შუალედური არჩევნები ამერიკულად და ტრამპის "პიროვნების კულტი" - კვირის პალიტრა

შუალედური არჩევნები ამერიკულად და ტრამპის "პიროვნების კულტი"

საარჩევნო კამპანია შუალედურ არჩევნებამდე

ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები დასრულდა და შედეგებს ელოდებიან. არსებული მონაცემებით, კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა "დემოკრატებმა" მოიპოვეს, ზედა პალატაში, სენატში კი "რესპუბლიკელებმა" მიიღეს ხმათა უმრავლესობა.

ამ შედეგს არჩევნებამდეც ვარაუდობდნენ. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად "დემოკრატების" დიდი შრომისა, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შეიძლება ითქვას, თავისი გაიტანა და სენატი შეინარჩუნა. ამ შემთხვევაში ორივე მხარე შეიძლება ნაწილობრივ წარმატებულად ჩაითვალოს.

წლევანდელი შუალედური არჩევნები ამერიკაში რაღაცით საპრეზიდენტო კამპანიასაც წააგავდა - მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ბარაკ ობამა ერთდროულად იღებდნენ მონაწილეობას მასობრივ შეხვედრებში ამომრჩევლებთან და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა თანამებრძოლებთან ერთად

რატომ მოსწონთ დონალდ ტრამპი?

რა თქმა უნდა, ტრამპის კამპანია ბევრად უფრო აგრესიული და შეიძლება ითქვას პოპულისტურიც იყო. წლევანდელი არჩევნები მან შეაფასა როგორც რეფერენდუმი პირადად მასზე და მის პოლიტიკაზე. მან წინასაარჩევნოდ ძალიან კარგად გამოიყენა არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები ამერიკაში, კერძოდ კი ე.წ. მიგრანტების ქარავნის თემა. ეს ქარავანი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან დაიძრა შტატების სამხერეთის საზღვრისკენ და მათი რაოდენობა დაახლოებით 5000-მდეა. არის კიდევ ორი მცირე ზომის ქარავანიც. ტრამპმა ეს საკითხი ეროვნული უსაფრთხოების დონეზე აიყვანა და როგორც მან განაცხადა, საზღვარზე დაახლოებით 15 000-მდე ჯარისკაცის მობილიზებას მოახდენს.

რა თქმა უნდა, არალეგალურ მიგრაციას არავინ ეთანხმება და არ უჭერს მხარს, მით უმეტეს ევროპის ქვეყნების მაგალითზე. ტრამპის ამ ნაბიჯმა როგორც ჩანს, მიუხედავად დემოკრატიული პარტიის ანტიკამპანიისა, სასურველი შედეგი გამოიღო.

ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიაშიც ძალიან გამოადგა და არჩევნებზეც სავარაუდოდ იმოქმედა ამერიკის ეკონომიკის დადებითმა მაჩვენებელმა და სამუშაო ადგილების ზრდამ. რა თქმა უნდა, როგორც ობამაც აღნიშნავდა ხალხთან შეხვედრებისას, პირობები ეკონომიკური ზრდისთვის ტრამპის პრეზიდენტად არჩევამდე მომზადდა და ასე ერთბაშად ყველაფერი ტრამპს არ გაუკეთებია, თუმცა ახლა ეს არგუმენტი ამომრჩეველთან არ გაამართლებს - ვისი პრეზიდენტობის დროსაც დაფიქსირდა ზრდა, წარმატებაც მან მიიწერა.

ამერიკელი სამხედროები მიგრანტებისგან საზღვრებს იცავენ

რატომ არ მოსწონთ დონალდ ტრამპი?

ჩნდება მთავარი კითხვა: თუკი ტრამპს ასეთი წარმატებები აქვს ქვეყნის შიგნით და იცავს ამერიკის ეროვნულ ინტერესებს, რატომ არსებობს ასეთი დიდი ანტიპათია მის მიმართ?

ამის მიზეზი მარტივია - მისი რიტორიკა, მანერები და საჯარო გამოსვლები, რომელიც გაჯერებულია სხვების შეურაცხყოფით და აგრესიით.

ნუ დაგვავიწყდება ის სერიოზული შეცდომები, რომელიც ტრამპს საერთაშორისო ურთიერთობებში აქვს დაშვებული. გავიხსენოთ რა მოხდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან სინგაპურში შეხვედრამდე - თეთრმა სახლმა ოფიციალური წერილი გამოსცა პრეზიდენტის ხელმოწერით, რომ შეხვედრა გაუქმდა, თუმცა მეორე დღეს ტრამპმა პირადად "აღადგინა" ეს შეხვედრა.

გავიხსენოთ ასევე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა, რომელიც თამამად შეიძლება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკურ კრახად შეფასდეს. სახელმწიფოს ლიდერის წინაშე, რომელსაც ადანაშაულებენ სირიის კონფლიქტში, 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში, საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურები დაადანაშაულა და ისიც აღნიშნა, რომ პუტინის მტკიცე უარის სჯერა...

ტრამპის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას აჩენს მისი მიდგომებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ. მას აკრიტიკებენ სავაჭრო ომის გაჩაღებაშიც - გაზრდილი გადასახადების დაწესების გამო არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ ევროპის ქვეყნებისთვისაც.

ტრამპსაც და მის ადმინისტრაციასაც პასუხი ექნება გასაცემი საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზეც. ის ეცადა ეს შემთხვევა ჩრდილში დარჩენილიყო, თუმცა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯიუტად, ტრამპისავე სტილით, თავისი გაიტანა და როგორც ამერიკა, ისე საუდის არაბეთი აიძულა ეღიარებინათ, რომ ხაშოგი სწორედ საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს და რომ მკვლელობა საუდის არაბეთის მაღალი ოფიციალური პირების მიერ იყო დაგეგმილი. ვნახოთ როგორი იქნება ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პასუხი...

რისი გაკეთება შეუძლიათ "დემოკრატებს"?

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვებით "დემოკრატებს" საშუალება ექნებათ ტრამპის საშინაო პოლიტიკაზე მეტი გავლენა მოახდინონ, თუმცა საგარეო პოლიტიკაზე ზემოქმედებას ვერ შეძლებენ. "დემოკრატებს" შანსი ექნებათ დაიწყონ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესიც და ამისათვის მიზეზების პოვნა არ გაუჭირდებათ. არ არის გამორიცხული, რომ განახლდეს სექსუალური სახის სკანდალები ტრამპის მიმართ და ამით "დემოკრატებმა" სარგებელი ნახონ. თუმცა, პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის სენატის ხმების 2/3 არის საჭირო და რამდენად შეძლებენ "რესპუბლიკელების" მიმხრობას დემოკრატები, ძნელი სათქმელია.

დონალდ ტრამპის "პიროვნების კულტი"?

აქვე შევეხოთ ტრამპის პიროვნებასაც. ირანის სანქციების მეორე ნაწილის ამოქმედებასთან დაკავშირებით ტრამპმა საკუთარ "ფეისბუქსა" და "ტვიტერზე" ფოტო გამოაქვეყნა. ამ ფოტოს საკმაოდ ორიგინალურად გამოეხმაურა სანქციების ერთ-ერთი ადრესატი ირანიდან - გენერალ-მაიორი ღასემ სულეიმანი.

თუმცა მაინც ჩნდება ეჭვი - ხომ არ ქმნის ტრამპი ერთგვარ პიროვნების კულტს ამერიკაში? თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩევლების უმეტესობა "რესპუბლიკელებს" უჭერს მხარს თავად ტრამპის გამო. მათ მოსწონთ მისი ქარიზმატული, ხანდახან აგრესიული მიდგომა და მიაჩნიათ, რომ მას შეუძლია ყველა პრობლემას გაუმკლავდეს.

საერთაშორისო მედიაში უკვე გამოიყენება ტერმინი "ტრამპიზმი". აქ იგულისხმება ის მიდგომები, რაც ამერიკის პრეზიდენტს აქვს სხვადასხვა საკითხის მიმართ. არიან "ტრამპისტებიც".

პიროვნების კულტი, როგორც წესი, დამახასიათებელია ავტორიტარული ქვეყნებისთვის, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, რუსეთი. ამერიკის პრეზიდენტის ამ ქვეყნების ლიდერებში აღმოჩენა ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო დასავლური დემოკრატიის დამცველი ქვეყნებისთვის...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს