ქაოსი ტერეზა მეის მინისტრთა კაბინეტში - რატომ გაიწელა ბრექსიტი და გავა თუ არა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთი? - კვირის პალიტრა

ქაოსი ტერეზა მეის მინისტრთა კაბინეტში - რატომ გაიწელა ბრექსიტი და გავა თუ არა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთი?

დიდი ბრიტანეთის ისტორიაში 2016 წლის 23 ივნისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. ამ დღეს ჩატარებულ რეფერენდუმში მოსახლეობის 52%-მა ხმა მისცა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას. ამის შემდეგ დაახლოებით 2 წელი და 4 თვე გავიდა, თუმცა არათუ ევროკავშირიდან გასვლა, გასვლის პირობებზე შეთანხმებაც ვერ მოხერხდა.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რთული პერიოდი ამ ხნის განმავლობაში სწორედ ახლა დადგა პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის წინაშე. გასულ სამშაბათს, 13 ნოემბერს მან წარადგინა ე.წ. ბრექსიტის პროექტი, ანუ შეთანხმების პროექტი, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთი უნდა გავიდეს ევროკავშირიდან. ამ პროექტს მინისტრთა კაბინეტმა 14 ნოემბერს მხარი დაუჭირა, თუმცა მინისტრი Brexit-ის საკითხებში დომინიკ რააბი მეორე დღესვე გადადგა, მას მიჰყვა შეთანხმებით უკმაყოფილო კიდევ რამდენიმე მინისტრი. დომინიკ რააბი

გარდა ამისა, 15 ნოემბერს შეთანხმების პროექტით უკმაყოფილო კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოსაცხადებლად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რისთვისაც 48 დეპუტატის ხელმოწერაა აუცილებელი.

25 ნოემბერს გაიმართება ევროკავშირის სამიტი შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით. როგორი იქნება შედეგი ძნელი სათქმელია, თუმცა ახალი პროექტის მომზადებას ევროკავშირში მხარს სავარაუდოდ აღარ დაუჭერენ. ან მიიღებენ არსებულ პროექტს, ან არ მიიღებენ - ამის შემდეგ ტერეზა მეიზე იქნება დამოკიდებული, თუ რას იზამს შემდეგ.

ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს, თუ რა დიდი გამოწვევის წინაშე დადგა როგორც დიდი ბრიტანეთი, ისე პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი. ის ეწინააღმდეგება ახალი რეფერენდუმის გამართვას (ბოლო გამოკითხვები კი აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა უკვე ევროკავშირში დარჩენას უჭერს მხარს). შეთანხმების პროექტს თუ პარლამენტმაც არ დაუჭირა მხარი, მაშინ კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგება ტერეზა მეი. პარლამენტის 650 ადგილიდან მეის კონსერვატიულ პარტიას 315 ადგილი აქვს, შესაბამისად, უმრავლესობის მოპოვებისთვის პოუწევს ბრძოლა. ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი აცხადებს, რომ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს, მას კი პარლამენტში 257 დეპუტატი ჰყავს. მზარდი უკმაყოფილების ფონზე არ არის გამორიცხული შეთანხმების პროექტი საერთოდ ჩავარდეს.

ახლა მთავარი კითხვა შემდეგია: რატომ გაიწელა ბრექსიტის პროცესი და რატომ ვერ ხერხდება შეთანხმების მიღწევა?

ეს არის კითხვა, რომელსაც ალბათ რამდენიმე ტომისგან შემდგარი წიგნები მიეძღვნება მომავალში. პროცესის გაწელვა შეიძლება ტერეზა მეის უნიათობას დავაბრალოთ. მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოცამდე მინისტრი გადადგა, რაც კარგად აჩვენებს იმ ქაოსს, რაც ტერეზა მეის მთავრობაში სუფევს.

რაც ყველა მთავარია, ტერეზა მეიმ ვერ შეძლო ისეთი ადამიანების შემოკრება, რომლებიც მას მხარს დაუჭერდნენ და ერთი მიზნის - ბრექსიტის გარშემო გააერთიანებდა. მან ვერ შეძლო საერთო აზრის ჩამოყალიბება საკუთარ კაბინეტში, შესაბამისად, სხვა მხარეების დარწმუნება მით უმეტეს გაუჭირდებოდა და გაუჭირდა კიდეც.

რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა, ისევე როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა და სხვა პოლიტიკოსებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ არ სურთ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა. დონალდ ტუსკი

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა გახდება იმის ნიშანი, რომ ევროკაშირი თითქოს მოძველდა და რეფორმირებას საჭიროებს. ეს იქნება პრეცედენტი სხვა ქვეყნებისთვის, რომ ბრიტანეთს მიბაძონ და მეტი დამოუკიდებლობა მოიპოვონ. ევროკავშირში არსებული პრობლემები, პირველ რიგში კი უთანხმოება საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით კი ყველაფერს გაამწვავებს.

გარდა ამისა, ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან ამ უკანასკნელის პოლიტიკურ წონასაც შეამცირებს, ამიტომაც არის, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი Brexit-ის საკითხებში მიშელ ბარნიე მაქსიმალურად შეეცადა საბოლოო შეთანხმება მათთვის მისაღები ყოფილიყო.

რეალურად კი მივიღეთ შეთანხმების პროექტი, რომელიც უფრო მეტად ევროკავშირისთვის არის მისაღები, ვიდრე ბრიტანეთისა და ბრექსიტის მომხრეებისთვის.

რა წერია ბრექსიტის შეთანხმების პროექტში?

  • შეთანხმება უზრუნველყოფს მოქალაქეობის უფლებებს ევროკაშირის ქვეყნებში მცხოვრები ბრიტანეთის მოქალაქეებისა და ბრიტანეთში მცხოვრები ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.
  • ევროკავშირის მოქალაქეების უფლებები დიდ ბრიტანეთში, ასევე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების უფლებები ევროკავშირში დაცული იქნება;
  • ბრიტანეთის მოქალაქეები, რომელთაც ევროკავშირში ცხოვრების 5 წელი შეუსრულდებათ გარდამავალი პერიოდის დასრულებისას, უფლება მიეცემათ მუდმივად იმავე ქვეყანაში გააგრძელონ ცხოვრება. იგივე წესი გავრცელდება დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეებზე;
  • ბრიტანეთში მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის ახლო წევრებს უფლება ექნებათ მათ შეუერთდნენ;
  • დასაქმებულები და თვითდასაქმებულები იმავე უფლებებით ისარგებლებენ, რაც აქამდე ჰქონდათ
გარდამავალი პერიოდი ანუ ევროკავშირიდან გასვლის პერიოდი 21 თვით განისაზღვრა და ბოლო ვადად 2020 წლის 31 დეკემბერი დასახელდა.

  • გარდამავალი პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს, თუკი ამ საკითხზე შეთანხმებას 2020 წლის 1 ივლისამდე მიაღწევენ;
  • გარდამავალი პერიოდის შემდეგ შეიქმნება კომიტეტი, რომელსაც უხელმძღვანელებენ ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. ისინი ერთად შეადგენენ ევროკავშირიდან გასვლის საბოლოო შეთანხმებას.
  • გარდამავალი პერიოდის განმავლობაში დიდ ბრიტანეთზე გავრცელდება ევროკავშირის კანონები, რომლებიც შესულია ბრექსიტის შეთანხმებაში.
ფინანსური შეთანხმება:

  • დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის 2019 და 2020 წლების ბიუჯეტის შედგენაში ჩართული იქნება;
  • დიდი ბრიტანეთი სრულად გადაიხდის შეუსრულებელ საბიუჯეტო ვალდებულებებს 2020 წლის დასრულებამდე;
  • ევროკავშირიდან გასვლისათვის დიდ ბრიტანეთს სრულად მოუწევს 45-დან 51 მილიარდ აშშ დოლარამდე თანხის გადახდა.
  • ბრექსიტის მოლაპარაკებებში ყველაზე რთული ნაწილი ეხება საზღვარს ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიასთან:
  • ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მიაღწიონ სავაჭრო შეთანხმებას გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე 6 თვით ადრე;
  • თუ ეს ვერ მოხდება, ამოქმედდება სათადარიგო გეგმა (a backstop arrangement).
  • სათადარიგო გეგმა, რომელიც დროებითი უნდა იყოს, ევროკავშირის წევრ ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის თავისუფალი საზღვრის უზრუნველყოფას მოახდენს;
  • დიდი ბრიტანეთი ყველანაირად შეეცდება თავიდან აირიდოს თავისუფალი საზღვრის გაუქმება და 1998 წლის დიდი პარასკევის შეთანხმების ერთგული დარჩება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს