრიტიკებს, როგორც თავად ამბობს, საერთაშორისო ტერორიზმის დაფინანსების, ირანში საკუთარი მებრძოლების ყოლისა და იემენში ჰუსიტების მოძრაობის მხარდაჭერის გამო. ასევე იმის გამო, რომ ირანი ყოველთვის ემუქრებოდა და ემუქრება ისრაელის სახელმწიფოს.

რა თქმა უნდა, საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერა დასაგმობია, თუმცა ასეთ ბრალდებებს ეჭვის ქვეშ აყენებს და ლობისტური ჯგუფების მუშაობის შედეგად გვაფიქრებინებს ტრამპის გადაწყვეტილებას.

მედალს ორი მხარე აქვს - იემენში ირანი შეიძლება ჰუსიტებს აფინანსებდეს, მაგრამ ის, რომ ამერიკის უახლოესი მოკავშირე და ამერიკული იარაღის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი საუდის არაბეთი ქვეყანას უკვე წლებია სრულ ბლოკადაში ამყოფებს, ამერიკისგან კი რეაგირება არ ჩანს, ბევრ კითხვას აჩენს. იემენის მთელი მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, მათ შორის არის მილიონობით ბავშვი.

სხვათა შორის, საერთაშორისო საზოგადოება ამერიკისგან ელოდება პასუხს საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზეც. ამ საკითხზე ამერიკამ დიდი შეშფოთება გამოთქვა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯი ჯერ არ ყოფილა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს