პუტინს დააგვიანდა, ტრამპი გააკრიტიკეს - შაბათ-კვირის პარიზული ამბები - კვირის პალიტრა

პუტინს დააგვიანდა, ტრამპი გააკრიტიკეს - შაბათ-კვირის პარიზული ამბები

11 ნოემბერს საფრანგეთში პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წლისთავი საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიებას 60 ქვეყნის ლიდერზე მეტი დაესწრო. რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში იყვნენ მსოფლიო პოლიტიკის "ცნობილი სახეები": ემანუელ მაკრონი, ანგელა მერკელი, დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი. ეს ბუნებრივიც არის, მით უმეტეს ამ საერთო ევროპულმა ღონისძიებამ გარდა ერთი მხარის მცდელობისა ევროპა ერთიანად წარმოაჩინოს, ევროკავშირის პრობლემებზეც უნდა დაგვაფიქროს. პირველი მსოფლიო ომი 1918 წლის 11 ნოემბერს, 11 საათზე დასრულდა. საზეიმო ღონისძიებებიც ამ დროს დაიწყო პარიზში, თუმცა წვიმამ ყველაფერი გააფუჭა და ღონისძიება მოღრუბლული ცის ქვეშ ჩატარდა.

"საწყალი და უღირსი" დონალდ ტრამპი საერთაშორისო კონფერენციებზე ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევენ დონალდ ტრამპის არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ მის საქციელსაც. ხშირად ის კრიტიკასაც იმსახურებს. გამონაკლისი არც აღნიშნული ღონისძიება გახდა.

შაბათს ამერიკის პრეზიდენტი საფრანგეთში, პარიზთან ახლოს მდებარე ამერიკელი ჯარისკაცების სასაფლაოზე (ბელოს ტყეში) უნდა მისულიყო და მათი ხსოვნისთვის პატივი მიეგო. თუმცა წვიმის გამო ეს არ გააკეთა.

რა თქმა უნდა, მედიამ დონალდ ტრამპი ძალიან გააკრიტიკა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილის ნიკოლას სომსის კრიტიკამ მიიქცია ყურადღება:

"ისინი ისე დაიღუპნენ, რომ მტერს თვალებში უყურებდნენ, ამ საწყალმა და უღირსმა დონალდ ტრამპმა კი ვერ შეძლო ამინდის გამოწვევისთვის პასუხის გაცემა და ომში დაცემულებისთვის პატივის მიგება" - ასეთი სიტყვები დაწერა სომსმა საკუთარ "ტვიტერზე".

თეთრ სახლში ეს იმით ახსნეს, რომ უამინდობისა და წვიმის გამო პრეზიდენტის ვერტმფრენმა აფრენა ვერ შეძლო. ავტომობილების გამოყენების შემთხვევაში ახლომდებარე გზები იქნებოდა გადასაკეტი, ტრამპი კი ადგილობრივი მოსახლეობის შეწუხებას მოერიდა და სასაფლაოზე აღარ წავიდა.

რამდენად არის ეს ახსნა მისაღები ძნელი სათქმელია, თუმცა ტრამპის მხრიდან ასეთი შეცდომები მიანიშნებს, რომ მას, ჯერჯერობით მაინც, არ აქვს პოლიტიკოსისთვის აუცილებელი ალღო, რაც მას წარმოაჩენს ლიდერად და არა უბრალო პრეზიდენტად.

პოლიტიკაში ლიდერობისთვის მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს მეთაურობა და სხვა ქვეყნებისთვის სანქციების დაწესება არ არის საკმარისი. ამერიკის პრეზიდენტი უნდა პასუხობდეს შეერთებული შტატების როგორც სახელმწიფოს მოთხოვნებს და მსოფლიოს ლიდერების თვალში მას წინამძღოლად უნდა წარმოაჩენდეს. დონალდ ტრამპს ეს არ გამოსდის. დონალდ ტრამპი

საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, კვირას ტრამპმა მაინც გადაწყვიტა ვითარების სათავისოდ შემობრუნება. ის სურენში იმყოფებოდა, სადაც ასევე არის ამერიკული სასაფლაო და პირველი მსოფლიო ომის მემორიალი. გამოთქმა "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს" აქ უკვე აღარ მუშაობს - საერთაშორისო კრიტიკა კრიტიკად დარჩა, ტრამპი კი აქ სტუმრობის გამო პარიზის მშვიდობის ფორუმს გამოაკლდა.

პარიზის მშვიდობის ფორუმი და ირიბი გზავნილები დონალდ ტრამპისთვის ფორუმი საზეიმო ღონისძიებების შემდეგ გაიმართა, სადაც ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა სიტყვა წარმოთქვეს.

"ჩვენ ვიცით, რომ თუ ჩვენ ერთობლივად არ ვიმოქმედებთ, დღევანდელ გამოწვევებთან და საფრთხეებთან გამკლავებას მხოლოდ ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს. ამიტომაც არის, რომ ამ სახის თანამშრომლობას უნდა დავუჭიროთ მხარი. მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობა საერთო ღირებულებების საფუძველზე, რაც ჩაწერილია გაეროს წესდებაში: ეს არის ერთადერთი გზა წარსულის საშინელებების გადასალახად და ახალი მომავლის მოსამზადებლად" - ასეთი იყო ანგელა მერკელის გზავნილი. ანგელა მერკელი და დონალდ ტრამპი

მაკრონმა კი სიტყვაში "ნაციონალიზმის" დაბრუნება მოიხსენია ეგზისტენციალურ საფრთხედ.

ორივე მათგანის გზავნილი მიმართული იყო ამერიკის თანამედროვე პოლიტიკისკენ. ევროპელებსა და ტრამპს შორის აზრთა სხვადასხვაობის მიზეზებზე ბევრჯერ გვითქვამს, მათ შორის კი საერთაშორისო შეთანხმებებიდან გასვლა და "სავაჭრო ომის" წამოწყებაა.

ფორუმზე დონალდ ტრამპის არყოფნას შეიძლება ისევ მოუძებნოს ახსნა თეთრმა სახლმა, თუმცა კითხვები და ეჭვები მართლაც ჩნდება. მსგავს საერთაშორისო ფორუმებზე ტრამპს ხშირად აკრიტიკებენ, ასეთ ღონისძიებაზე დასწრება კი მისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ იქნებოდა.

დონალდ ტრამპი VS ემანუელ მაკრონი 2018 წლის აპრილში ემანუელ მაკრონის ვაშინგტონში სტუმრობა საკმაოდ საინტერესო იყო ყველასთვის. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ტრამპსა და მაკრონს შორის ნამდვილი მეგობრობა ჩამოყალიბდა. თუმცა შაბათს ტრამპმა მაკრონი შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და მასთან სტუმრობისას ძალიან ცივად იქცეოდა - ხელის ჩამორთმევასაც კი თაკილობდა. დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი

ამის მიზეზი კი მარკონის განცხადება გახდა ევროკავშირის არმიასთან დაკავშირებით. რუსეთთან დაპირისპირების პირობებში საჭიროა ისეთი ევროპის არსებობა, რომელიც უკეთ დაიცავს თავს, ისე რომ არ იყოს მთლიანად შეერთებულ შტატებზე დამოკიდებული - ასეთია მაკრონის სიტყვების აზრი, თუმცა ტრამპმა მაკრონი ამის გამო გააკრიტიკა:

"პრეზიდენტმა მაკრონმა ინიციატივა გამოთქვა, რომ ევროპამ საკუთარი სამხედრო ძალები შექმნას, რათა თავი დაიცვას შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთისგან. ძალიან შეურაცხმყოფელია, მაგრამ ალბათ ევროპამ ჯერ თავისი წილი უნდა გადაიხადოს ნატო-ში, რომლისთვისაც დიდ სუბსუდიებს იხდის ამერიკა" - ასეთი იყო ტრამპის "ტვიტი".

მაკრონის ადმინისტრაციამ შემდეგ ამერიკული მხარე არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა.

საერთო ფოტოს გადაღებაზე დაგვიანებით მისული ვლადიმირ პუტინი

პარიზში ჩასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე გაკეთდა განცხადებები, რომ ტრამპი და პუტინი საფრანგეთის დედაქალაქში შეხვედრას გამართავდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. ამის მიზეზი ფრანგული მხარის მოთხოვნა იყო, მათი შეხვედრა საზეიმო ღონისძიებებს არ დამთხვეოდა.

მიუხედავად ამისა, ტრამპმა და პუტინმა გამოლაპარაკება მაინც მოახერხეს. რაზე ილაპარაკეს უცნობია, თუმცა პუტინმა საუბარი დადებითად შეაფასა. ემანუელ მაკრონი, მისი მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი

ამ ღონისძიებაზე არასასრურველ სტუმრად ალბათ ტრამპის გარდა პუტინიც იყო. მაკრონისა და მერკელის განცხადებების ადრესატი ბუნებრივია ისიც იქნებოდა. დაგვიანებით მისვლით კი პუტინმა უხერხულობები აირიდა იქნებოდა ეს ხელის ჩამორთმევის მომენტები თუ სხვა (საერთო ფოტოს გადაღებისას ტრამპმა ხელი არ ან ვერ ჩამოართვა უკრაინის პრეზიდენტს, რასაც პეტრო პოროშენკოს მიმართ ხუმრობები მოჰყვა სოციალურ ქსელებში). პუტინს საკუთარი "ავტორიტეტის" ხაზგასმაც ძალიან უყვარს, დაგვიანებით კი ესეც გააკეთა.

ერთიანობის დემონსტრირება უთანხმოებების ფონზე და ბოლოს, პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სულ მცირე ევროკავშირის ერთიანობა მაინც უნდა ეჩვენებინა. შეიძლება ეს ნაწილობრივ მოხერხდა კიდეც, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უთანხმოებებიც, რაც ძირითადად საიმიგრაციო პოლიტიკას ეხება.

თუმცა, დემოკრატია გარკვეული უთანხმოებების არსებობასაც გულისხმობს... იმედია, ევროკავშირიც გადალახავს ამ უთანხმოებებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს